გადაწყვეტილება №104150/1/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№104150/1/2026
14 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ---------ი (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -------ის 20.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №104150/1/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28.05.2026 წლის №27383/2/2026 (რეგ. 3.06.2026 წელი; №---) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 ივლისის №002-131 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 138 046.79 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 102 522.59
დღგ - 26 935.35
საშემოსავლო გადასახადი - 75 587.24
ჯარიმა - 21 937.73
საურავი - 13 586.47
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლით ვაჭრობა ------ ტერიტორიაზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22440 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2024 წლის 8 ივლისის №16119 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 13 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის №16119 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, 2024 წლის 23 ივლისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი,რომლითაც გამოვლინდა 374 200 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ების დანაკლისი. აღნიშნული დანაკლისით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები მომჩივანს არ აქვს შესრულებული. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში არ აქვს ასახული დანაკლისი ერთობლივ შემოსავალში. ამასთან, აღნიშნულიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, რადგან დანაკლისი მისი აღმოჩენის მომენტიდან ითვლება საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე, 164-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, ვინაიდან დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ღირებულებით განხორციელებულ მიწოდებად, საგადასახადო კოდექსის მე-80, მე-100 და 102-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ნოემბრის №25665 ბრძანება და №002-167 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 239 264.71 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 17 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 14 მაისის №10770 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 მაისის №10770 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2026 წლის დასკვნა, 23.07.2026 წლის №16741 ბრძანება და №002-130 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 76 890 ლარით.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 მაისის №10770 ბრძანება 20.05.2026 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 28.05.2026 წლის №27383/2/2026 (რეგ. 3.06.2026 წელი; №---) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარატამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის სმფ-ის ნაშთზე, იმპორტის დეკლარაციის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლა) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 28.05.2026 წლის №27383/2/2026 (რეგ. 3.06.2026 წელი; №----) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2026 წლის დასკვნა, 24.07.2026 წლის №16828 ბრძანება და №002-131 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 30 146 ლარით.
აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 ივლისის №002-131 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საკითხთა ურთიერთდამოკიდებულების გამო დღგ-ის ჩათვლა და მისგან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადის კორექცია ერთმანეთისგან განუყოფელია. შესაბამისად, ითხოვს ორივე საჩივარი ერთად და ურთიერთმიმართებით იქნას განხილული.
მომჩივანი ეთანხმება ვალდებულების იმ ნაწილს, რომელიც კორექტირებით სწორად განისაზღვრა. ამავე დროს მიიჩნევს, რომ აღსრულება სამ საკითხში არასრული ან მცდარია, რის გამოც ამ ნაწილში ასაჩივრებს კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებს.
სადავო საკითხები:
1. დანაკლისის საქონელზე (ინვენტარიზაციის ოქმის --) იმპორტისას გადახდილი დღგ არ იქნა ჩათვლილი და ამის შედეგად არ განხორციელდა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის კორექცია.
2. გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში საშემოსავლო გადასახადის ძირითად თანხად მითითებული 75 587.24 ლარი არ შეესაბამება გადაანგარიშების დასკვნით დადგენილ ნაშთს (12 164 ლარი).
3. დაკისრებული ჯარიმა ექვემდებარება სრულ გაუქმებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
სამართლებრივი დასაბუთება:
1. დანაკლისის საქონლის იმპორტის დღგ ექვემდებარება ჩათვლას. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციისთვისაა გამიზნული ან გამოყენებული, დასაბეგრ პირს უფლება აქვს, ჩაითვალოს იმპორტისას გადახდილი გადასახადი, ხოლო 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ჩათვლის საფუძველი იმპორტის დეკლარაციაა.
განსახილველ საქმეში დანაკლისი სწორედ დასაბეგრ ოპერაციად - მიწოდებად - იქნა კვალიფიცირებული. სწორედ ამ საფუძველზე დაერიცხა მომჩივანს გამავალი დღგ 57 081 ლარი. ვინაიდან იმავე საქონელზე იმპორტისას გადახდილია საბაჟო დღგ, რასაც საბაჟო დეკლარაციები ადასტურებს, ამ საქონლის შემავალი დღგ ჩათვლას ექვემდებარება. ამასთან, დავების განხილვის საბჭომ 2026 წლის 28 მაისის №27383/2/2026 გადაწყვეტილებით უკვე დაადგინა, რომ სამწლიანი ხანდაზმულობა იმპორტის დეკლარაციით ჩათვლას არ ზღუდავს და რომ ჩათვლის უფლება რეგისტრაციის მომენტში წარმოიშობა.
