გადაწყვეტილება №23042/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.07.2024
№ დოკუმენტი 23042/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№23042/2/2024

22 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“ 13.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23042/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო;

2. შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26344 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №249-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 მარტის №249-5 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 აპრილის №8838 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 84 786 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 47 048

ჯარიმა - 23 524

საურავი - 14 214

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №10372 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №12299 ბრძანება და №249-8 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 80 258 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 7 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 25.10.2023 წლის №26344 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №249-8 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 25 დეკემბერს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 27 დეკემბრის №33112 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

28.12.2023 წელს გადასახადის გადამხდელმა კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს 2023 წლის 27 დეკემბრის №33112 ბრძანების გაუქმების და საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით, დავის განახლების მოთხოვნით. აღნიშნული საჩივარი, 29.12.2023 წელს, საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 16.02.2024 წლის №86393/1/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში, განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26344 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 მარტის №249-5 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში 1.04.2024 წელს წარდგენილ საჩივართან ერთად და 2024 წლის 16 აპრილის №8838 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 308-ე, 299-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის განახლების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარდგენილ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 აპრილის №8838 ბრძანებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

მომჩივანი ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, თუმცა ვერ წარმოადგენს ისეთ გარემოებებს ან მტკიცებულებებს, რომლებიც გადასახადის გადამხდელმა არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26344 ბრძანების აღსრულების შედეგები

ფაქტების აღწერა

2023 წლის 30 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არასრულად იყო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159- ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №12299 ბრძანება და №249-8 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 80 258 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 7 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 25.10.2023 წლის №26344 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, კორექტირებული/გაუქმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა);

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრის დანართად წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26344 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.03.2024 წლის დასკვნა, 22.03.2024 წლის №6267 ბრძანება და №249-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 1 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 16 აპრილის №8838 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა აღნიშნული ფაქტურა არ არის დადასტურებული მეორე მხარის (მყიდველი) მიერ. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებულ გადაანგარიშებაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე წარდგენილია საქონლის უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადები და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოსავლების სამსახური არ ითვალისწინებს აღნიშნულს და დამატებით დარიცხულ თანხას არ ამცირებს. ასევე, დარღვევით მოხდა დარიცხული თანხის არაღიარებული ბარათიდან აღიარებულზე გადატანა, რამაც გამოიწვია იძულებით ღონისძიებების დაწყება. კერძოდ, წარდგენილი იქნა საინკასო დავალება და მომჩივანს მოუწია იმ თანხის გადახდა, რომელიც ჯერ სადავო იყო და არ ჰქონდა გასაჩივრების ვადა გასული.

ითხოვს, დაევალოს შემოსავლების სამსახურს, გულისხმიერად მოეკიდონ აღნიშნულ შემთხვევას, შეისწავლონ წარდგენილი ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რაზეც შემმოწმებელს გადასახადის გადამხდელის მხრიდან მიცემული აქვს ახსნა-განმარტება. შესაბამისად, შეამცირონ უკანონოდ დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26344 ბრძანებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, კორექტირებული/გაუქმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა);

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრის დანართად წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა აღნიშნული ფაქტურა არ არის დადასტურებული მეორე მხარის (მყიდველის) მიერ. შესაბამისად, არ განხორციელდა შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ 2024 წლის 14 მარტის დასკვნით გადასახადის გადამხდელს არ შეუმცირდა შემოწმებით დარიცხული გადასახადი. აღნიშნული მდგომარება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მომჩივნის მიერ ვერ იქნა გამოწერილი კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა (ტექნიკური ხარვეზის გამო), რაც დაევალა შემოსავლების სამსახურის მიერ. თუმცა, კომპანიამ 2024 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდში გამოწერა ეა-79 5943259 ანგარიშ-ფაქტურა, რომელზეც მიბმულია 2022 წლის 15 თებერვლის 0648520163 უკან დაბრუნების ზედნადები. აღნიშნული გარემოება ვერ იქნა მიჩნეული დარიცხული თანხების კორექტირების საფუძვლად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 აპრილის №8838 ბრძანებას.

2.მოჩივანი ითხოვს,დაევალოს შემოსავლების სამსახურს,შეისწავლონ წარდგენილი ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რაზეც შემმოწმებელს გადამხდელის მხრიდან მიცემული აქვს ახსნა-განმარტება.ასევე,შეამცირონ დარიცხული თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26344 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 მარტის №249-5 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში 1.04.2024 წელს წარდგენილ საჩივართან ერთად და 2024 წლის 16 აპრილის №8838 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

2.2023 წლის 30 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არასრულად იყო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159- ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

2.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

308,299(7).