გადაწყვეტილება №20373/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.11.2023
№ დოკუმენტი 20373/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20373/2/2023

06 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 26.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20373/2/2023).

 

დავის საგანი:

1. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთის სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებლის დაბეგვრა;

3. სამშენებლო ტექნიკის იჯარით გაცემულად ჩათვლა და მიღებული შემოსავლის ხელფასის სახით განაცემად მიჩნევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №007-336 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15827 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 754 307,79 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 131 400

დღგ - 31 269

საშემოსავლო გადასახადი - 1 100 131

ჯარიმა - 562 023

საურავი - 60 884,79

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა საინჟინრო მომსახურების გაწევა, ასევე, საკუთარი ქონების იჯარით გაცემა.

აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.09.2022 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №007-336 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15827 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთის სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან ვერ მოხერხდა დაკავშირება. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, დეკლარაციები) და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურების თანხობრივი ჯამი ედრება მის მიერ დღგ-ში დეკლარირებულ შემოსავალს. შესამოწმებელ პერიოდში ბოლო 6 თვის განმავლობაში გადამხდელს საქმიანობა არ განუხორციელებია. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ კომპანიას უფიქსირდება დიდი რაოდენობით სალაროს მზარდი ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, რომელმაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 4 206 120 ლარი შეადგინა. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით ზემოაღნიშნული თანხა განხილულ იქნა საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე/დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი სხდომაზე არ გამოცხადდა, ასევე, არ იქნა წარმოდგენილი განცხადება განხილვის გადადების თაობაზე. ამდენად, საჩივარი განხილულ იქნა მომჩივნის დაუსწრებლად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში ბოლო 6 თვის განმავლობაში გადამხდელს საქმიანობა არ განუხორციელებია, ხოლო შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა გადამხდელთან დაკავშირება. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს უფიქსირდება დიდი რაოდენობით სალაროს მზარდი ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 4 206 120 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა გადამხდელს დეკლარირებული და დაბეგრილი ჰქონდა შესამოწმებელ პერიოდს მიღმა, 2022 წლის სექტემბრის თვეში. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აქტში აღნიშნული სალაროს ნაშთი დეკლარირებული და დაბეგრილია სექტემბრის თვეში, შესაბამისად შემოწმების მიერ ხელმეორედ მოხდა იგივე ნაშთის დაბეგვრა, რაც წარმოადგენ ამ დარიცხვის გაუქმების საფუძველს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების თანხობრივი ჯამი ედრება მის მიერ დღგ-ში დეკლარირებულ შემოსავალს. შესამოწმებელ პერიოდში ბოლო 6 თვის განმავლობაში გადამხდელს საქმიანობა არ განუხორციელებია. კომპანიას უფიქსირდება დიდი რაოდენობით სალაროს მზარდი ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, რომელმაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 4 206 120 ლარი შეადგინა.

საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიუთითებს, რომ ვინაიდან სალაროს ნაშთის წარმოშობის/მიზნობრიობის შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის და დავის ეტაპზე წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებლის დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანია ფლობდა მსუბუქ ავტომობილს, რომლის საქმიანობაში გამოყენება არ ფიქსირდება. ასევე, კომპანიის მიერ შეძენილი არ არის საწვავი. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ და 21 ნაწილებზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 38-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანია შესამოწმებელ პერიოდში ფლობს მსუბუქ ავტომობილს, რომლის საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება დოკუმენტურად, ასევე, არ ფიქსირდება საწვავის შეძენა. შემოწმებით მიჩნეულ იქნა, რომ დაქირავებული პირადი სარგებლობისათვის იყენებდა დამქირავებლის ავტომობილს და აღნიშნულიდან მიღებული სარგებელი დაიბეგრა, როგორც ხელფასი.

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა არ ყოფილა არცერთ დაქირავებულ პირზე გადაცემული და დარიცხვა არის უკანონო.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 38- ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებად ითვლება შემთხვევა, თუ შრომითი ხელშეკრულებით, წესდებით ან სხვა დოკუმენტით დაქირავებული უფლებამოსილია ავტომობილი გამოიყენოს პირადი (არასამსახურებრივი) მიზნებისათვის. ხოლო განსახილველ შემთხვევაში, დაქირავებულის მიერ ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენება არ დასტურდება დოკუმენტურად, კერძოდ, არ არის დადასტურებული შრომითი ხელშეკრულებით, წესდებით ან სხვა დოკუმენტით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია კომპანიის კუთვნილი ავტომობილის დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისთვის გამოყენებას, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დაქირავებულის მიერ კომპანიის კუთვნილი ავტომობილის პირადი სარგებლობისთვის გამოყენებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მსუბუქი მანქანა არ ყოფილა არცერთ დაქირავებულ პირზე გადაცემული, შესაბამისად დარიცხვა არის უკანონო და იგი არ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15827 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია კომპანიის კუთვნილი ავტომობილის დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისთვის გამოყენებას, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დაქირავებულის მიერ კომპანიის კუთვნილი ავტომობილის პირადი სარგებლობისთვის გამოყენებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15827 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

3. სამშენებლო ტექნიკის იჯარით გაცემულად ჩათვლა და მიღებული შემოსავლის ხელფასის სახით განაცემად მიჩნევა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანია ფლობდა მუხლუხა ექსკავატორს, რომლის საქმიანობაში გამოყენება ვერ ფიქსირდება ვერანაირი დოკუმენტით. ამასთან, არ ფიქსირდება არც საწვავის შეძენა. შემოწმებამ მიიჩნია, რომ გადამხდელი ახორციელებდა მის მფლობელობაში არსებული ექსკავატორის გაქირავებას. აღნიშნული ექსკავატორის გაქირავებიდან მიღებულ შემოსავლად ჩაითვალა დღიური საბაზრო ფასი. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლების შესაბამისად დაერიცხა დღგ. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 1601 მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანია შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა ექსკავატორს, რომლის საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება დოკუმენტურად, ასევე, არ ფიქსირდება საწვავის შეძენა. შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა, რომ გადამხდელი აქირავებდა მის მფლობელობაში არსებულ ექსკავატორს, ხოლო გაქირავებიდან მიღებულ შემოსავლად ჩაითვალა დღიური საბაზრო ფასი, რაც დაიბეგრა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებით.

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ექსკავატორი არ ყოფილა იჯარით გადაცემული და დარიცხვა უკანონოა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ექსკავატორი არ ყოფილა იჯარით გადაცემული, შესაბამისად დარიცხვა არის უკანონო და იგი არ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანია ფლობდა მუხლუხა ექსკავატორს, რომლის საქმიანობაში გამოყენება ვერ ფიქსირდება. არ ფიქსირდება არც საწვავის შეძენა.

შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15827 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15827 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს

1. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთის სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებლის დაბეგვრა;

3. სამშენებლო ტექნიკის იჯარით გაცემულად ჩათვლა და მიღებული შემოსავლის ხელფასის სახით განაცემად მიჩნევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.09.2022 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15827 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15827 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154; 159; 1601;