გადაწყვეტილება №17698/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17698/2/2022
8.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------------ (პ/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------------- 2.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17698/2/2022).
დავის საგანი:
ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 22.05.2022 წლის № EL165206 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 23.08.2022 წლის №22041 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 1 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
22.05.2022 წლის ს.გ.პ „-----------“ კონტროლის ზონაში -------------- მხრიდან ფეხით მოსიარულეთა დარბაზში შემოვიდა მომჩივანი. აღნიშნულმა პირმა საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის არც ძვირფასეულობა. მოხდა მომჩივნის ფიზიკური დათვალიერება, ასევე მისი კუთვნილი ბარგის და ხელბარგის დათვალიერება, რის შედეგადაც მომჩივანს აღმოაჩნდა სხეულზე (ბიუსჰალტერში) დამალული არადეკლარირებული საქონელი: ოქროს ნაკეთობები (ბეჭედი და საყურები) საერთო წონით 13,78 გრ. საქონლის რაოდენობისა და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით 22.05.2022 წელს ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზით (დასკვნა №003971/2022) დადგინდა, რომ არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 1 390,4 ლარს. სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანისთვის, მომჩივანს 22.05.2022 წლის №EL165206 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.08.2022 წლის №22041 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილია, რომ საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის არც ძვირფასეულობა. ფიზიკური დათვალიერებისას კი აღმოაჩნდა სხეულზე დამალული 1 390,4 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები: 13,78 გრ. ოქროს ბეჭედი და ოქროს საყურეები. შესაბამისად, ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლისთვისაც საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
25.05.2022 წელს მომჩივანი მოდიოდა საქართველოში ავტობუსით, რომელიც გაჩერდა 10 წუთიანზე, მან ამის შემდეგ დაიწყო რელიგიისა და ტრადიციების მიხედვით ლოცვა. როდესაც ავტობუსი დაიძრა მას დაავიწყდა საკუთარი ბეჭედი და საყურე. აღნიშნული ნივთები არის მისი საქორწილო, რასაც ადასტურებს ავტობუსის მგზავრები. განმარტავს, რომ ჰყავს ოჯახი, შვილები და მოხდა გაუგებრობა, ითხოვს კუთვნილი ნივთების დაბრუნებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ.-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული არადეკლარირებული საქონლის ღირებულება (1 390,4 ლარი) აღემატება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ ღირებულებას.
მომჩივანი განმარტავს, რომ მოდიოდა საქართველოში ავტობუსით, რომელიც გაჩერდა 10 წუთით, მან ამის შემდეგ დაიწყო ლოცვა რელიგიისა და ტრადიციების მიხედვით. როდესაც ავტობუსი დაიძრა მას დაავიწყდა საკუთარი ბეჭედი და საყურე. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს კუთვნილი ნივთების დაბრუნებას.
ვინაიდან სადავო საქონელი, მისი ღირებულებიდან გამომდინარე, ექვემდებარებოდა დეკლარირებას და გაფორმებას. საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქონლის გადაადგილებას. შესაბამისად, ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება, მართებულია.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო საკითხზე საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, მის მიერ დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი (ოქროს ნაკეთობები, წონით 13,78 გრ), საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით მოაქციოს თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში, გადაიხადოს შესაბამისი გადასახადები და საფასური, ხოლო აღნიშნულის შესრულების შემდეგ, მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სადავო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.08.2022 წლის №22041 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, მის მიერ დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი (ოქროს ნაკეთობები, წონით 13,78 გრ), საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში და გადაიხადოს შესაბამისი გადასახადები და საფასური;
4. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემდეგ მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 22.05.2022 წლის №EL165206 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
5. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.