ბრძანება N 30307-1
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 30307
22/10/2018
შპს ----------------------
(მის: ქ. -----------------)
სადავო საკითხებთნ დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 12 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი N83) განიხილა შპს ----- ს საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 21 აგვისტოს N006-388 საგადასახადო მოთხოვნას.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აცხადებს, რომ მუდმივ და მსხვილი შენაძენის განმახორციელებელ კლიენტებს ხშირად უკეთებს ფასდაკლებებს, რაც გამოიხატება ტორტის ყუთების, სანთლების, შუშხუნების უსასყიდლოდ მიწოდებაში, ასევე ტორტებზე ფასდაკლებაში, აღნიშნული წარმოადგენს მარკეტინგულ ხერხს, დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან და დამატებით დარიცხვა არ უნდა განხორციელდეს, ამასთან ხშირია შემთხვევები, როცა ტორტის ჩადება ორ ყუთში ხდება, თუმცა ანაზღაურებას ერთისას იღებენ;
2. არ ეთანხმება ფაქტიურად მიღებულ და გადამხდელის მიერ საბუღალტრო მონაცემების საფუძველზე მიღებულ თანხებს შორის სხვაობის სალაროზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვას და აცხადებს, რომ N2134 მანუალის მიხედვით დამატებით დარიცხული სარეალიზაციო თანხა გაითვალისწინება მხოლოდ ერთობლივ შემოსავალში;
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიჩნია, რომ სადავო საკითხთებთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 12 აპრილის N8408 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 10 აგვისტოს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა 2018 წლის 21 აგვისტოს N22689 ბრძანება და ამავე თარიღის N006-388 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც საწარმოს დაერიცხა სულ 20972,79 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 11292 ლარი, ჯარიმა 9084 ლარი და საურავი 596,79 ლარი.
1. საგადასახადო შემოწმების აქტით პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკონდიტრო ნაწარმის წარმოება და რეალიზაცია სპეციალიზებულ მაღაზიებში. გარდა აღნიშნულისა გადამხდელი ახორციელებს კვერცხის და საკონდიტრო წარმოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ატრიბუტების (ყუთები, სანთლები, შუშხუნები) რეალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე 2015-2016 წლებში გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციებში ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 1 454 472 ლარს. შემოწმებით ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 1 478 568 ლარი.
სხვაობა 24 096 ლარი გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შემოწმების პროცესში პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციით დადგენილ იქნა შეძენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ღირებულება სახეობების მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო ჩანაწერებით დადგენილი იქნა წლის ბოლოს არსებული სმფ-ის ნაშთები და რეალიზებული საქონელი რომლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გადამხდელის მიერ სრულად არ იყო ასახული ერთობლივ შემოსავალში და შესაბამისად დადეკლარირებული. შემოწმების შედეგად, გადამხდელის მიერ რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა სარეალიზაციო ფასები და სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით გაიზარდა დეკლარირებული შემოსავალი.
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 370 020 ლარს. შემოწმებით დღგ - ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 2 393 704 ლარი.
სხვაობა 23 734 ლარი გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შემოწმების პროცესში პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციით დადგენილ იქნა შეძენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ღირებულება სახეობების მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო ჩანაწერებით დადგენილი იქნა წლის ბოლოს არსებული სმფ-ის ნაშთები და რეალიზებული საქონელი რომლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გადამხდელის მიერ სრულად არ იყო ასახული ერთობლივ შემოსავალში და შესაბამისად დადეკლარირებული. შემოწმების შედეგად, გადამხდელის მიერ რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა სარეალიზაციო ფასები და სსკ-ის 161-ე მუხლით გაიზარდა დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 100-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
ამასთან, სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:
ა) საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
სსკ-ის 161-ე მუხლის მიხედვით: დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
„ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული“.
სსკ-ის 275-ე მუხლით საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება პირველი და მეორე ნაწილების თანახმად იწვევს ჯარიმის დაკისრებას კერძოდ:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც:
„ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით“.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად:
„1. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად: „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად: დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმის გამოკვლევისას მნიშვნელობა ენიჭება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის ხარისხს, რაც თავის მხრივ, პირდაპირ განაპირობებს ადმინისტრაციული წარმოების მხარის კანონიერ მოლოდინს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სწორედ სამართლით აღიარებული და კანონით განმტკიცებული პრინციპებით.
