გადაწყვეტილება №22626/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22626/2/2024
05 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 20.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22626/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20663 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №001-341 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.02.2024 წლის №4470 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 66 626 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 32 750
ჯარიმა - 16 374
საურავი - 17 502
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საერთაშორისო გადაზიდვები. გადაზიდვებს ძირითადად ახორციელებს რუსეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის მიმართულებით. გადააქვს მალფუჭებადი სახის საქონელი (ბოსტნეული, საკონდიტრო ნაწარმი, ასევე ღვინო).
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 3 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
- კომპანია აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა ორისში. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია სრულად არ იქნა წარდგენილი. ინფორმაცია, ასევე გამოთხოვილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან და მესამე პირებისგან. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ: ერთმანეთს შეუდარდა გადასახადის გადამხდელის მიერ გადაგზავნილი ინვოისები, ბუღალტრულ პროგრამაში არსებული ინფორმაცია, CMR, საბაჟო კვეთებისა და საბაჟო დეკლარაციების შესახებ ინფორმაცია. შემოწმების დროს, ასევე ერთმანეთს შედარდა გადასახადის გადამხდელის მიერ ინვოისში დაფიქსირებული თარიღები და ავტომობილის ნომრები საბაჟოს ცხრილში არსებულ იმავე მაჩვენებელთან.
საზღვრის კვეთის მიხედვით გამოვლინდა, რომ შემოწმებით დადგენილი მონაცემები განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციისგან და აღემატებოდა მის მიერ შესრულებული რეისების რაოდენობას. შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა დაემატა საერთაშორისო გადაზიდვებით მიღებულ შემოსავალს. ფასი განისაზღვრა შესაბამისი მიმართულების ქვეყნისა და გადასახადის გადამხდელის მიერ ინვოისში დაფიქსირებული რეისის ფასის მიხედვით (მინიმალური ღირებულება).
ხარჯის ნაწილში, გათვალისწინებული იქნა საწვავის, მივლინების, გადაზიდვის დროს სამაცივრე მოწყობილობის ჩართვის დროს გახარჯული საწვავის ოდენობა. კერძოდ, საწვავის ხარჯის შემთხვევაში გამოთვლილი იქნა მანძილი კონკრეტული ქვეყნის მიხედვით, რომელიც გამრავლდა გადასახადის გადამხდელის მიერ პროგრამაში დაფიქსირებულ, საზღვარგარეთ შეძენილი საწვავის მინიმალურ ფასზე და გათვალისწინებული იქნა 100 კილომეტრზე 30 ლიტრი საწვავის ხარჯვა.
საზღვაო გადაზიდვის შემთხვევაში, მანძილი დაწყების ადგილიდან საქართველოში არსებულ საზღვაო პორტამდე, შემდგომ საქართველოდან უკრაინის (ჩერნომორსკის) პორტამდე სამაცივრე მოწყობილობის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობა, უკრაინის პორტიდან დანიშნულების ადგილამდე არსებული მანძილი და პირიქით.
მივლინების შემთხვევაში, გადამოწმდა თითოეული ავტომობილის მიხედვით, საბაჟოზე კვეთის დროს შემოსვლისა და გასვლის თარიღები, გაანგარიშდა დღეების რაოდენობა და გამრავლდა შესაბამისი ქვეყნისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის №220 ბრძანებით განსაზღვრული მივლინების თანხის ოდენობაზე.
დამატებით დადგენილი ფულადი ნაშთი, „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.08.2022 წლის №21816 ბრძანება და 19.08.2022 წლის №001-156 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3133 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (ფულადი ნაშთის ოდენობის და მისი ხელფასის სახით განაცემად განხილვის, გამოქვითული საწვავის ხარჯის ოდენობის ნაწილში).
