ბრძანება N 27434

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.12.2025
№ დოკუმენტი 27434
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27434

15 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- მოქალაქე ----- (პასპ/ნ ----- ) (მის.----- )

2025 წლის 21 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N 102) განიხილა ----- (პასპ/ნ ----- ) N 185958/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 5 ნოემბრის N EL299929 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია: საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალებით მეუღლესთან ერთად შემოვიდა საქართველოში. მებაჟე - ოფიცრის კითხვაზე ჰქონდა თუ არა 30 000 ლარზე მეტი ოდენობის ფული, უპასუხა, რომ აკრძალული არაფერი ჰქონდა. მებაჟე - ოფიცრის მიერ მოხდა მისი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რა დროსაც წარუდგინა მის მიერ გადაადგილებული თანხა და განუმარტა, რომ თანხა ეკუთვნოდა როგორც მას, ასევე მის მეუღლეს და ვინაიდან იგი ფეხით გადიოდა საპასპორტო კონტროლს, თანხა სრულად განათავსა საკუთარ ჩანთაში. მომჩივანი თვლის, რომ თანხა არ სცდებოდა დასაშვებ ზღვარს და განკუთვნილი იყო სამკურნალოდ, რაც არ გაითვალისწინა საბაჟო დეპარტამენტმა და დააჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 5 ნოემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში ----- მხრიდან N ----- მსუბუქი ავტომობილით შემოვიდა ----- მოქალაქე ----- (----- პ/ნ -----). საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვის დროს აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა N ----- ავტოსატრანსპორტო საშუალების და ----- კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, ასევე მისი ფიზიკური დათვალიერება, რის შედეგადაც ქურთუკის ჯიბეში და მხარზე გადაკიდებულ ხელჩანთაში აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი – 1 804 550 ---- და 200 ლარი. აღნიშნულმა თანხამ მოცემული დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა 60502.64 ლარი.

ვინაიდან ----- მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 5 ნოემბერს შედგენილ იქნა N ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- (პასპ. N -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 13-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;

ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.

კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქართველოს საბაჟო საზღვარზე 1 804 550 ----- და 200 ლარის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საგულისხმოა, რომ მომჩივანმა არასწორი ინფორმაციია მიაწოდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებით. ამასთან, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.

მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტის ბათილად ცობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----- -ის (პასპ/ნ ------ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში მსუბუქი ავტომობილით შემოვიდა უცხო ქვეყნის მოქალაქე. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების, მასში მსხდომი პირის კუთვნილი ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერება, რის შედეგადაც ქურთუკის ჯიბეში და მხარზე გადაკიდებულ ხელჩანთაში აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი. ვინაიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტს, შესაბამისად შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მოქალაქეს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება:

საგულისხმოა, რომ მომჩივანმა არასწორი ინფორმაციია მიაწოდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებით. ამასთან, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე. სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 169 (2); 13 (2);.