ბრძანება N 3252

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.02.2023
№ დოკუმენტი 3252
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3252

22.02.2023

შპს "----------" (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 11 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს "----------" (ს/ნ ----------) №75414/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №006-426 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ საგადასახადო მოთხოვნაში მითითებული დღგ-ის თანხის (41077 ლარის) 200% შეადგენს 82 154 ლარს და არა 246 462 ლარს. ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დარიცხული ჯარიმის თანხის 82 155 ლარამდე შემცირებას.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №12454 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა "----------"’ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 5 ოქტომბრის №25394 ბრძანება და ამავე თარიღის №006-426 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 205 385 ლარი, მათ შორის: გადასახადი - 41 077 ლარი, ჯარიმა 246 462 ლარი, საურავი 0 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ შპს "----------" (ს/ნ ----------) 2020 წლის 16 მარტს გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა----------, რომლის მიხედვითაც 2020 წლის თებერვლის თვეში შპს "----------" შპს "----------"’ 269 293.19 ლარად მიჰყიდა 1000 კვ.მ უძრავი ქონება მდებარე "----------". აღნიშნული საგადასახადო ანაგარიშ-ფაქტურა გაუქმდა 2020 წლის 14 აპრილს, რის შემდეგ იმავე დღეს გამოწერა საგადასახადო ანაგარიშ-ფაქტურა ეა-"----------"3, რომლის საფუძველშიც მითითებულია "----------", ხოლო ოპერაციის განხორციელების პერიოდად მიეთითა 2019 წლის დეკემბერი. 2020 წლის 22 ოქტომბერს ეა---------- საგადასახადო ანგარიშფატქურა შპს "----------" მიერ დაკორექტირდა და გამოიწერა ეკ N"----------" კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სადაც საფუძველში ნაცვლად "----------" მიეთითა ,,საშუამავლო მომსახურება თანახმად 2019 წლის 25 დეკემბრის შეთანხმების აქტისა’’. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი, რის საფუძველზე სხვა პირის მიმართ შეიქმნა ყალბი საგადასახადო აქტივი. შემოწმების მსვლელობისას, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხები, რომელიც გადამხდელს დეკლარირებული ჰქონდა, დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, საწარმო დაჯარიმდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით, შპს "----------" მიერ შპს "----------" გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი, რის საფუძველზე სხვა პირის მიმართ შეიქმნა ყალბი საგადასახადო აქტივი. შემოწმებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხები, რომელიც გადამხდელს დეკლარირებული ჰქონდა, დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო საწარმოს განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ მასალებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს "----------" (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.