გადაწყვეტილება №20253/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.10.2023
№ დოკუმენტი 20253/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20253/2/2023

02 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 12.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20253/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატი;

2. სალაროს ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №021-10 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 ივნისის №14472 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 209 560,29 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 124 925

დღგ - 71 518

საშემოსავლო გადასახადი - 53 407

ჯარიმა - 62 184

საურავი - 22 451,29

 

პროცედურული გარემოებები:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ავეჯით ვაჭრობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის, ასევე, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის მიზნებისათვის 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები.

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2023 წლის 4 აპრილის №7253 ბრძანება და ამავე თარიღის №021-10 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14472 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატი

ფაქტების აღწერა

შემოწმებისას წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ არის. ნაშთად რიცხული, შეძენილი და რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობები არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით, ასევე, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

შემოწმების შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და 22 ნაწილების საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დამატებით დასარიცხი გადასახდელი თანხები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით რაც არამართებულია, რადგან საზოგადოება რეალიზაციას უკეთებს ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა დასახელების ავეჯს და 30,7 % ფასნამატი როგორც შემმოწმებლების მიერ შედგენილ გაანგარიშებაშია ასახული ძალიან დიდია.

საზოგადოება საქონლის რეალიზაციას ახდენს მხოლოდ სასაქონლო ზედნადებებით და ადგილობრივ ბაზარზე არსებული კონკურენციიდან გამომდინარე საქონელს ყიდიან დაახლოებით 15-20 პროცენტიანი მოგებით. ამდენად ზედნადებებით რეალიზებულ საქონელზე საშუალოდ 30,7 პროცენტიანი ფასნამატის გავრცელება არარეალურია.

ასევე გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი ფასნამატების ჯგუფებზე (კატეგორიები) გავრცელებას და აღნიშნავს, რომ ფასნამატების გავრცელება უნდა მომხდარიყო კონკრეტულ საქონელზე შეძენის და რეალიზაციის ფასების შეპირისპირებებით.

კრეტულ საქონელზე შეძენის და რეალიზაციის ფასების შეპირისპირებებით. მომჩივანი წარმოადგენს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საზოგადოებაში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე ფასნამატის გაანგარიშების მისეულ ვერსიას, მიუთითებს, რომ ფასნამატის გაანგარიშება მოხდენილია სასაქონლო პროდუქციის შეძენის დოკუმენტალურად დადასტურებულ ფაქტებზე დაყრდნობით და შეადგენს 17,86 პროცენტს.

ითხოვს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის და ფასნამატის გამოყენებით. კერძოდ, საწყისი და შეძენილი, რეალიზებული და ნაშთად არსებული სმფ-ები დაყოფილ იქნა ჯგუფებად (კატეგორიებად), სმფ-ების ფაქტიური ნაშთის დადგენა განხორციელდა 2022 წლის 15 დეკემბრის №31557 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით, ჯგუფებზე (კატეგორიებზე) გავრცელებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი, ხოლო კატეგორიებზე, რომლებზეც ვერ დადგინდა დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი, გამოყენებულ იქნა სხვა ჯგუფების საშუალო შეწონილი ფასნამატი.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №76376-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში ასახული აქვს მხოლოდ ზედნადებით განხორციელებული მიწოდებები (ავანსების გათვალისწინებით), ამავე დროს სმფ-ის საწყისი ნაშთის; შეძენის და სმფ-ის ზედნადებებით რეალიზაციის ანალიზით (გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული ფასნამატითაც კი -17.86%) შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ის ნაშთის ღირებულება (სარეალიზაციო ფასებით) უნდა შეადგენდეს 516 486 (172459.8+2524100.4-2180074) ლარს, მაგრამ ინვენტარიზაციით დაფიქსირებული სმფ-ის ნაშთის ღირებულება შეადგენს (სარეალიზაციო ფასებით) 187 350, შესაბამისად საჩივარში მოყვანილი არგუმენტი, რომ საქონლის რეალიზაცია ხდებოდა მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებას.

რაც შეეხება შემოწმებით ფასნამატის გავრცელებას ჯგუფებზე (კატეგორიებზე), აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ როგორც რეალიზაციის ზედნადებებში, ასევე ინვენტარიზაციის მასალებში ასახული საქონლის დასახელებები ძირითადად არ შეესაბამება შეძენის დოკუმენტებში ასახულ დასახელებებს, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებისას საქონლის შეძენის და რეალიზაციის დასახელებების ურთიერთდაკავშირება შეუძლებლად მიიჩნია.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.

 

2. სალაროს ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

საწარმოს დირექტორის მიერ შემოწმებისას წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოს კომპანიას არ გააჩნდა დებიტორული/კრედიტორული დავალიანებები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №31556 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის დროსაც სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. შემოწმების პროცესში გაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ყველა მიწოდების და შეძენის ღირებულება ჩაითვალა ანაზღაურებულად (საბანკო გადარიცხვების გათვალისწინებით) და ამ პრინციპით გაანგარიშებულმა ფულადი სახსრების ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 213 629 ლარი. აღნიშნული თანხის საწარმოს სალაროში ნაშთად არსებობა შემოწმებით ვერ დადგინდა. ზემოაღნიშნული ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად (ვინაიდან არ იქნა წარმოდგენილი საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის ამსახველი ინფორმაცია, არ იქნა განხილული მოგების განაწილებად) და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის დროსაც სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. შემოწმებით განხორციელდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ყველა მიწოდების და შეძენის ღირებულება ჩაითვალა ანაზღაურებულად (საბანკო გადარიცხვების გათვალისწინებით) და ამ პრინციპით გაანგარიშებული ფულადი სახსრების ნაშთი, რომლის არსებობა სალაროში ვერ დადგინდა, ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად.

იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რაც შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის, დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებულ ფასნამატს;

2. სალაროს ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებისას წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ არის. ნაშთად რიცხული, შეძენილი და რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობები არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით, ასევე, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. შემოწმების შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის დროსაც სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. შემოწმებით განხორციელდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ყველა მიწოდების და შეძენის ღირებულება ჩაითვალა ანაზღაურებულად (საბანკო გადარიცხვების გათვალისწინებით) და ამ პრინციპით გაანგარიშებული ფულადი სახსრების ნაშთი, რომლის არსებობა სალაროში ვერ დადგინდა, ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ, საშემოსავლო და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159; 164(1); 101; 154; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161;