მმართველობის კანონიერება კომპლექსურად მოიცავს, როგორც საჯარო ინტერესების, ასევე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების (კერძო ინტერესის) და კანონის უზრუნველყოფის დაცვას. სწორედ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად არის დადგენილი სამართლის პრინციპებისა და მათი უზრუნველმყოფი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების ზედმიწევნით დაცვის ვალდებულება, რაც მინიმუმამდე ამცირებს კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის შესაძლებლობას.
ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ დავის განმხილველი ორგანო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
როგორც უკვე აღინიშნა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად: „ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით“. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.
ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
დავების განხილვის საბჭო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და საბჭოზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისი დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
2. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით დგინდება, რომ საზოგადოება შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს საკონდიტრო ნაწარმის და საკონდიტრო წარმოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ატრიბუტებისა (ყუთები, სანთლები შუშხუნები) და კვერცხის რეალიზაციას. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს არ უფიქსირდება დებიტორული დავალიანება და საბუღალტრო მონაცემებით საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი თანხვედრაშია სალაროში და ბანკში მიღებულ თანხებთან.
შემოწმების შედეგად, გაიზარდა საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი შესაბამისად გაიზარდა რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის მოცულობა. სხვაობა ფაქტიურად მიღებულ და გადამხდელის მიერ საბუღალტრო მონაცემის საფუძველზე მიღებულ თანხებს შორის დაკავალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა სსკ-ის 101 და სსკ-ის 154 -ე მუხლების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად: „საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს“.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან“.
სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად: „გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს“.
სსკ-ის 275-ე მუხლით საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება პირველი და მეორე ნაწილების თანახმად იწვევს ჯარიმის დაკისრებას კერძოდ:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და საბჭოზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საქონლის რეალიზაციით მიღებული თანხის მოცულობის ზრდის გამო ფაქტიურად მიღებულ და გადამხდელის მიერ საბუღალტრო მონაცემების საფუძველზე მიღებულ თანხებს შორის სხვაობის სალაროზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ სარგებლად დაკვალიფიცირება და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა შემოწმების მიერ განხორციელდა მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დავების განხილვის საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ბრძანების სამოტივაციო ნაწილის პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლის კორექტირება, აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს ფაქტიურად მიღებულ და გადამხდელის მიერ საბუღალტრო მონაცემების საფუძველზე მიღებულ თანხებს შორის სხვაობის სალაროზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვის ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს 2018 წლის 18 სექტემბრის საჩივარი სადავო საკითხებთნ დაკავშრებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისი დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლის კორექტირება, აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს ფაქტიურად მიღებულ და გადამხდელის მიერ საბუღალტრო მონაცემების საფუძველზე მიღებულ თანხებს შორის სხვაობის სალაროზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვის ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
- გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დამატებით დარიცხვას;
- არ ეთანხმება ფაქტიურად მიღებულ და ბუღალტრული მონაცემების საფუძველზე მიღებულ თანხებს შორის სხვაობის სალაროზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
- გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა საკონდიტრო ნაწარმის წარმოება და რეალიზაცია. ასევე წარმოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ატრიბუტების რეალიზაცია. შემოწმებით 2015-2016 წლებში ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შედეგად, გაიზარდა დეკლარირებული შემოსავალი და დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.
- დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს არ უფიქსირდება დებიტორული დავალიანება და ბუღალტრული მონაცემებით მიღებული შემოსავალი თანხვედრაშია სალაროში და ბანკში მიღებულ თანხებთან. შემოწმების შედეგად, მიღებული სხვაობა ფაქტიურად მიღებულ და გადამხდელის მიერ ბუღალტრული მონაცემის საფუძველზე მიღებულ თანხებს შორის დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა სსკ-ის 101 და სსკ-ის 154-ე მუხლების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.
საბჭომ ასევე მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად მიღებული სხვაობის სალაროზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ სარგებლად დაკვალიფიცირება და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან საბჭოს მიაჩნია, რომ შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ განხორციელდა ერთობლივი შემოსავლის კორექტირება, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს სხვაობის სალაროზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვის ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4); 73(9); 100; 101(1); 102(1); 154(1,,ა“); 275; 01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1,,ა“)