გადაწყეტილება №20700/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.01.2024
№ დოკუმენტი 20700/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20700/2/2023

26 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 29.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20700/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12811 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №063-2 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19723 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 158 426 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 82 990

დღგ - 6 841

საშემოსავლო გადასახადი - 76 149

ჯარიმა - 41 495

საურავი - 33 941

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 16.11.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს 2020 წლიდან რეალიზებული აქვს სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი საქონელი, რომლის მიწოდებაც გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაიწყო შპს „----------“ ხელმძღვანელი პირების მიერ ფალსიფიკაციის ფაქტზე. საქმეზე მოპოვებული ინფორმაციის და ჩატარებული გამოძიების თანახმად, შპს „---------“ მიერ წარმოებული პროდუქციის შემადგენლობა არ შეესაბამება ეტიკეტებზე მითითებულ მონაცემებს. კომპანიის მიერ წარმოებული სადეზინფექციო ხსნარის ეტიკეტზე მითითებულია სპირტის შემცველობა არანაკლებ 75%, ხოლო რეალურად შპს „---------“ ხელმძღვანელი პირები, უფრო მეტი შემოსავლის მიღების მიზნით ხსნარის საერთო მოცულობაში ურევენ ნაკლები ოდენობის სპირტს და სითხის მოცულობის გაზრდის მიზნით ზავდება გამოხდილ წყალში. აღნიშნული სახით წარმოებული ხსნარი შეიცავს ეტიკეტზე მითითებული სპირტის ნაზავის საგრძნობლად ნაკლებ პროცენტულობას.

საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შესყიდულ იქნა სადეზინფექციო ხსნარი და ჩაუტარდა ექსპერტიზა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დადგინდა, რომ ექსპერტიზისთვის გამოსაკვლევად გადაცემული სადეზინფექციო ხსნარებში ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს საშუალოდ 64%-ს. გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა დადგენილი წესის შესაბამისად, დარღვეული აქვს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები. აგრეთვე მიმდინარე კონტროლის ღონისძიების განხორციელებისას გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისი, რის საფუძველზეც საწარმო დაჯარიმებულია საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიხედვით, გაანგარიშდა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული სადეზინფექციო ხსნარის მოცულობები, სადაც გათვალისწინებულ იქნა ექსპერტიზის მიერ დადგენილი სპირტიანობის პროცენტული მაჩვენებელი.

შემოწმებისას ჩატარებული ანალიზის საფუძველზე წარმოებული სადეზინფექციო ხსნარის მოცულობა აღემატება გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის მოცულობას. შემოწმებისას აგრეთვე განხორციელდა ანალიზი დამხმარე მასალების რაოდენობრივ მოძრაობასთან დაკავშირებით. საწყისი, შეძენილი და საბოლოო ნაშთის გათვალისწინებით წარმოებაში გამოყენებული დამხმარე მასალები აღემატება იმავე სახეობის დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის რაოდენობას. კერძოდ, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 10 950 ცალი 100 გრამიანი ბოთლი, რეალიზებული აქვს 780 ცალი, ხოლო საბოლოო ნაშთად უფიქსირდება 2 059 ცალი. ამდენად, შემოწმებით დადგენილი სპირტის სხვაობა დამატებით ჩართული იქნა წარმოებაში და ჩაითვალა რეალიზებულად 100 გრამიანი შეფუთვით. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა.

ასევე, დამატებით ნაწარმოები სადეზინფექციო ხსნარის რეალიზაციის დროს მიღებული შემოსავლით გაიზარდა მიღებული/მისაღები შემოსავლები და დადგენილი ფულის ნაშთი განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 27.12.2021 წლის №40962 ბრძანება და №007-556 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12811 ბრძანებით, საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ფულის ნაშთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12811 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2023 წლის 2 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 6.02.2023 წლის №1925 ბრძანება და №063-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის 19723 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, მიუთითა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საჩივარზე დართული დოკუმენტაცია და დადგინდა, რომ აღნიშნული ემთხვევა 2022 წლის 23 მაისის №12811 ბრძანების საფუძველზე წარმოდგენილ დოკუმენტაციას, რომელიც შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა და გავლენა არ მოახდინა გადაანგარიშების შედეგებზე. რიგ შემთხვევებში წარდგენილ პირველად დოკუმენტებში არც ერთ მხარედ არ ფიქსირდება შპს „----------“(ს/ნ --------) და შემოწმებისათვის გაუგებარია რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ დოკუმენტებმა შემოწმების შედეგებზე. აღსანიშნავია, როგორც შემოწმების პროცესში, ასევე გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელისგან არაერთხელ იქნა მოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოდგენა და შემდგომ ეტაპზე უკვე, საჩივარზე თანდართული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მისი მონაწილეობით გავლა. თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ არ მოხდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემმოწმებლებთან ერთად გავლა.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა ვერ შეძლო წარმოედგინა ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ასევე, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მის მიერ ვადების სრული დაცვით არის წარდგენილი აუდიტის დეპარტამენტისათვის დოკუმენტაცია/მტკიცებულებები 6.06.2022 წლისათვის. №------- განცხადებით წარადგინა გასაჩივრებულ მე-2 საკითხთან დაკავშირებით დანართი 1-დან 6-ის ჩათვლით მთელი რიგი მტკიცებულებები (ხელით ჩააბარა კანცელარიას) და ყოველივე აღნიშნულის შემდგომ აუდიტორი თავის გადაანგარიშების დასკვნაში წერს, რომ არ წარუდგენია მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტორის შეფასებას არ ეთანხმება და ითხოვს ხელახლა იქნეს დავალებული მე-2 სადავო საკითხის განხილვა ჩართულობით.

