გადაწყვეტილება №21419/2/2023
📄 სრული ტექსტი
№21419/2/2023
10 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ს 27.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21419/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 17.07.2023 წლის №17208 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის №081-186 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27482 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 526 783 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 283 269
დღგ - 21 833
მოგების გადასახადი - 172 623
საშემოსავლო გადასახადი - 88 813
ჯარიმა - 159 128
საურავი - 84 386
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 25 ნოემბრის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელს სალაროში უფიქსირდება უძრავი ნაშთი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით, შემოწმებით გაანგარიშდა საწარმოს საკასო შემოსავლები/ხარჯები და დადგინდა ფულის გონივრული ნაშთი. დაბეგვრის მიზნებისთვის, არაგონივრული ნაშთი, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს იზრდება ან მცირდება (ითვლება შესაბამისი პირის მიერ სალაროდან გატანილად ან სალაროში დაბრუნებულად) ამავე კალენდარული თვის/თვეების არაგონივრული ნაშთის შესაბამისად. საგადასახადო კოდექსის 982 და 101-ე მუხლების გათვალისწინებით, უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებულ არაგონივრულ ნაშთთან მიმართებით განისაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება მოგების და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2022 წლის №31866 ბრძანება და №081-262 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17208 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხის შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17208 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს არ გაუსაჩივრებია.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17208 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის №081-186 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27482 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს, მისი გასაჩივრების საფუძველზე გამოცემულ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას საჩივრის არ დაკმაყოფილებაზე, მასში დაფიქსირებულ აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ 2022 წლის მაისის ბოლოს სალაროში ნაშთი ფიქსირდებოდა 917 000 ლარის ოდენობით, რომელიც მაისის თვემდე მზარდი ნაშთი იყო. 2022 წლის 7 ივლისს სალაროს ნაშთის მონიტორინგი მოახდინა შემოსავლების სამსახურმა, სადაც მითითებული ქონდა, რომ სალაროში ნაშთი არ გააჩნია. 2022 წლის მაისის (საშემოსავლოს და მოგების) დეკლარაციებით აღნიშნული ნაშთი დაბეგრილი იქნა მოგების, ასევე საშემოსავლო (დივიდენდი) გადასახადებით. აღნიშნულზე აუდიტორის მიერ განემარტა, რომ რადგან საგადასახადო შემოწმებაზე შეტყობინება მისული იყო 2022 წლის 14 ივლისს, მაისის თვეს ვერ შეამოწმებდა. ფაქტიურად, შემოწმების დაწყებისთვის აღნიშნული ნაშთი დაბეგრილი იყო და გადახდილიც.
მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხა არ უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც სალაროს არაგონივრული ნაშთი, არამედ უნდა მოხდეს პერიოდის ცვლილებაზე დაჯარიმება, რადგან აღნიშნული ნაშთი 2022 წლის მაისის დეკლარაციით დაბეგრილი ქონდა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანია დიდი სირთულეების წინაშე იდგა კოვიდპანდემიის გამო, ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებას და რომ საჩივარს ურთავს 2022 წლის მაისის მოგების და საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17208 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხის შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ხსენებული ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო აღნიშნული დასკვნიდან ირკვევა შემდეგი:
სადავო საკითხი დამატებით შესწავლილი იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად, რის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას ჯამურად საგადასახადო ვალდებულება ეზრდება და ხდება საგადასახადო ვალდებულების დამძიმება, ვინაიდან სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი ძირითადად მზარდია და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 982 836 ლარს, ხოლო არაგონივრული ფულადი ნაშთი არის 978 219 ლარი. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17208 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს არ გაუსაჩივრებია. ხოლო წარმოდგენილი არგუმენტები, შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურია. კვლავაც აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, 2022 წლის 7 ივლისს სალაროს ნაშთის მონიტორინგი მოახდინა შემოსავლების სამსახურმა, სადაც მითითებული ქონდა, რომ სალაროში ნაშთი არ გააჩნია. 2022 წლის მაისის (საშემოსავლოს და მოგების) დეკლარაციებით აღნიშნული ნაშთი დაბეგრილი იქნა მოგების, ასევე საშემოსავლო (დივიდენდი) გადასახადებით. შემოწმების დაწყებისთვის აღნიშნული ნაშთი დაბეგრილი იყო და გადახდილიც. მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხა არ უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც სალაროს არაგონივრული ნაშთი, არამედ უნდა მომხდარიყო მხოლოდ პერიოდის ცვლილებისათვის ჯარიმის დაკისრება.
საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების შესახებ შეტყობინება ჩაბარდა ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდში, 2022 წლის 10 ივნისს. გადასახადის გადამხდელმა ფულის ნაშთის დანაკლისის თანხა დაბეგრა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ (საგადასახადო შემოწმების პერიოდი მოიცავდა 2022 წლის მაისამდე პერიოდს, ხოლო გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული სხვაობა ასახა 2022 წლის მაისის თვის დეკლარაციაში, რომელიც შემოსავლების სამსახურში წარადგინა 2022 წლის ივნისის თვეში, ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ). იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად, არაგონივრული ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საკითხის შესწავლა იწვევს საგადასახადო ვალდებულების დამძიმებას, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემული დასკვნით არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17208 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებას და რომ საჩივარს ურთავს 2022 წლის მაისის მოგების და საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.
გადამხდელს სალაროში უფიქსირდება უძრავი ნაშთი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით, შემოწმებით გაანგარიშდა საწარმოს საკასო შემოსავლები/ხარჯები და დადგინდა ფულის გონივრული ნაშთი. დაბეგვრის მიზნებისთვის, არაგონივრული ნაშთი, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს იზრდება ან მცირდება ამავე კალენდარული თვის/თვეების არაგონივრული ნაშთის შესაბამისად.უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებულ არაგონივრულ ნაშთთან მიმართებით განისაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება მოგების და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17208 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
982,101.