გადაწყვეტილება №25107/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.06.2025
№ დოკუმენტი 25107/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25107/2/2025

02 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს “-------”-ის 23.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25107/2/2025).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით შეფარდებული სანქციის მართლზომიერება;

2. შეცდომით დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინება;

3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის სისწორე;

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №085-29 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.04.2025 წლის №6762 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 104 909,79 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 55 882

ჯარიმა - 27 483.50

საურავი - 21 544,29

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 დეკემბრის №25772 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის ივლისის, სექტემბრის, 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით.

შემოწმების შედეგები აისახა 19.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №26781 ბრძანება და ამავე თარიღის №085-29 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.02.2025 წლის №2111 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 7.03.2025 წლის №24795/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა დაბრუნებული საჩივარი 8.04.2025 წლის №6762 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ:

ა) მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება);

გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 8.04.2025 წლის №6762 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით შეფარდებული სანქციის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, კომპანიას წარდგენილი აქვს 2022 წლის ივლისის, სექტემბრის, 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციები, რომელთა მიხედვით 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად შეადგენს 257 456 ლარს. აღნიშნულ საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი და მიღებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტების შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს დოკუმენტები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები), რომლებიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე, 270-ე, 275-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხოლო მომჩივნის მოთხოვნა გამოყენებულ იქნეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული ჯარიმა გამოიყენება საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ამდენად, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები და შესაბამისი სანქცია განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2022 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე შემოწმებით დადგენილი ბრუნვა შეცდომით აქვს დეკლარირებული და შესაბამისი გადასახადი გადახდილი აქვს აგვისტოს თვეში. ივლისის თვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია აგვისტოში და აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციაში შეცდომით არის ასახული.

შემოწმებით შესაძლებელი იყო შესამოწმებელი პერიოდის კორექტირება, რომლის შემდეგ კომპანიას არ დაერიცხებოდა გადასახადი. საწარმოს მიერ დაზუსტდა 2022 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაცია, შესაბამისად, გადამხდელს ამჟამად ერიცხება მხოლოდ ჯარიმა 10 810 ლარი. ითხოვს ჯარიმისგან სრულად გათავისუფლებას ან 10%-იანი ჯარიმის გამოყენებას, პერიოდის ცვლილებისთვის.

შემოწმების აქტის გამოცემის შემდეგ, გადასახადის გადამხდელმა დააზუსტა 2022 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაცია, სადაც შეიმცირა 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პირველად დეკლარაციაში სრულად არის ასახული როგორც 2022 წლის ივლისის, ისე აგვისტოს თვეებში გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 146 447 ლარს (დღგ 26 360 ლარი), ხოლო დაზუსტებულ დეკლარაციაში 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვის გრაფაში ასახულია 26 336 ლარი (დღგ 4 740 ლარი). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით განხორციელდა 2022 წლის ივლისში გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის დაბეგვრა ამავე საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ 2022 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-75 ------, ღირებულებით 141 732 ლარი (დღგ 21 620 ლარი)), რომელიც გადასახადის გადამხდელმა ასახა 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის პირველად დეკლარაციაში. შემოწმების აქტის გამოცემის შემდეგ, გადასახადის გადამხდელმა დააზუსტა 2022 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაცია, სადაც შეიმცირა 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პირველად დეკლარაციაში სრულად არის ასახული როგორც 2022 წლის ივლისის, ისე აგვისტოს თვეებში გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 146 447 ლარს (დღგ 26 360 ლარი), ხოლო დაზუსტებულ დეკლარაციაში 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვის გრაფაში ასახულია 26 336 ლარი (დღგ 4 740 ლარი). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით განხორციელდა 2022 წლის ივლისში გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის დაბეგვრა ამავე საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა როგორც გადასახადი, ისე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა (50%).

მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2022 წლის ივლისის თვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია 2022 წლის აგვისტოში და აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციაში შეცდომით არის ასახული. განხორციელებული შემოწმების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული აღნიშნული საკითხი, რამაც გამოიწვია გადასახადის არასწორად განსაზღვრა. ხოლო სანქციის სახით ნაცვლად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილისა უნდა გავრცელდეს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა პერიოდის ცვლილების გამო.

