გადაწყვეტილება №25638/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25638/2/2025
01 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 12.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25638/2/2025).
დავის საგანი:
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 1.05.2025 წლის №8266 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 30.07.2025 წლის №17095 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 245 363.09 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანი საქართველოში ფლობს მაღალი კლასის მულტიბრენდულ მაღაზიას. კომპანიის სარეალიზაციო საქონელს წარმოადგენს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტყავის ნაკეთობები და სხვა აქსესუარები.
27.09.2024 წელს მომჩივნის უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების, მათ შორის, №------- (20.09.2024წ.) ინვოისის საფუძველზე, №------- საბაჟო დეკლარაციით ექსპორტის საბაჟო პროცედურაში დადეკლარირდა 84 ერთეული სხვადასხვა დასახელების საქონელი (საბაჟო ღირებულება 215 783.20 ლარი), რომელსაც მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“. მითითებული დერეფნის განსაზღვრის შემდეგ, 28.09.2024 წელს მომჩივნის წარმომადგენელმა №------- განცხადებით წარადგინა ახალი ინვოისი - №------- (16.09.2024წ.) და ითხოვა №------- საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა იმ საფუძვლით, რომ საქონლის დეკლარირებისას წარდგენილი იყო არასწორი ინვოისი (№------- 20.09.2024წ.).
საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა №------- (27.09.2024წ.) დეკლარაციის, თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად გასატანი (არადეკლარირებული) 121 ერთეული სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომლის საბაჟო ღირებულებამ №------- (16.09.2024წ.) ინვოისის მიხედვით, შეადგინა 89 926 აშშ დოლარი (245 363.09 ლარი).
ვინაიდან არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს, საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის მასალები, საბაჟო დეპარტამენტის 3.10.2024 წლის №------- წერილით, ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 15.04.2025 წლის №------- წერილით, საბაჟო დეპარტამენტს გადმოეგზავნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (დოკუმენტის №-------).
ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა 245 363.09 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის მცდელობას და პირს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო დეპარტამენტის 1.05.2025 წლის №8266 ბრძანებით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 245 363.09 ლარი.
საბაჟო დეპარტამენტის №8266 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.07.2025 წლის №17095 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, 157-ე მუხლზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველი ნაწილზე, დადგენილ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტზე სადავო ბრძანებით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია. სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის მოთხოვნაზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს ------- წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტ საწარმოს, რომელიც საქართველოში ფლობს მაღალი კლასის მულტიბრენდულ მაღაზიას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს შერჩეულ კოლექციას, რომელშიც შედის მსოფლიო მოდის საუკეთესო ბრენდები, მათ შორის -------, -------, -------, -------, ------- და სხვა. შესაბამისად, კომპანიის სარეალიზაციო საქონელს წარმოადგენს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტყავის უნიკალური ნაკეთობები და სხვა აქსესუარები.
საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება -------, ------- არსებული მაღაზიიდან და ასევე ონლაინ გაყიდვების გზით. გარდა ამისა, ცალკეული შეკვეთების საფუძველზე, კომპანია ახდენს პროდუქციის ექსპორტირებას საქართველოს ფარგლებს გარეთ.
27.09.2024 წელს სრულდებოდა პროდუქციის ექსპორტირების ერთ-ერთი ოპერაცია, რომლის მიხედვითაც, დამკვეთს (-------) მიეწოდებოდა 89 926 აშშ დოლარის ღირებულების 121 ერთეული სხვადასხვა დასახელების საქონელი (ინვოისი №-------).
გამოვლინდა, რომ მოცემული ექსპორტის საბაჟო ოპერაციის ფარგლებში, კომპანიის ანგარიშვალდებული პირის მიერ წარდგენილ იქნა და დეკლარირებას დაექვემდებარა არასწორი ინვოისი (№-------), ჯამური ღირებულებით 70 916 ევრო. შედეგად, საბაჟო ორგანოში ფიზიკურად წარდგენილი საქონლის ასორტიმენტი და რაოდენობა ნაწილობრივ არ აღმოჩნდა შესაბამისობაში ინვოისში ასახულ მონაცემებთან.
დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით, მომჩივანმა ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის მონაცემების კორექტირების თაობაზე 28.09.2024 წელს საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინა ახსნაგანმარტებითი განცხადება (№-------), სადაც განმარტავდა, რომ ექსპორტისთვის განკუთვნილი საქონლის დეკლარირება უნდა განხორციელებულიყო №------- ინვოისის მიხედვით, ნაცვლად კომპანიის ანგარიშვალდებული პირის მიერ არასწორად წარდგენილი №------- ინვოისისა. შედეგად, ექსპორტირებას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო 245 363.09 ლარით, ნაცვლად 215 783.20 ლარისა.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული №------- ინვოისი, რომელიც არასწორად იქნა წარდგენილი, წინა პერიოდებში განხორციელებული საქონლის ექსპორტის დამადასტურებელი დოკუმენტია. კერძოდ, მომჩივნის მიერ მოცემული №------- ინვოისის საფუძველზე, ტვირთი ექსპორტირებული და დეკლარირებულია 20.09.2024 წლის №------- ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის მიხედვით.
რაც შეეხება საბაჟო ორგანოს მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევას, ვინაიდან, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატებოდა 15 000 ლარს, საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის მასალები, საბაჟო დეპარტამენტის 3.10.2024 წლის №------- წერილით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
სისხლის სამართლის საქმეზე არ გამოკვეთილა უშუალოდ მომჩივნის დანაშაულებრივი ქმედება და პასუხისმგებლობის საკითხი. შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 15.04.2025 წლის №------- წერილით, საბაჟო დეპარტამენტს გაეგზავნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (№-------).
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის, არჩილ ნარინდოშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხსენებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული გამოძიება წარიმართა მომჩივნის დაქირავებული პირის - ------- (პ/ნ -------) მიმართ.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან არ არსებობდა არანაირი სახის ინტერესი, საქონლის საბაჟო დეკლარირების გარეშე ტრანსპორტირებისთვის ან/და საბაჟო ღირებულების შემცირების მიზნით არასწორი ინვოისის წარდგენისათვის. ამაზე მეტყველებს შემდეგი ფაქტები:
- საბაჟო დეკლარირებისას წარდგენილი №------- ინვოისი რეალურია და აღნიშნულის საფუძველზე უკვე განხორციელებული იყო საქონლის ექსპორტირების ოპერაცია (№------- ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია).
- მომჩივნის მიერ მომზადებული №------- ინვოისის შესაბამისი საქონელი ნამდვილად წარმოადგენდა ექსპორტისთვის გამიზნულს და შესაბამისად მოხდა ამ საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენა.
- არსებული საგადასახადო კანონმდებლობით, საქონლის ექსპორტის რეჟიმში მოქცევა არ გულისხმობს რომელიმე გადასახადის დარიცხვას. აქედან გამომდინარე, მომჩივანს არ ჰქონია და ვერც ექნებოდა მცდელობა აღნიშნული სამართალდარღვევა გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით შეესრულებინა.
- 2025 წლის მაისის მდომარეობით, მომჩივნის მიერ განხორციელებულია დაახლოებით 36 000 000 ლარის საქონლის იმპორტისა და 6 500 000 ლარის საქონლის ექსპორტის საბაჟო ოპერაციები, არც ერთ სხვა შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია საბაჟო ან/და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობას. ამასთან, არც ერთ ამ საბაჟო ოპერაციასთან მიმართებით არ გამოვლენილა საბაჟო ან/და საგადასახადო სამართალდარღვევა.
გამოვლენილი სამართალდარღვევა რომ არ უკავშირდება კომპანიის განზრახულობას, დასტურდება შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის მოკვლევის შედეგებითაც - საგამოძიებო სამუშაოების საფუძველზეც დადგინდა ფიზიკური პირის (ანგარიშვალდებული პირი - -------) ბრალეულობა, სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყვეტილ იქნა და საქმეზე არ გამოკვეთილა მომჩივნის დანაშაულებრივი ქმედება ან/და პასუხისმგებლობის საკითხი.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, კომპანიის ანგარიშვალდებული პირის მიერ აღიარებულ იქნა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურის კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ კომპანიის თანამშრომელმა, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელა №------- ექსპორტის საბაჟო დეკლარაციით, №------- ინვოისის შესაბამისი საქონლის დეკლარირება, ნაცვლად №------- ინვოისში ასახული საქონლისა.
აღნიშნულის საფუძველზე 14.04.2025 წელს, ხსენებული პირი განრიდებულ იქნა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, განრიდების პირობის შესრულების საფუძველზე, კერძოდ, ამ პირის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილ იქნა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული წერილის (დანართი №5) საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის, არჩილ ნარინდოშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27.10.2024 წელს ------- შეეცადა საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, გაფორმების ეკონომიკური ზონა აეროპორტის გავლით, საქართველოდან გადაეტანა შპს ------- სახელით წარდგენილი №------- საბაჟო დეკლარაციით 29 579.89 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების საქონელი. ვინაიდან ------- პირველად ჩაიდინა მძიმე კატეგორიის არაძალადობრივი დანაშაული, არ არის ნასამართლევი და აღიარებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, ასევე დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი არ არის მძიმე, ხოლო თავად დანაშაული - მაღალი საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი, მის მიმართ გამოყენებულ იქნა განრიდება. ------- სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად გადაიხადა განრიდების პირობით განსაზღვრული 10 000 ლარი.
