ბრძანება N 15116
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15116
03 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2026 წლის 17 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 ივნისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2026 წლის 17 ივნისის №102940/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 20 მაისის №083-18 კორექტირებულ „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ტურისტული საწარმოს სტატუსის ფარგლებში რეალიზებული ფართის დღგ-ით დაბეგვრას. მიიჩნევს, რომ გადაანგარიშების შედეგად დარჩენილ ბინაზეც უნდა გავრცელდეს იგივე მიდგომა, რაც ოთხი ბინის შემთხვევაში. აცხადებს, რომ ოპერაციის სამართლებრივი და ეკონომიკური არსი ხუთივე ბინისთვის იდენტურია, განსხვავება მხოლოდ ფორმალურია და განპირობებულია მყიდველის ფიზიკური მიუწვდომლობით, რაც დაბეგვრის განსხვავებული შედეგის საფუძველი ვერ იქნება. ვალდებულება გამომდინარეობს თავდაპირველი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან და ავტომატურად ვრცელდება ყველა მომდევნო მფლობელზე. ყველა ბინის თავდაპირველი ნასყიდობის ხელშეკრულება შეიცავს იდენტურ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ბინის გასხვისების შემთხვევაში ახალ მყიდველზე უცვლელად გადადის ხელშეკრულებით, მართვის ხელშეკრულებითა და „საერთო სივრცეების მომსახურების პირობებით“ გათვალისწინებული უფლებამოვალეობები (მაგ.: ----თან გაფორმებული ხელშეკრულების მე-8 მუხლი). არცერთ მყიდველთან არ შეცვლილა აღნიშნული ჩანაწერი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო" ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ახალი მესაკუთრე ხელშეკრულების ძალით, ავტომატურად იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს ტურისტულ საწარმოსთან არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ხელშეკრულების ეს ჩანაწერი წარმოადგენს ვალდებულების სამართლებრივ წყაროს. შედარების აქტები და დადასტურებები, რომლებიც დანარჩენ ბინებზე იქნა წარდგენილი ამ ფაქტს მხოლოდ ადასტურებდა. ამდენად, დარჩენილ ბინაზე ვალდებულების არსებობა ცალკე დადასტურების გარეშეც დგინდება, ვინაიდან მისი წყარო თავად თავდაპირველი ხელშეკრულებაა.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტმა თავად აჩვენა, რომ მყიდველის ცალკე დადასტურება სავალდებულო არ არის. გადაანგარიშების შედეგების მიხედვით, ოთხი ბინიდან ერთ კონკრეტულ ბინაზე ახალ მყიდველთან შედარების აქტი საერთოდ არ ყოფილა წარდგენილი. დარიცხვა მოიხსნა მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ წარდგენილ იქნა ბინის ახალი მფლობელისთვის ქირის თანხის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება. ამით აუდიტის დეპარტამენტმა ცალსახად აღიარა, რომ მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობის რეალურ არსს და არა მყიდველის მხრიდან წარმოდგენილ ცალკე ფორმალურ დადასტურებას. დადასტურების ვერ მოპოვება განპირობებულია მყიდველის არარეზიდენტობით და ოპერაციის არსს არ ცვლის. დარჩენილი ბინის ახალი მფლობელი არის არარეზიდენტი, რომელიც არ იმყოფება საქართველოში. აცხადებს, რომ ბინის ტურისტული საწარმოს ფარგლებში დარჩენა საერთოდ არ არის დამოკიდებული მყიდველის ცალკე ნებაზე ან დადასტურებაზე, იგი გამომდინარეობს თავდაპირველი ხელშეკრულების უცვლელი ჩანაწერიდან.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ელექტროენერგიის ხარჯვის საფუძველზე ბინების გაქირავებულად მიჩნევას და აღნიშნულის მიხედვით განსაზღვრული სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ დავების წარმოების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გადაანგარიშების შედეგებში არ არის განხილული/შეფასებული. კერძოდ, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ძირითადი საშუალებებისა და სამშენებლო მასალების შესყიდვის დოკუმენტაცია. არ არის დასაბუთებული თუ რატომ ჩაითვალა ზემოაღნიშნული არასაკმარისად. გადამხდელი განმარტავს, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უშუალოდ ადასტურებენ ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ: სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და დასრულდა 2024 წლის დეკემბერში (მიღება-ჩაბარების აქტი); 2024 წლის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდებოდა სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის შესყიდვა, მათ შორის ლიფტის შეძენა 2024 წლის დეკემბერში; სასტუმროს რეალური ფუნქციონირება დაიწყო 2025 წლიდან, რასაც ადასტურებს მმართველ კომპანიასთან მართვის ხელშეკრულებების გაფორმება და სალარო-ტერმინალის აპარატების რეგისტრაცია. აცხადებს, რომ არაპირდაპირი მეთოდი დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირდაპირი დოკუმენტაცია არ არსებობს. განსახილველ შემთხვევაში პირდაპირი დოკუმენტაცია არსებობს და იგი პირდაპირ ეწინააღმდეგება აუდიტორის დასკვნას. აგრეთვე, აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ხარჯვა არ არის გაქირავების უტყუარი მტკიცებულება. მოხმარებას აქვს არაერთი თანაბრად დასაშვები ახსნასარემონტო/სამშენებლო სამუშაოები, ბინის კონსერვაცია (ტენიანობის კონტროლი, გათბობა/კონდიცირება), დაცვა, ტექნიკური მომსახურება ან დასუფთავება. ამ პირობებში მხოლოდ მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით ბინის ავტომატურად „გაქირავებულად“ დადგენა მტკიცებულებით დაუსაბუთებელია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 მარტის №6128 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 მარტის №6128 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 30 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 83 728,75 ლარი, მათ შორის: გადასახადი 55 742 ლარი, ჯარიმა 27 986,75 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 20 მაისის №083-18 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ყოველმხრივ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის დავების წარმოების ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, ტურისტული საწარმოს