ბრძანება N 14591
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14591
26.06.2023
------------ (პ/ნ ------------)
(მის: ----------------)
2023 წლის 9 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ------------ (პ/ნ ----------) №98332/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივნისის №EL211871 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივნის განმარტებით, -------- საქართველოში შემოსვლის დროს დაუზიანდა სატრანსპორტო საშუალების საწვავის ავზის მილი. საწვავი იმაზე ნაკლები ჰქონდა, ვიდრე საბაჟო დეპარტამენტმა დაუდგინა. სამართალდარღვევის ფაქტი მისთვის პირველ შემთხვევას წარმოადგენს.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 4 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----------“ კონტროლის ზონაში ------- რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ----------- (პ/ნ -----------) მართვის ქვეშ მყოფი, საქართველოში რეგისტრირებული, დატვირთული სატვირთო ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით -------------. ავტომანქანის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ გამწევზე დამონტაჟებულ საწვავის ერთ-ერთ ავზში ესხა დაახლოებით 400 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან ტექნოლოგიურად და კონსტრუქციულად არ იყო დაკავშირებული.
სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე საბაჟო გამშვები პუნქტი „-------------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 4 ივნის შედგენილ იქნა №EL211871 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 173-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად დაკავშირებულ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავის იმპორტი.
ამავე საკანონმდებლო აქტის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას.
აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საწვავის შემოტანასთან მიმართებაში შეზღუდვა დადგენილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები აზუსტებს:
5. საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული, EX/II, EX/III, FL, AT ან MEMU-ს ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც განკუთვნილია და დაშვებულია ასეთი ტვირთის გადასატანად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მიზნებისათვის ტერმინი „სტანდარტული ავზი“ ნიშნავს ავზს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა შესაძლებლობას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა როგორც გამწევი ძალის შესაქმნელად, ისე ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ 1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის ავზი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა საწვავის უწყვეტი მიწოდების შესაძლებლობას გამწევი ძალის შესაქმნელად ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის. იგი უნდა შეესაბამებოდეს სპეციფიკური ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (ზოგადი მახასიათებლები), რომლებსაც უცილობლად უნდა აკმაყოფილებდეს.
საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების საწვავის ავზში, რომელიც ქარხნულად და კონსტრუქციულად არ იყო დაკავშირებული ძრავის კვების სისტემასთან, მოთავსებული იყო დაახლოებით 400 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი.
ვინაიდან, მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული ავზი ქარხნულად და კონსტრუქციულად არ იყო დაკავშირებული ძრავის კვების სისტემასთან და მასში მოთავსებული იყო დიზელის ტიპის საწვავი, რომელიც იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლებულ საქონლად არ განიხილება და ასეთი ავზით საწვავის შემოტანაზე ვრცელდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები, შესაბამისად, ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე არადეკლარირებული საქონლის გადმოტანის ფაქტს. აღნიშნული კი წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----------- (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივანის მართვის ქვეშ მყოფი, ავტომანქანის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ გამწევზე დამონტაჟებულ საწვავის ერთ-ერთ ავზში ესხა დაახლოებით 400 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან ტექნოლოგიურად და კონსტრუქციულად არ იყო დაკავშირებული.
გადაწყვეტილება
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
302(6);173("ს");194(5გ);
საბაჟო კოდ:6;70(1);163(1);168(3);