რაც შეეხება, უშუალოდ მომჩივნის პასუხისმგებლობის ნაწილს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლის სამართლის საქმეზე არ გამოკვეთილა სხვა პირების, მათ შორის, თავად მომჩივნის დანაშაულებრივი ქმედება და პასუხისმგებლობის საკითხი. აღნიშნულის საფუძველზე, ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება, რომლის შესახებაც ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს გაეგზავნა №------- წერილის სახით.
გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად არასწორი ინვოისის წარდგენისა, მომჩივნის მიერ №------- ექსპორტის საბაჟო დეკლარაციაში ასახული პროდუქციის გარკვეული ნაწილი შესაბამისობაშია №------- ინვოისში მითითებულ პროდუქციასთან. კერძოდ, №------- ექსპორტის საბაჟო დეკლარაციაში და №------- ინვოისში ასახული 63 ერთეული საქონელი იდენტურია საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდების მიხედვით. ამ ტიპის პროდუქციის ჯამური ღირებულება დაახლოებით 150 000 ლარს შეადგენს, მაგალითის სახით წარმოგიდგენთ რამდენიმეს:
№61091000 სეს ესნ კოდით განსაზღვრული 13 ერთეული საქონელი;
№62033100 სეს ესნ კოდით განსაზღვრული 10 ერთეული საქონელი;
№42022100 სეს ესნ კოდით განსაზღვრული 7 ერთეული საქონელი.
რეალურად მომჩივნის მიერ ადგილი არ ჰქონია 245 363.09 ლარის ღირებულების მქონე სხვადასხვა დანიშნულების 121 ერთეული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის ფაქტს. შედეგად, საბაჟო სამართალდარღვევა და შესაბამისი სანქცია გავრცელებულია პროდუქციის იმ ნაწილზეც, რომელიც შესაბამისობაში იყო დეკლარირებულ მონაცემებთან.
ზემოაღწერილ საკითხებთან ერთად, აღსანიშნავია შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემულ №8266 ბრძანებაში არსებული ხარვეზი. კერძოდ, ბრძანების მეორე აბზაცის შესაბამისად: „საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა №------- (04.01.2025წ.) დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად გასატანი (არადეკლარირებული) 121 ერთეული სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომლის საბაჟო ღირებულებამ, №------- (16.09.2024წ.) ინვოისის მიხედვით, შეადგინა 89 926 აშშ დოლარი (245 363.09 ლარი)“.
მომჩივნისთვის უცნობია ბრძანების ამ ნაწილში ნახსენები №------- (04.01.2025წ.) საბაჟო დეკლარაცია, ვინაიდან ამ სარეგისტრაციო ნომრით და თარიღით, საბაჟო დეკლარაცია მომჩივნის მიერ არ ყოფილა რეგისტრირებული. მომჩივანი ფიქრობს, რომ ბრძანების ეს ნაწილი მოიცავს ტექნიკურ ხარვეზს და შეცდომით არის მითითებული საბაჟო დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის შეცდომით ან/და არცოდნით გამოწვეულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებს. კერძოდ, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს აქვს უფლებამოსილება, არ გაავრცელოს გადასახადის გადამხდელზე ფინანსური სანქციები, თუ კმაყოფილდება შემდეგი ორი პირობა: გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა კეთილსინდისიერად და სამართალდარღვევა არის შეცდომის ან/და არცოდნის შედეგი. მომჩივანი მიიჩნევს, რომ მოცემული შემთხვევა აკმაყოფილებს ორივე პირობას და არანაირად არ წარმოადგენს გადასახადის თავიდან არიდების ან დამალვის მცდელობას. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რეგულაციის ტექსტში უშუალოდ არ არის გამოყენებული ტერმინი „დისკრეციული უფლებამოსილება“, იგი გამოხატულია შემდეგი სიტყვებით „საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი მიიჩნევს, რომ მოცემული ჩანაწერი შემოსავლების სამსახურს ანიჭებს დისკრეციულ უფლებას, რომლის მიხედვითაც, მას ეძლევა თავისუფლება საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით, რომლის მიხედვითაც, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მას მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
მომჩივანს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში, უდიდესი მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს. ხსენებულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოკიდებოდა თითოეულ იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენდა მათ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებაზე და ჯარიმის ნაცვლად სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ გამოყენებული პრინციპის (დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი არ არის მძიმე და თავად დანაშაული არ არის მაღალი საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი) ანალოგიურად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ჩადენილი სამართალდარღვევისთვის, საბაჟო სანქცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას გაფრთხილების სახით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანი წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს და მისი მიზანი არ ყოფილა გადასახადისგან თავის არიდება, საბაჟო ორგანოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება ან/და საბაჟო საზღვარზე საქონლის მალულად გადაადგილება, მომჩივანი ითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით გათავისუფლდე საბაჟო დეპარტამენტის ბრძანების მიხედვით დაკისრებული ჯარიმისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების მიხედვით:
ა) საბაჟო კონტროლი წარმოადგენს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
დ) საბაჟო ფორმალობა გულისხმობს დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელ სავალდებულო ქმედებას;
ე) ზოგადი დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით, დადგენილ ვადაში აცნობებს საბაჟო ორგანოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შესახებ;
ზ) საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს.
