ბრძანება N 17806
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17806
30 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 23 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 ივლისის სხდომაზე (ოქმი №82) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ ----------) 2024 წლის 23 ივლისის №90915/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 ივლისის №023-18 საგადასახადო მოთხოვნასთან და ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივლისის №023-1930 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი ითხოვს შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმა/საურავის მოხსნას.
2. გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 ივლისის №023-1930 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 თებერვლის №2759 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 19 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 2 ივლისს №15503 ბრძანება და ამავე თარიღის №023-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 89 096 ლარი, მათ შორის, გადასახადი 53 542 ლარი, ჯარიმა 30 811 ლარი, საურავი 4 743 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა სალაროს მოძრაობის ცხრილი, შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას, გადამხდელის მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციას, ახსნა-განმარტებას, ბრუნვათა უწყისს, ბანკის ამონაწერებს და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 8 თებერვლის ბრძანებით №2432 ჩატრებულ ნაღდი ფულის ნაშთის შედეგს, რომელიც შეადგენს ნულ ლარს. სალაროს მოძრაობის ცხრილის შესაბამისად, საწარმოს შემოწმების ბოლოსთვის უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი 321 486 ლარი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (ბრუნვათა ბალანსის უწყისების) მიხედვით, ნაღდი ფულის ნაშთი 1430 ბუღალტრული ანგარიშით, ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულად შეადგენს 271 779 ლარს. შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა გაცემულ დივიდენდად დირექტორის განცხადების საფუძველზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 130-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, პირს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას, გადამხდელის მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციას, ბანკის ამონაწერებს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებ საიტიდან https://tenders.procurement.gov.ge/ ამოღებულ დოკუმენტებს. შემოწმებით, გამოვლინდა, რომ საწარმოს მიღებული ავანსები არ აქვს დაბეგრილი შესაბამის პერიოდში, ასევე მიღებული ავანსი და საბოლოო დღგის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაბეგრილი აქვს სრულად, ასევე არის შემთხვევა, როცა სატენდერო მონაცემებში და ბანკის ამონაწერში ფიქსირდება საწარმოზე თანხის გაცემა, თუმცა პირს თანხები ასახული არ აქვს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს შემოწმების გარკვეულ პერიოდში დაერიცხა გადასახადი, ხოლო გარკვეულ პერიოდში შეუმცირდა. შემოწმებით, პერიოდის ცვლილებებმა და მცირეოდენ გაზრდილმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ გამოიწვია გადასახადის დარიცხვა/შემცირება, ამავე დროს პირი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად.
გადამხდელს შემოწმებისთვის წარმოდგენილი აქვს ხანდაზმულ პერიოდში შეძენილი ქონების ნუსხა თავისი ღირებულებებით, რომელიც შეადგენს
17 027 ლარს. საწარმოს ასევე შეძენილი აქვს სხვადასხვა ძირითადი საშუალებები, რომლთა ღირებულებები შეადგენს 2021 წელს 2 864.4 ლარს, 2022 წელს 4 680.6 ლარს. პირს ქონების გადასახადი (გარდა მიწისა) დეკლარირებული აქვს 2022 წელს ნულოვანი ფორმით, ხოლო სხვა პერიოდზე წარმოდგენილი არ აქვს. როგორც ირკვევა, პირს შემოწმების პერიოდში გააჩნია ზემოაღნიშნული ქონება, თუმცა დეკლარირებას არ ახდენს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, −იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე შეფარდებული სანქცია შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შპს „----------“-ს (ს/ნ -----------) 2024 წლის 30 ივლისის მდგომარეობით უფიქსირდება ზედმეტობა 5 195,23 ლარი და აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 89 721,47 ლარი. აღნიშნული დავალიანების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე, 2024 წლის 3 ივლისის №---------- შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობი/იპოთეკის უფლება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 30 ივლისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივლისის №023-1930 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი ითხოვს შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმა/საურავის მოხსნას.
2. გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 ივლისის №023-1930 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს, შემოწმებისას არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა სალაროს მოძრაობის ცხრილი. საწარმოს შემოწმების ბოლოსთვის უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი 321 486 ლარი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ნაღდი ფულის ნაშთი 1430 ბუღალტრული ანგარიშით, ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულად შეადგენს
271 779 ლარს. შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა გაცემულ დივიდენდად დირექტორის განცხადების საფუძველზე. პირს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, ჯარიმა.
შემოწმებით, გამოვლინდა, რომ საწარმოს მიღებული ავანსები არ აქვს დაბეგრილი შესაბამის პერიოდში, ასევე მიღებული ავანსი და საბოლოო დღგის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაბეგრილი აქვს სრულად, ასევე არის შემთხვევა, როცა ფიქსირდება საწარმოზე თანხის გაცემა, თუმცა პირს თანხები ასახული არ აქვს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. საწარმოს შემოწმების გარკვეულ პერიოდში დაერიცხა გადასახადი, ხოლო გარკვეულ პერიოდში შეუმცირდა. შემოწმებით, პერიოდის ცვლილებებმა და მცირეოდენ გაზრდილმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ გამოიწვია გადასახადის დარიცხვა/შემცირება, ამავე დროს პირი დაჯარიმდა.
პირს შემოწმების პერიოდში გააჩნია ქონება, რომელის დეკლარირებას არ ახდენს. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივლისის №023-1930 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:270(1);272(1);275;8(23);238(1);265