ბრძანება N 16777

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.07.2026
№ დოკუმენტი 16777
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16777

23 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ----- (პ/ნ ----- ) (მის.: ----- )

2026 წლის 22 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 ივლისისა (ოქმი N 60) და 10 ივლისის (ოქმი N 61) სხდომებზე განიხილა ფ/პ ----- (პ/ნ ----- ) 2026 წლის 22 ივნისის N 103005/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 20 მაისის N 022-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, დარიცხულ დღგ-ს 25 066 ლარის ოდენობით და გამოთქვამს მზაობას გადახდასთან დაკავშირებით. თუმცა, დაკისრებული ჯარიმის ნაწილში განმარტავს, რომ ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 2008 წლის 9 იანვარს, ხოლო 2023 წლის 30 მარტიდან მინიჭებული ჰქონდა მცირე ბიზნესის სტატუსი. იგი ოპერირებდა სწრაფი კვების ობიექტის (საშაურმე) სახით, საკუთარ საოჯახო შენობაში. 2025 წლის 5 მარტიდან ფაქტობრივად შეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა.

ბიზნესის ლიკვიდაციის/შეწყვეტის პროცესში, მომჩივანმა მის საკუთრებაში არსებული მატერიალური მარაგები, რომელიც აუცილებელი იყო საშაურმეს ფუნქციონირებისათვის, კანონის სრული დაცვით (სასაქონლო ზედნადებების გამოწერით) გადაუფორმა/მიჰყიდა შპს-ს, რომლის ერთ - ერთი დამფუძნებელიც არის მისი მეუღლე. აღნიშნულმა ოპერაციებმა შეადგინა 2025 წლის 23 დეკემბერს 120 560 ლარი და 2026 წლის იანვარში - 30 600 ლარი.

მომჩივანი მიუთითებს კეთილსინდისიერების პრინციპზე და აღნიშნავს, რომ ოპერაცია მიზნად არ ისახავდა გადასახადებისგან თავის არიდებას.

ამდენად, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლდეს საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 თებერვლის N 3527 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ----- (პ/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 19 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 20 მაისის N 11162 ბრძანება და ამავე თარიღის N 022- 13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 35 054 ლარი, მათ შორის, გადასახადი 25 066 ლარი, ჯარიმა 8 239 ლარი, საურავი 1 749 ლარი. საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო 2026 წლის 31 მაისს.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

ფიზიკური პირი ----- (პ/ნ ----- ) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კვების პროდუქტების წარმოება. საქმიანობის განხორციელების მისამართია -----. მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 2023 წლის პირველი აპრილიდან. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის სახელზე რეგისტრირებული აქვს სალარო აპარატები და პოს-ტერმინალები. შემოწმების დროს დამუშავებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერები, რომელთა შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 2025 წლის 16 თებერვალს. 2025 წლის 16 თებერვლიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებული იქნა პოს-ტერმინალების, სალარო აპარატების, საბანკო ამონაწერების, გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების შესწავლის საფუძველზე და დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 164 794 ლარი. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი 25 066 ლარის ოდენობით და ამავე კოდექსის 282- ე მუხლის მიხედვით ჯარიმა 8 239 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნული თარიღის შემდეგ მიღებული აქვს ელექტრონული ანგარიშ - ფაქტურები, რომლებიც მის მიერ არ არის ჩათვლილი. შემოწმების პროცესში გათვალისწინებული იქნა ზემოაღნიშნული ანგარიშ - ფაქტურები ჩასათვლელი თანხის გაანგარიშებაში, რამაც ჯამში შეადგინა 4 595 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ ----- (პ/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლდეს საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურმა შეისწავლა მომჩივანის საქმიანობის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. შედეგად გამოიცა შესაბამისი აქტი, ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც პირს დაეკისრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება.

 

გადაწყვეტილება:

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282; 269(7);.