გადამხდელის პოზიცია გასაჩივრებულ მე-2 საკითხთან დაკავშირებით:

შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შემოწმების შედეგები არ შეესაბამება რეალობას. შემმოწმებლისვე ჩანაწერით „გაანგარიშებულ იქნა შპს --------- ნაღდი ფულის მოძრაობა, დეკლარირებული შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებული, ხოლო დოკუმენტური ხარჯი სრულად ანაზღაურებულად. შემოწმების მიერ დამატებით ნაწარმოები სადეზინფექციო ხსნარის რეალიზაციის დროს მიღებული შემოსავლით გაიზარდა მიღებული/მისაღები შემოსავლები.

შემოწმებამ სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა დათვალა გამოწერილი ა/ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, რაც არამართლზომიერია, ვინაიდან სალაროს ნაშთის დათვლისას არაა გათვალისწინებული ისეთი ოპერაციები, რომლებიც გავლენას მოახდენდა სალაროს ნაშთის სიდიდეზე და შესაბამისად დასაბეგრი თანხის სიდიდეზე, ასეთი ოპერაციები/ ხარჯებია შემდეგი:

დებიტორული დავალიანებები - ახდენს ძირითადად საქონლის საბითუმო რეალიზაციას. მყიდველ ორგანიზაციებთან გაფორმებული მაქვს კონტრაქტი და მიწოდების პირობებიდან გამომდინარე ყოველთვის ვერ ხერხდება მიწოდებული საქონლის ღირებულების სრული ანაზღაურება და უმეტეს წილად მყავს დებიტორები. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგენს დანართს დებიტორული ვალდებულებების შესახებ.

(იხ. დანართი 1 - დებიტორული ვალდებულების შესახებ);

საქონლის მიწოდების ისეთი პირობები, რომელიც ითვალისწინებს „ქეშბექს 15%-ს და 5%“-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ მყიდველზე საქონლის მიწოდების საფუძველზე იწერება ს/ზ და ა/ფ-ი და მთლიანი საქონლის ღირებულებიდან 15%-ს და 5%-ს არ უხდის მყიდველი, შემოწმებამ შემოსავლები/მიღებული ნაღდი ფულის მოძრაობა უღიარა გამოწერილი 7 ა/ფაქტურის საფუძველზე ანუ სალაროში მიღებული თანხად ჩათვალა გამოწერილი ა/ფაქტურების მიხედვით და არა რეალურად მიღებული თანხის მიხედვით.

(იხ. დანართი 2 ადგენს შპს -------- ქეშბექის ხელშეკრულებებს 18 ფურცლად;

(იხ. დანართი 3 ადგენს შპს -------- უსასყიდლოდ გადაცემულ საქონელს (რომ შეგიშვას თავის ტერიტორიაზე) 6 ფურცლად;

(იხ. დანართი 4. შპს -------- ხელშეკრულებები -- );

ისეთი ხარჯებში როგორიცაა: ბანკის კრედიტზე გადახდილი ბანკის პროცენტები, ბანკის მომსახურების გადასახადი, ნაღდი ფულის გამოტანის საკომისიო, და სხვადასხვა სამეურნეო ხარჯი; (იხ. დანართი 5. ბანკის კრედიტის ხელშეკრულებები);

ხარჯი, რომელიც გაწეული იქნა მეორადი სამშენებლო მასალების შეძენისას, ანუ შეძენილი მაქვს მეორადი საამშენებლო მასალები შესყიდვის აქტებით და სხვადასხვა ისეთი ხარჯი, რომელიც რომ გაწეულია (იხ. დანართი 6 - 8 ფურცელი);

არ გაითვალისწინა დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალის შენატან-განატანები და სხვა. მოითხოვს:

1. გათვალისწინებული იქნას დებიტორული დავალიანებები და ასევე ქეშბექ-ის ხელშეკრულებები;

2. ხარჯებში გათვალისწინებული იქნას, ბანკის პროცენტები, ბანკის მომსახურების გადასახადი, ნაღდი ფულის გამოტანის საკომისიო, და სხვადასხვა სამეურნეო ხარჯი;

3. გათვალისწინებული იქნეს დამფუძნებლის შენატან განატანები;

4. მოიხსნას არასწორად რიცხული ჯარიმა/საურავები.

საქმის ირგვლივ კითხვების არსებობის შემთხვევაში, დამატებით წარედგინა შესაბამის მტკიცებულებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხების ხელახალი შესწავლა და არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციების კორექტირება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12811 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12811 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2023 წლის 2 თებერვლის დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის არაერთი ცდის მიუხედავად ვერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებითი მტკიცებულებების შესწავლა და გამოკვლევა, შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ სათანადო მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, მომჩივნის წარმომადგენელს ეთხოვა საჩივრის ზეპირ განხილვაზე დასწრება, თუმცა უარი განაცხადა, საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე.

მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12811 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12811 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შესყიდულ იქნა სადეზინფექციო ხსნარი და ჩაუტარდა ექსპერტიზა.სადეზინფექციო ხსნარებში ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს საშუალოდ 64%-ს. გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა დადგენილი წესის შესაბამისად, დარღვეული აქვს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები. აგრეთვე მიმდინარე კონტროლის ღონისძიების განხორციელებისას გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისი, რის საფუძველზეც საწარმო დაჯარიმებულია საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ სათანადო მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, მომჩივნის წარმომადგენელს ეთხოვა საჩივრის ზეპირ განხილვაზე დასწრება, თუმცა უარი განაცხადა, საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(21);