ბრძანება N 1717

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.02.2023
№ დოკუმენტი 1717
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1717

02.02.2023

"------" (პ/ნ ------ )

(მის.:------- )

2023 წლის 11 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა "------" (პ/ნ -------- ) №"------" საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 5 იანვრის №21-10-20/53 გადაწყვეტილებას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ტელევიზორი შეძენილი აქვს 2014 წელს, რაზეც აქვს შესაბამისი გადახდის ქვითარი. ითხოვს საგადასახადო შეღავათის შესაბამისად ამანათის იმპორტისას გადასახდელი თანხის მოხსნას, იმ საფუძვლით, რომ არ აქვს გადახდის საშუალება.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 16 ნოემბერს შპს „საქართველოს ფოსტის“ (ს/ნ ---------) მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე "------"-ის სახელზე დამისამართებული, დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილის ნუსხით წარდგენილი №--------საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, რომელიც უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ შეჩერდა ღირებულების დადგენის მიზნით.

რადგან "--------" (პ/ნ --------- ) კუთვნილ საფოსტო გზავნილში მოთავსებულ საქონელზე არ იქნა წარდგენილი ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, ღირებულების დადგენის მიზნით ჩატარდა ექსპერტიზა და №-------- დასკვნის თანახმად, საქონლის (ტელევიზორი 40 "-------" ) ღირებულება განისაზღვრა 514.15 ლარით.

ვინაიდან "-------" -ის სახელზე ჩამოსულ საფოსტო გზავნილში მოთავსებული საქონლის ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღემატება 300 ლარს, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას და არ არსებობს იმპორტის გადასახდელებისაგან მისი გათავისუფლების საფუძველი.

მომჩივანმა 2022 წლის 22 დეკემბერს №"-------" განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა საფოსტო გზავნილში მოთავსებული ტელევიზორის გადაცემა დაბეგვრის გარეშე. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 5 იანვრის №21-10-20/53 გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.

ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ 2026 წლის 1 იანვრამდე დღგისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია“

დადგენილია, რომ 2022 წლის 16 ნოემბერს განხორციელდა მომჩივნის სახელზე დამისამართებული, დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილის ნუსხით წარდგენილი №"-------" საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, რომელიც შეჩერდა ღირებულების დადგენის მიზნით.

რადგან მომჩივნის მიერ საქონელზე არ იქნა წარდგენილი საქონლის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, ღირებულების დადგენის მიზნით ჩატარებული ექსპერტიზის №"-------" (17.11.2022წ.) დასკვნის თანახმად, საქონლის (მ.მ ტელევიზორი 40 "-------" ) ღირებულება განისაზღვრა 514.15 ლარით. შესაბამისად, საფოსტო გზავნილში მოთავსებული საქონლის ღირებულება აღემატება 300 ლარს და დაექვემდებარა სავალდებულო დეკლარირებას და იმპორტის გადასახდელებით დაბეგვრას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლით, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან. ვინაიდან არ არსებობს იმპორტის გადასახდელებისაგან გათავისუფლების საფუძველი, მომჩივნისთვის საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე საბაჟო დეპარტამენტის უარი მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 5 იანვრის №21-10-20/53 გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. "-------" (პ/ნ -------- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.