ბრძანება N 25165

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.11.2024
№ დოკუმენტი 25165
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25165

29 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 29 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №92602/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 28 სექტემბრის №EL263488 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, დადეკლარირდა წინასწარი საწყობის დეკლარაცია, ტვირთი შემოვიდა ---ს ტერმინალში. ---ის ტერმინალმა დეკლარაცია გაუშვა დერეფანში (ე.წ. დეკლარაციის ფერების შერჩევა) ვინაიდან საწყობის დეკლარაციაა, მისი დერეფანში (დეკლარაციის ფერების შერჩევა) გაშვების უფლება არ აქვს მებაჟე დეკლარანტს, ამასთან წინასწარი საწყობის დეკლარაციაში მითითებული იყო საწყობის კოდი, რომლითაც დგინდებოდა, რომ ტვირთი უნდა შესულიყო ---ტერმინალში, აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანს მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის ქმედება წარმოადგენდა ხარვეზს. კომპანიამ განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს ამასთან დაკავშირებით, ზეპირსიტყვიერადაც გავლილი იყო ეს საკითხი მებაჟე დეკლარანტთანაც, სადაც აღინიშნა, რომ ვინაიდან პროცედურა დაირღვა საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან, არ მოხდებოდა კომპანიის დაჯარიმება. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 21 სექტემბერს, შპს „---ს“ (ს/ნ ----) მიერ გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, №--- საბაჟო საწყობის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ იქნა კორეის რესპუბლიკიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო გზით №---- კონტეინერით შემოსატანი საქონელი (მედიკამენტები, სეს ესნ-ის კოდით 3004 90 00 000, საერთო საბაჟო ღირებულებით 96306.58 ლარი). აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ №---- კონტეინერი განთავსებულ იქნა ქ.----ს ქუჩაზე მდებარე, შპს „---ს“ (ს/ნ ---) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე, ხოლო 2024 წლის 26 სექტემბერს №---- კონტეინერი და მასში განთავსებული საქონელი, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების გარეშე, გატანილ იქნა შპს „---ის“ საბაჟო საწყობიდან და გამოცხადებულ იქნა ----ში მდებარე, შპს „-----ს“(ს/ნ ----) საბაჟო საწყობში, რასაც ადასტურებს შპს „---“ (ს/ნ ----) №161234/21-10-21 (27.09.2024) და №161626/21-10-21 (28.09.2024) განცხადებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2024 წლის 28 სექტემბერს გაფორმების ეკონომიკური ზონა „---ს“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი №EL263488 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „---“-ს (ს/ნ ---) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ სადავო აქტს ადრესატი გაეცნო 2024 წლის 30 სექტემბერს და ჩაითვალა ჩაბარებულად.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ან/და დროებით შენახული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, ან დროებით შენახული საქონლის, ან დროებით შემოტანილი საქონლის, აგრეთვე საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს მიერ უკან დაბრუნებული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას, რაც არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართზომიერია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო საწყობის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ იქნა კორეის რესპუბლიკიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო გზით შემოსატანი საქონელი (მედიკამენტები, სეს ესნ-ის კოდით 3004 90 00 000, საერთო საბაჟო ღირებულებით 96306.58 ლარი). კონტეინერი და მასში განთავსებული საქონელი, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების გარეშე, გატანილ იქნა საბაჟო საწყობიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 170.