გადაწყვეტილება №25361/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.09.2025
№ დოკუმენტი 25361/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25361/2/2025

19 სექტემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------- -ის “ 23.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25361/2/2025).

 

დავის საგანი:

დავის განახლება ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2025 წლის №081-77 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 1 035 063 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 498 004

დღგ - 320 082

მოგების გადასახადი - 37

საშემოსავლო გადასახადი - 177 885

ჯარიმა - 245 801

საურავი - 291 258

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელმა 2019 წელს ფიზიკური პირებისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით იმ პირობით, რომ მოახდენდა არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს, მიწის ნაკვეთზე ააშენებდა მრავალსართულიან მრავალფუნქციურ სახლს, რომელშიც ფიზიკურ პირებს გადასცემდა ინდივიდუალურ ფართებს. შესამოწმებელ პერიოდში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცათ აშენებულ სახლში ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული ფართები.

ამავდროულად, აღნიშნულ კორპუსში კომერციული მიზნით გაქირავებულია ფართები და ასევე, გამოიყენება საცხოვრებლად. ზოგიერთ ფიზიკურ პირს რეალიზებული აქვს ბარტერის ფარგლებში მიღებული ფართი.

შემოწმების შედეგად, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში გაწეული ფაქტობრივი ხარჯები 10%-იანი ფასნამატით, გადასაცემი ფართის შენობის მთლიან ფართობთან შეპირისპირებით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.11.2022 წლის №30047 ბრძანება და №081-233 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11827 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 6.07.2023 წლის №19990/2/2023 გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11827 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაბრუნებულ საჩივარზე შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28525 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 22.02.2024 წლის №21532/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11827 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს 22.02.2024 წლის №21532/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებულ საჩივარზე შემოსავლების სამსახურის 25.06.2024 წლის №14942 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 8.11.2024 წლის №23483/2/2024 გადაწყვეტილებით. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს 8.11.2024 წლის №23483/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2025 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2025 წლის №7141 ბრძანება და ამავე თარიღის №081-77 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 29.05.2025 წლის №25171/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა დავების განხილვის საბჭოში წარმოადგინა საჩივარი, სადაც ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო მოითხოვს დავის განახლებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 7.06.2024 წლის №195 საჯარო გადაწყვეტილება წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას და აღნიშნულის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის გათვალისწინებით, დავა უნდა განახლდეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

მომჩივანს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 7.06.2024 წლის №195 საჯარო გადაწყვეტილება წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას და აღნიშნულის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის გათვალისწინებით, მოითხოვს დავის განახლებას და 15.04.2025 წლის №081-77 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

დავების განხილვის საბჭოს აპარატის 24.06.2025 წლის №------ წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდულ დეპარტამენტს ეთხოვა, შესაძლებლად მოკლე ვადაში წარმოედგინა ინფორმაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.05.2025 წლის №25171/2/2025 გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების და ასეთის არსებობის შემთხვევაში, დავის მიმდინარეობის ეტაპის შესახებ.

აღნიშნულის პასუხად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, დგინდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.07.2025 წლის განჩინებით (საქმე №3/327-25), კომპანიის სარჩელი მიღებულია წარმოებაში.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2025 წლის დასკვნაზე, მის საფუძველზე გამოცემულ 15.04.2025 წლის №7141 ბრძანებაზე, ამავე თარიღის №081-77 საგადასახადო მოთხოვნაზე და დავების განხილვის საბჭოს 29.05.2025 წლის №25171/2/2025 გადაწყვეტილებაზე, დავა არ დასრულებულა და სასამართლო წარმოებაშია, საბჭოს მიაჩნია, რომ მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 308-ე და 299-ე მუხლების საფუძველზე დავის განახლების თაობაზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანს მიაჩნია, რომ დავა უნდა განახლდეს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელმა 2019 წელს ფიზიკური პირებისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით იმ პირობით, რომ მოახდენდა არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს, მიწის ნაკვეთზე ააშენებდა მრავალსართულიან მრავალფუნქციურ სახლს, რომელშიც ფიზიკურ პირებს გადასცემდა ინდივიდუალურ ფართებს. შესამოწმებელ პერიოდში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცათ აშენებულ სახლში ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული ფართები.

ამავდროულად, აღნიშნულ კორპუსში კომერციული მიზნით გაქირავებულია ფართები და ასევე, გამოიყენება საცხოვრებლად. ზოგიერთ ფიზიკურ პირს რეალიზებული აქვს ბარტერის ფარგლებში მიღებული ფართი.

შემოწმების შედეგად, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში გაწეული ფაქტობრივი ხარჯები 10%-იანი ფასნამატით, გადასაცემი ფართის შენობის მთლიან ფართობთან შეპირისპირებით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 308-ე და 299-ე მუხლების საფუძველზე დავის განახლების თაობაზე.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

308(6).