შემოსავლების სამსახურის მოქმედი მიდგომით, დანაკლისის საქონლის საბაჟო დღგ საქონლის თვითღირებულების ნაწილია (----ის 256 302 ლარში) და საშემოსავლო გადასახადში იქვითება 20 პროცენტით. მომჩივანი მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა მცდარია და დღგ ჩათვლის მექანიზმით უნდა აღდგეს. ამის საფუძველია შემდეგი გარემოებები:
1. რეგისტრაცია ცვლის საბაჟო დღგ-ის სამართლებრივ ბუნებას. სანამ პირი რეგისტრირებული არ იყო, საბაჟო დღგ-ს ვერ ითვლიდა, ამიტომ ის საქონლის ღირებულებაში ჯდებოდა. შემოწმებამ კი მომჩივანი დანაკლისის თარიღიდან, უკუქცევითად, დღგ-ის გადამხდელად დაარეგისტრირა. რეგისტრაციას საბაჟო დღგ ხარჯის რეჟიმიდან ჩათვლის რეჟიმში გადაჰყავს: იგი აღარ არის აუნაზღაურებელი ხარჯი, არამედ ჩასათვლელი შემავალი გადასახადი. პირის რეგისტრირებულ გადამხდელად მიჩნევა და ამავე დროს საბაჟო დღგ-ის ხარჯად შენარჩუნება ურთიერთგამომრიცხავია.
2. თანასწორობა. აუდიტის დეპარტამენტმა ფაქტობრივ ნაშთზე (---) იმპორტის დღგ უკვე ჩათვალა (30 146 ლარი). დანაკლისის საქონელი (--) იმავე ტიპის იმპორტირებული საქონელია, იმავე საბაჟოზე გადახდილი დღგ-ით. მეტიც,---ის საქონელი უკვე მიწოდებულად იქნა მიჩნეული, რაც ჩათვლის კიდევ უფრო მტკიცე საფუძველია.
2. საშემოსავლო გადასახადის თანხის სისწორე.
დანაკლისის დასაბეგრი ბაზა, დღგ-ის გამოკლებით, 317 119 ლარია. მოქმედი კორექციით - თვითღირებულების (256 302 ლარი) გამოქვითვის შემდეგ - საშემოსავლო გადასახადი 12 164 ლარს შეადგენს, რაც ზუსტად ემთხვევა გადაანგარიშების დასკვნის ცხრილში ასახულ ნაშთს. თუმცა, გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში საშემოსავლო გადასახადის ძირითად თანხად მითითებულია 75 587 ლარი, რაც არც აქტს და არც კორექტირებულ თანხას შეესაბამება. მომჩივანი ითხოვს ამ ნაწილში ვალდებულების დასკვნის შესაბამის ნაშთამდე მოყვანას. ხოლო პირველი მოთხოვნის (დანაკლისის დღგის ჩათვლა) დაკმაყოფილების შემთხვევაში, საშემოსავლო გადასახადი 19 983 ლარით განისაზღვრება.
3. ჯარიმა ექვემდებარება გაუქმებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის №9021 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლებას პირდაპირ ავრცელებს 275-ე და 282-ე მუხლების ჯარიმებზეც.
მომჩივანი მცირემასშტაბიანი, კეთილსინდისიერი მეწარმეა. დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშვა ისეთი ბრუნვიდან, რომლის რეალურ დროში დათვლა მას ობიექტურად არ შეეძლო — იგი დაახლოებით სამი წლის შემდეგ, არაპირდაპირი მეთოდით დადგინდა. განსაკუთრებით უსამართლოა 282-ე მუხლის ჯარიმა (15 856 ლარი): თავად გვიანი რეგისტრაციის ვალდებულება რეალურ დროში შეუცნობი იყო. ამასთან, დღგ-ის ჩათვლის შემდეგ ძირითადი დღგ მინიმალურია (ბიუჯეტიდან ასანაზღაურებელი), რის ფონზეც 15 856 ლარის ჯარიმა აშკარად არაპროპორციულია.
