გადაწყვეტილება №24545/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24545/2/2024
06 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: : შპს -------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 29.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24545/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16824 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 31 ოქტომბრის №002-196 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 დეკემბრის №26631 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 178 109.34 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 103 798
დღგ - 51 122
საშემოსავლო გადასახადი - 52 676
ჯარიმა - 52 211
საურავი - 22 100.34
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 დეკემბრის №30357 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 19 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ გააჩნია გაანგარიშებები საქონლის და ფულის მოძრაობასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელმა ითანამშრომლა შემოწმებასთან, წარდგენილია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები და საქმიანობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება. ვინაიდან საწარმო
აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საქონელი ჩაითვალა სრულად რეალიზებულად. მსგავსი აუდირებული კომპანიის მარჟის გამოყენებით და გაწეული ხარჯისა და შემოსავლის თანაფარდობით დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი, რამაც შეადგინა 436 045 ლარი. მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, ხარჯების სალდირებულად გამოქვითვის შემდგომ, დადგინდა განკარგვადი ფულის სხვაობა 227 411 ლარი (გათვალისწინებულია გადახდილი ხელფასები, გადახდილი იჯარა, საქონლის შეძენის ხარჯი და ა.შ), რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №33049 ბრძანება და №002-309 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 172 447 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 5 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 26 თებერვლის №4079 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 19.03.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 27.06.2024 წლის №22621/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 თებერვლის №4079 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 16 ივლისის №16824 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, რეალიზებულად განხილულ ძირითად საშუალებებზე არ გაავრცელოს მსგავსი აუდირებული კომპანიის მოგების მარჟა და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16824 ბრძანება 31.07.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 20.09.2024 წლის №23604/2/2024 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16824 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2024 წლის დასკვნა, 31.10.2024 წლის №23304 ბრძანება და №002- 196 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 10 081 ლარით.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 3 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 19 დეკემბრის №26631 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გაანგარიშდა ძირითადი საშუალებების თანხობრივი ოდენობა და აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული მარჟის გავრცელების მეთოდით ერთობლივი შემოსავლის დათვლისას. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი ძირითადი საშუალებების თვითღირებულებამ შეადგინა 7 994 ლარი, აღნიშნული ძირითადი საშუალებები არ იქნა გათვალისწინებული რეალიზაციაში. შესაბამისად, მის დოკუმენტურ ღირებულებაზე არ გავრცელდა საქმიანობის მარჟის კოეფიციენტი, თუმცა გადახდილი თანხა გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ გაწეულ ხარჯებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაანგარიშების დასკვნიდან პრაქტიკულად შეუძლებელია გაირკვეს:
• მათემატიკურად რა სახის გაანგარიშება განახორციელა აუდიტის დეპარტამენტმა;
• რომელი და რა ღირებულების აქტივები მიაკუთვნა კომპანიის ძირითად საშუალებებს;
• საერთოდ ჩათვალა თუ არა აღნიშნული ძირითადი საშუალებები რეალიზებულად და თუ ჩათვალა, რა ოდენობის ფასნამატი მიუყენა.
გადაანგარიშების აქტს არც ცხრილის და არც სხვა სახით არ ერთვის ზემოთ მითითებული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტები. ამასთან, მიუხედავად გადასახადის გადამხდელის მზაობისა, რომ მონაწილეობა მიეღო გადაანგარიშების პროცესში და მაგალითად, ჩართული ყოფილიყო ამა თუ იმ აქტივის ძირითად საშუალებად კვალიფიცირების პროცესში ან გამოყენებული ფორმულის შედგენის პროცესში, აუდიტის დეპარტამენტს საერთოდ არ უზრუნველყვია ამ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მომჩივნის მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის თაობაზე არაერთხელ გამოხატეს მზაობა აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი წერილობითი განცხადებებით. შესაბამისად, ამ ეტაპზე საერთოდ გაუგებარია რა სახით განახორციელა გადაანგარიშება აუდიტორმა და ამდენად, მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ წარმოადგინონ სათანადოდ დასაბუთებული საპირისპირო არგუმენტები.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ კორექტირების დოკუმენტებში საერთოდ არ არის მოცემული ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც გადასახადის გადამხდელს შეეძლებოდა განესაზღვრა და შეეფასებინა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშებისას გამოყენებული მიდგომების სისწორე და კანონიერება. ამდენად, მომჩივანს პრაქტიკულად შეზღუდული აქვს საჩივრის უფლების სრულყოფილი რეალიზების საშუალება.
აღნიშნული ინფორმაციის გადასახადის გადამხდელისთვის მიწოდების სავალდებულობაზე ხაზს უსვამს ასევე სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-770-762(კ-15)) განმარტა, რომ გასაჩივრებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება გადასახადის გადამხდელისთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რათა გადასახადის გადამხდელმა შეძლოს საჩივრის წარდგენის უფლების ადეკვატურად განხორციელება. ასეთი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში საერთოდ არც კი იწყება აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა.
შემოსავლების სამსახურმა საჩივარი განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო მომჩივნის მონაწილეობის გარეშე. საერთოდ გაუგებარია კონკრეტულად რა საკითხი გამოიკვლია შემოსავლების სამსახურმა საჩივრის განხილვის სტადიაზე და რა დასკვნებამდე მივიდა - გადაწყვეტილებით პრაქტიკულად გადასახადის გადამხდელის არც ერთ კითხვაზე და არგუმენტზე არ არის პასუხი გაცემული. ერთი შეხედვით, შემოსავლების სამსახურმა უბრალოდ ფორმალურად გამოსცა უარის ბრძანება ისე, რომ არც შეუსწავლია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები და არც საშუალება მისცა მომჩივანს, რომ მონაწილეობა მიეღო ზეპირ სხდომაზე და დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია და შეკითხვები.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული აქტები საერთოდ არ შეიცავს დასაბუთებას, რის მეშვეობითაც გადასახადის გადამხდელი დააიდენტიფიცირებდა კონკრეტულად როგორ გადაიანგარიშა დარიცხული თანხები აუდიტორმა და ასევე, მიუხედავად არაერთგზის გამოხატული მზაობისა, გადასახადის გადამხდელი არ ყოფილა ჩართული არც გადაანგარიშების და არც საჩივრის განხილვის სტადიაზე, პრაქტიკულად ვერ ახერხებენ სათანადო შედავების განხორციელებას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ დარიცხვა განხორციელებულია არაპირდაპირი მეთოდით და დამატებით დარიცხული გადასახადის (კორექტირების შემდეგ) ოდენობა შეადგენს 103 798 ლარს. ამდენად, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების და მოთხოვნების იგნორირებამ შესაძლოა გამოიწვიოს კომპანიის დირექტორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო საკითხის სათანადოდ გამოკვლევის შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ გადაანგარიშება არ არის სათანადოდ განხორციელებული, შესაძლოა დამატებით დარიცხული გადასახადი ჩამოცდეს 100 000 ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებული აქტების გაუქმებას (ბათილად ცნობას).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 დეკემბრის №26631 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16824 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ გააჩნია გაანგარიშებები საქონლის და ფულის მოძრაობასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საქონელი ჩაითვალა სრულად რეალიზებულად. კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, ხარჯების სალდირებულად გამოქვითვის შემდგომ, დადგინდა განკარგვადი ფულის სხვაობა რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 302(6);