საბჭოს 26.04.2023 წელს №19094/2/2023 გადაწყვეტილებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით დარიცხული თანხების შესაძლო კორექტირებასთან დაკავშირებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა საბჭოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ხელახლა განიხილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი და 22.08.2023 წლის №20663 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20663 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 5 556 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №001-341 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.02.2024 წლის №4470 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება, როგორც შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას მისი საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე, ასევე შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველზე გამოცემულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას, მიუთითებს შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემისას შემმოწმებლების მიერ არ არის გამოკვლეული და შეჯერებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები. კერძოდ, შემმოწმებლებს არ გააჩნიათ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ შემმოწმებლების მიერ დამატებით გამოვლენილი რეისებით განსაზღვრული თანხები ზუსტად ამდენივე ოდენობით მიღებული აქვს კომპანიას, აღნიშნული თანხები გაცემულია ხელფასად და დასაბეგრია საშემოსავლო გადასახადით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ შემმოწმებლების მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლის მოთხოვნები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3133 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (ფულადი ნაშთის ოდენობა და მისი ხელფასის სახით განაცემად განხილვა; გამოქვითული საწვავის ხარჯის ოდენობა), რომლის 26.04.2023 წელს №19094/2/2023 გადაწყვეტილებით, მომჩივნის არგუმენტების საფუძველზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით დარიცხული თანხების შესაძლო კორექტირებასთან დაკავშირებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
ასევე დადგენილია, რომ საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა განიხილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი და 22.08.2023 წლის №20663 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა სადავო საკითხთან დაკავშირებით და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20663 ბრძანების აღსრულების შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სატრანსპორტო ტექნიკური ექპერტიზის შესახებ. ბიუროსათვის გამოსაკვლევად წარდგენილი იქნა თითოეული უნაგირა-საწევარას ტექნიკური მონაცემები. სატრანსპორტო საშუალებების მარკა მოდელებისა და ტექნიკური მონაცემების მიხედვით, ინტერნეტსაიტებზე მოპოვებული ინფორმაციით, განისაზღვრა თითოეულ საწევარა უნაგირაზე საწვავის ნორმატიული ხარჯი. ოთხივე ტიპის მარკის (SCANIA 124-1197W, SCANIA114L380-2000W, SCANIA R164LA-2002W, VOLVO FH12 420-1196 W) ავტომობილის შემთხვევაში, დატვირთული უნაგირა-საწევარას საწვავის ხარჯმა 100 კმ-ზე შეადგინა 60 ლიტრი. გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებული იქნა აღნიშნული მონაცემები და გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას მისი საჩივრის არ დაკმაყოფილებაზე, ასევე გადაანგარიშების საფუძველზე გამოცემულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას, მიუთითებს სადავო საკითხზე შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ შემმოწმებლებს არ გააჩნიათ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ შემმოწმებლების მიერ დამატებით გამოვლენილი რეისებით განსაზღვრული თანხები ზუსტად ამდენივე ოდენობით მიღებული აქვს კომპანიას, აღნიშნული თანხები გაცემულია ხელფასად და დასაბეგრია საშემოსავლო გადასახადით. მიიჩნევს, რომ საკითხი არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი.
ამგვარად, მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, მაგრამ არ წარმოადგენს არგუმენტებს რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე აფუძნებს აღნიშნულს და რა საფუძველზე დაყრდნობით მიიჩნევს აღსრულებას შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20663 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შეუსაბამოდ.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20663 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20663 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საერთაშორისო გადაზიდვები. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ: ერთმანეთს შეუდარდა გადასახადის გადამხდელის მიერ გადაგზავნილი ინვოისები, ბუღალტრულ პროგრამაში არსებული ინფორმაცია, CMR, საბაჟო კვეთებისა და საბაჟო დეკლარაციების შესახებ ინფორმაცია. საზღვრის კვეთის მიხედვით გამოვლინდა, რომ შემოწმებით დადგენილი მონაცემები განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციისგან და აღემატებოდა მის მიერ შესრულებული რეისების რაოდენობას. შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა დაემატა საერთაშორისო გადაზიდვებით მიღებულ შემოსავალს.
ხარჯის ნაწილში, გათვალისწინებული იქნა საწვავის, მივლინების, გადაზიდვის დროს სამაცივრე მოწყობილობის ჩართვის დროს გახარჯული საწვავის ოდენობა.
დამატებით დადგენილი ფულადი ნაშთი, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 304(21)