მოთხოვნა:
ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს:
1.ბათილად იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 20 ივლისის გადაანგარიშების დასკვნა (დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში) და მის საფუძველზე გამოცემული 2026 წლის 24 ივლისის №16828 ბრძანება და №002-131 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
2.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის ხელახალი შესწავლა, ცალკეული ხარვეზების შესწორება და ამის შემდგომ დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება.
3.იმსჯელოს შემოსავლების სამსახურმა დანაკლისის საქონელზე იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის საკითხზე და დაავალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ჩათვლის განხორციელება საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე.
4.იმსჯელოს შემოსავლების სამსახურმა დღგ-ის ჩათვლის კავშირზე საშემოსავლო გადასახადის ბაზასთან - ვინაიდან ჩათვლილი დღგ თვითღირებულებიდან ამოვარდება - და დაავალოს აუდიტის დეპარტამენტს ორივე გადასახადის კოორდინირებული, ურთიერთდაკავშირებული გადაანგარიშება.
5.საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა/საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭოს 28.05.2026 წლის №27383/2/2026 (რეგ. 3.06.2026 წელი; №---) გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარატამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის სმფ-ის ნაშთზე, იმპორტის დეკლარაციის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლა) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად:
1. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 მაისის №10770 ბრძანების საფუძველზე, მოხდა საკითხის შესწავლა და დარიცხული თანხის გადაანგარიშება. შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი 51 260 ლარით, ხოლო ჯარიმა - 25 630 ლარით.
2. დღგ-ის ნაწილში, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ დააკორექტირა დღგ-ის ჩათვლის თანხა და გადასახადის გადამხდელს დღგ-ის რეგისტრაციის მომენტში ნაშთად არსებულ იმპორტირებულ საქონელზე მიეცა ჩათვლის უფლება.
დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული გადასახადი 30 146 ლარით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ორგანომ დააკორექტირა დღგ-ის ჩათვლის თანხა და ინვენტარიზაციის მომენტში ნაშთად არსებულ იმპორტირებულ საქონელზე, რომელიც დაიდენტიფიცირებულია ასეთად, შესაბამისი საბაჟო დეკლარაციის ნომრით მიეცა ჩათვლის უფლება. რაც შეეხება დანაკლისის რეალიზაციაზე დღგ-ის არ ჩათვლას, გადასახადის გადამხდელს გარდა საბაჟოთი შემოტანილი საქონლისა, ასევე აქვს ადგილობრივი შეძენებიც, მათ შორის, ხანდაზმული. აღნიშნულის დაიდენტიფიცირება დანაკლისით რეალიზებულ საქონელში თუ რა წილი ეკავა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მასზე ჩათვლა არ არის გათვალისწინებული შემოწმების პროცესში.
ამასთან, მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) დავების განხილვის საბჭოს 28.05.2026 წლის №27383/2/2026 (რეგ. 3.06.2026 წელი; №---) გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №27383/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №22440 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება №16119 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №16119 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი,რომლითაც გამოვლინდა 374 200 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ების დანაკლისი. აღნიშნული დანაკლისით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები მომჩივანს არ აქვს შესრულებული. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში არ აქვს ასახული დანაკლისი ერთობლივ შემოსავალში. ამასთან, აღნიშნულიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, რადგან დანაკლისი მისი აღმოჩენის მომენტიდან ითვლება საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე, 164-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.ამასთან, ვინაიდან დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ღირებულებით განხორციელებულ მიწოდებად, საგადასახადო კოდექსის მე-80, მე-100 და 102-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №25665 ბრძანება და №002-167 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 239 264.71 ლარი.აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №10770 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. კერძოდ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის №10770 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №16741 ბრძანება და №002-130 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 76 890 ლარით.
შემოსავლების სამსახურის №10770 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც №27383/2/2026 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.კერძოდ, დაევალა აუდიტის დეპარატამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის სმფ-ის ნაშთზე, იმპორტის დეკლარაციის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლა) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დავების განხილვის საბჭოს №27383/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, 24.07.2026 წლის №16828 ბრძანება და №002-131 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 30 146 ლარით.
აუდიტის დეპარტამენტის №002-131 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);