მომჩივნის არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სადავო საკითხი და თუ დასტურდება, რომ შემდგომ პერიოდში, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 დეკემბრის №25772 ბრძანების გამოცემამდე, მომჩივნის მიერ იგივე თანხებია დაბეგრილი, რაზეც გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მომჩივანს, ნაცვლად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმისა, შეეფარდოს ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

 

2. შეცდომით დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინება

ფაქტების აღწერა

2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-76 ------ ღირებულებით 212 619 ლარი (დღგ - 32 433)). მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 154 211 ლარს. აღნიშნულ ბრუნვაზე საგადასახადო დოკუმენტების გამოწერა არ ფიქსირდება, შესაბამისად, წარმოადგენს არადოკუმენტურ ბრუნვას. ამასთან, შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა დეკლარირებულ (არადოკუმენტური-154 211 ლარი) ბრუნვასთან დაკავშირებით განმარტება, თუმცა მომჩივნის მიერ ვერ/არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული არადოკუმენტური ბრუნვისა და 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების დაბეგვრა ჯამურად (154 211 + 180 186=334 397ლარი) შესაბამის საანგარიშო პერიოდში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მე-2 და მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებზე.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან სრულად გათავისუფლებას.

 

3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის სისწორე

ფაქტების აღწერა

დარიცხვის საფუძვლები მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 180- ე, 69-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმებამ შეისწავლა 2022 წლის ივლისის, სექტემბრის, 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბრის საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი და მიღებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. შედეგად, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს დოკუმენტები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები), რომლებიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან სრულად გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი მე-2 და მე-3 სადავო საკითხის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

შემოსავლების სამსახურის 8.04.2025 წლის №6762 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მე-2 და მე-3 სადავო საკითხის ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №085-29 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა ჯარიმა 27 483,50 ლარი და საურავი 21 544,29 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. ამდენად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიზანი არაა გადასახადებისგან თავის არიდება, თანხის დარიცხვა გამოწვეულია ტექნიკური შეცდომით და არცოდნით, აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, მაგრამ მიაჩნია, რომ აღნიშნული გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით, კერძოდ დარიცხვა გამოწვეულია ტექნიკური შეცდომით და არცოდნით. აღნიშნული არ წარმოადგენს კომპანიისთვის საპატიო გარემოებას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების არაჯეროვნად შესრულებისთვის.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 8.04.2025 წლის №6762 ბრძანება;

3. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სადავო საკითხი და თუ დასტურდება, რომ შემდგომ პერიოდში, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 დეკემბრის №25772 ბრძანების გამოცემამდე, მომჩივნის მიერ იგივე თანხებია დაბეგრილი, რაზეც გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მომჩივანს, ნაცვლად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმისა, შეეფარდოს ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა;

4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით შეფარდებული სანქციის მართლზომიერება;

2. შეცდომით დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინება;

3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის სისწორე;

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ 2022 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც გადასახადის გადამხდელმა ასახა 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის პირველად დეკლარაციაში. შემოწმების აქტის გამოცემის შემდეგ, გადასახადის გადამხდელმა დააზუსტა 2022 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაცია, სადაც შეიმცირა 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პირველად დეკლარაციაში სრულად არის ასახული როგორც 2022 წლის ივლისის, ისე აგვისტოს თვეებში გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 146 447 ლარს (დღგ 26 360 ლარი), ხოლო დაზუსტებულ დეკლარაციაში 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვის გრაფაში ასახულია 26 336 ლარი (დღგ 4 740 ლარი). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით განხორციელდა 2022 წლის ივლისში გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის დაბეგვრა ამავე საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა როგორც გადასახადი, ისე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა (50%).

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სადავო საკითხი და თუ დასტურდება, რომ შემდგომ პერიოდში, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 დეკემბრის №25772 ბრძანების გამოცემამდე, მომჩივნის მიერ იგივე თანხებია დაბეგრილი, რაზეც გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მომჩივანს, ნაცვლად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმისა, შეეფარდოს ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა;

მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269; 275.