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბაჟო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია განსაზღვროს მარშრუტი, რომლითაც უნდა გადაადგილდეს გასატანი საქონელი და ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი უნდა იქნეს გატანილი.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი განმარტავს, რომ ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის მონაცემების კორექტირების თაობაზე 28.09.2024 წელს საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინა ახსნა-განმარტება (№-------), სადაც განმარტავდა, რომ ექსპორტისთვის განკუთვნილი საქონლის დეკლარირება უნდა განხორციელებულიყო №------- ინვოისის მიხედვით, ნაცვლად კომპანიის ანგარიშვალდებული პირის მიერ არასწორად წარდგენილი №------- ინვოისისა. შედეგად, ექსპორტირებას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო 245 363.09 ლარით, ნაცვლად 215 783.20 ლარისა. აღსანიშნავია, რომ არასწორად წარდგენილი №------- ინვოისის საფუძველზე, ტვირთი ექსპორტირებული და დეკლარირებულია 20.09.2024 წლის №------- ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის მიხედვით. გამოვლენილი სამართალდარღვევა რომ არ უკავშირდება კომპანიის განზრახულობას, დასტურდება შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის მოკვლევის შედეგებითაც - საგამოძიებო სამუშაოების საფუძველზეც დადგინდა ფიზიკური პირის (ანგარიშვალდებული პირი - -------) ბრალეულობა, სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყვეტილ იქნა და საქმეზე არ გამოკვეთილა მომჩივნის დანაშაულებრივი ქმედება ან/და პასუხისმგებლობის საკითხი.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 13.08.2025 წლის №------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 27.09.2024 წელს მომჩივნის უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, მათ შორის, №------- (20.09.2024წ.) ინვოისის, საფუძველზე №------- საბაჟო დეკლარაციით ექსპორტის საბაჟო პროცედურაში დადეკლარირდა 84 ერთეული სხვადასხვა დასახელების საქონელი (საბაჟო ღირებულება 215 783.20 ლარი), რომელსაც მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“. მითითებული დერეფნის განსაზღვრის შემდეგ, 28.09.2024 წელს მომჩივნის წარმომადგენელმა №------- განცხადებით წარადგინა ახალი ინვოისი - №------- (16.09.2024წ.) და ითხოვა №------- საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა, იმ საფუძვლით, რომ საქონლის დეკლარირებისას წარდგენილი იყო არასწორი ინვოისი (№------- 20.09.2024წ.).
ამდენად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ №------- (27.09.2024წ.) დეკლარაციის, თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების და საქონლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად გასატანი (არადეკლარირებული) 121 ერთეული სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომლის საბაჟო ღირებულებამ №------- (16.09.2024წ.) ინვოისის მიხედვით, შეადგინა 89 926 აშშ დოლარი (245 363.09 ლარი). შედეგად მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა 245 363.09 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის მცდელობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი საქართველოში ფლობს მაღალი კლასის მულტიბრენდულ მაღაზიას. კომპანიის სარეალიზაციო საქონელს წარმოადგენს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტყავის ნაკეთობები და სხვა აქსესუარები.
მომჩივნის უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციით ექსპორტის საბაჟო პროცედურაში დადეკლარირდა სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომელსაც მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“. მითითებული დერეფნის განსაზღვრის შემდეგ, მომჩივნის წარმომადგენელმა განცხადებით წარადგინა ახალი ინვოისი და ითხოვა საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა იმ საფუძვლით, რომ საქონლის დეკლარირებისას წარდგენილი იყო არასწორი ინვოისი.
ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა 245 363.09 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის მცდელობას და პირს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო დეპარტამენტის ბრძანებით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 245 363.09 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(1)