სტატუსის ფარგლებში რეალიზებული ფართების დღგ-ით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა შედარების აქტები რეალიზებული ბინების ახალ მყიდველებთან, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ იყვნენ ინფორმირებულები ტურისტული საწარმოს სტატუსის ფარგლებში ბინის შპს „---თვის“ მართვაში გადაცემის საკითხთან დაკავშირებით, რაც რიგ შემთხვევებში ასევე დასტურდებოდა საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით. გარდა აღნიშნულისა, ერთ კონკრეტულ ბინასთან დაკავშირებით არ იქნა მოწოდებული შედარების აქტი ახალ მყიდველთან, თუმცა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ქირის თანხის ბინის ახალი მფლობელისათვის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნულ საკითხში საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება). რაც შეეხება, დანარჩენ გასაჩივრებულ საკითხებს, გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დამატებით გამოიწვევდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო დავალიანების შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე, საგადასახადო შემოწმებამ, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შეისწავლა ტურისტული საწარმოს სტატუსის ფარგლებში რეალიზებული ფართების დღგ-ით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, შედარების აქტები რეალიზებული ბინების ახალ მყიდველებთან, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ იყვნენ ინფორმირებულები ტურისტული საწარმოს სტატუსის ფარგლებში ბინის შპს „---თვის“ მართვაში გადაცემის საკითხთან დაკავშირებით, რაც რიგ შემთხვევებში ასევე დასტურდებოდა საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით. გარდა აღნიშნულისა, ერთ კონკრეტულ ბინასთან დაკავშირებით არ იქნა წარდგენილი შედარების აქტი ახალ მყიდველთან, თუმცა წარმდგენილ იქნა ქირის თანხის ბინის ახალი მფლობელისათვის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება. აღიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების შედეგად, შემოწმების მიერ განხორციელდა ოთხ რეალიზებულ ფართთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციასთან, ტურისტული საწარმოს სტატუსის ფარგლებში გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი ერთი რეალიზებული ფართის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნულ ფართთან დაკავშირებით არანაირი დოკუმენტაცია არ ყოფილა წარდგენილი, მათ შორის, არც ბინის ქირის თანხის ახალი მყიდველისათვის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება და არც შედარების აქტი ახალ მყიდველთან, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ახალი მყიდველი ინფორმირებული იყო ტურისტული საწარმოს სტატუსის ფარგლებში ბინის შპს „---თვის“ მართვაში გადაცემის საკითხთან დაკავშირებით. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ელექტროენერგიის ხარჯვის საფუძველზე ბინების გაქირავებულად მიჩნევასთან და აღნიშნულის მიხედვით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა წარდგენილი ისეთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც განხორციელდებოდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმებამ აღნიშნული საკითხის შესწავლის დროს დაადგინა მაღალი მოცულობით ელექტროენერგიის ხარჯვა, კერძოდ, რეალიზებულ ბინებში ფიქსირდებოდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უწყვეტად ელ. ენერგიის ხარჯვა, რამაც აუდიტს მისცა საფუძველი, რომ საწარმოს მიერ კორპუსის ექსპლუატაციად მიჩნეულ ვადამდეც მიმდინარეობდა ბინების ექსპლუატაცია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გათვალისწინებულ იქნა ბინების სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო თვეების რაოდენობა და ელ. ენერგიის ხარჯვის პირველი თვეები მიჩნეულ იქნა საჭირო სარემონტო ხარჯად. ასევე, სრულად იქნა გათვალისწინებული ბინის მესაკუთრის პირად სარგებლობაში გამოსაყენებლად დაშვებული პერიოდის მაქსიმალური ვადა (2-2 თვე თითო წლის განმავლობაში). რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის პოზიციას, რომ ელ. ენერგიის ხარჯვა შეიძლება გამოყენებულიყო სხვა ბინების რემონტისთვის, აღნიშნულ პოზიციას აუდიტის დეპარტამენტი არ იზიარებს, ვინაიდან შპს „---ის“ საკუთრებაში არსებულ ბინებშიც ფიქსირდება ელ. ენერგიის ხარჯვა, რომლებიც შესაძლებელი იყო აღნიშნული მიზნით გამოყენებულიყო.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ტურისტული საწარმოს სტატუსის ფარგლებში რეალიზებული ფართის დღგ-ით დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ელექტროენერგიის ხარჯვის საფუძველზე ბინების გაქირავებულად მიჩნევას და აღნიშნულის მიხედვით განსაზღვრული სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ყოველმხრივ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის დავების წარმოების ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, ტურისტული საწარმოს სტატუსის ფარგლებში რეალიზებული ფართების დღგ-ით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა შედარების აქტები რეალიზებული ბინების ახალ მყიდველებთან, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ იყვნენ ინფორმირებულები ტურისტული საწარმოს სტატუსის ფარგლებში ბინის მართვაში გადაცემის საკითხთან დაკავშირებით, რაც რიგ შემთხვევებში ასევე დასტურდებოდა საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით. გარდა აღნიშნულისა, ერთ კონკრეტულ ბინასთან დაკავშირებით არ იქნა მოწოდებული შედარების აქტი ახალ მყიდველთან, თუმცა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ქირის თანხის ბინის ახალი მფლობელისათვის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნულ საკითხში საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება). რაც შეეხება, დანარჩენ გასაჩივრებულ საკითხებს, გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დამატებით გამოიწვევდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო დავალიანების შემცირებას.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.