გადაწყვეტილება №25184/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25184/2/2025
30 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ -ის 16.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25184/2/2025).
დავის საგანი:
უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხების და წარმოქმნილი მოთხოვნების არარეზიდენტზე გაცემულ სესხად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №021-98 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.04.2025 წლის №7697 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 135 466,74 ლარი.
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 632 572
ჯარიმა - 316 286
საურავი - 186 608,74
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მოგების გადასახადის დაბეგვრის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია რეგისტრირებულია 11.04.2018 წლიდან, არ წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს. კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე „--------“ (პ/ნ „--------“). სრული შესამოწმებელი პერიოდია 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე პერიოდი. 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე, 28.12.2023 წელს შედგა საგადასახდო შემოწმების შუალედური აქტი, რის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს წარედგინა №021-129 საგადასახადო მოთხოვნა. შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საბუღალტრო ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები კომპანიის კუთვნილი ანგარიშებიდან (ანგარიშები რეგისტრირებულია უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებში), საბაჟო დეკლარაციები და შემოწმებასთან დაკავშირებული სხვა სააღრიცხვო დოკუმენტები. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისთვის, აგრეთვე, უფიქსირდება საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება) არარეზიდენტი პირების მიმართ (აღნიშნული ოპერაციები აღრიცხულია კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებში 1480 და 1410 ანგარიშებზე).
მოწოდებული ინფორმაციის შესწავლით გარკვეულ პირებთან წარმოქმნილი მოთხოვნები საწყის პერიოდთან შედარებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მზარდია, გარკვეულ შემთხვევებში მოთხოვნების ნაშთი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსთვის უძრავია.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 96-ე მუხლის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები და წარმოქმნილი მოთხოვნები გონივრული ვადის გათვალისწინებით განხილულ იქნა არარეზიდენტზე სესხის გაცემად, შესაბამისად განისაზღვრა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები, რამაც გამოიწვია დარიცხვა მოგების გადასახადში. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №021-98 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2025 წლის №7697 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, 96-ე 97-ე, 982 და 43- ე მუხლებზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საგადასახადო შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბუღალტრო ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები, საბაჟო დეკლარაციები და შემოწმებასთან დაკავშირებული სხვა სააღრიცხვო დოკუმენტები, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისთვის, აგრეთვე, უფიქსირდება საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება) არარეზიდენტი პირების მიმართ. ამასთან, დადგინდა, რომ გარკვეულ პირებთან წარმოქმნილი მოთხოვნები საწყის პერიოდთან შედარებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მზარდია, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში მოთხოვნების ნაშთი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსთვის უძრავია. შესაბამისად, კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები და წარმოქმნილი მოთხოვნები, გონივრული ვადის გათვალისწინებით, განხილულ იქნა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის საქმიანობა, კერძოდ, სეზონური საქონლის ყიდვა-გაყიდვა და შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სესხის სახით კვალიფიკაცია შეეცვალა მხოლოდ იმ მოთხოვნებს, რომელთა წარმოშობიდან გასული იყო ერთი წელი და არ ინაშთებოდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. ასევე, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მუდმივად ხდება ავანსების გადახდა საქონლის შესაძენად, აქედან გამომდინარე, გადამხდელის მოთხოვნა დაბეგრილი ავანსების შემცირებასთან დაკავშირებით, რომლებიც შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ ინაშთება, არამართებულია, რადგან მსგავსი ფაქტი მუდმივად იარსებებს კომპანიის საქმიანობის პროცესში. კომპანია საქონლის შეძენა- რეალიზაციას არ ახორციელებს საქართველოს გავლით, შესაბამისად, ოპერაციის შინაარსის დადასტურება დიდ დროს მოითხოვს, კერძოდ, გამოთხოვილი უნდა იქნას ოპერაციის განხორცილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ინვოისები, საბანკო ამონაწერები, საბაჟო დეკლარაციები) უცხო ქვეყნების შესაბამისი ორგანოებიდან. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ წარმოქმნილი მოთხოვნების კვალიფიკაცია შეიცვალა სესხის სახით და დაიბეგრა მოგების გადასახადით, გადამხდელს უფლება აქვს შემოწმების შემდგომ პერიოდში ჩაითვალოს ის განაშთული ავანსები, რომლებიც დაიბეგრა შემოწმების პროცესში.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე დანართის სახით წარმოდგენილ უცხოური კომპანიების ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ აღნიშნული კომპანიების მიმართ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გააჩნდა 503 710 ლარის და 518 972 ლარის დასაბეგრი მოთხოვნები, ჯამში 1 022 681 ლარის ოდენობით, საიდანაც შემოწმების მხრიდან დაბეგრილია მხოლოდ ის მოთხოვნები, რომლებიც წარმოშობილია 2022 წლის აპრილამდე პერიოდულად მიწოდებული საქონლით. ამასთან, მოთხოვნის არსებობის მიუხედავად გადასახადის გადამხდელი ისევ ახორციელებს საქონლის მიწოდებას აღნიშნულ კომპანიებზე და შემოწმების პერიოდის ბოლომდე დამატებით წარმოეშვა 3 809 919 ლარის მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია წარმოშობილი მოთხოვნები ლოგიკური პერიოდის გათვალისწინებით (რომლის წარმოშობიდან გასულია ერთი წელი) დაკვალიფიცირდეს სესხად და დაიბეგროს მოგების გადასახადით, ხოლო ლიკვიდაციის დასრულების შემდგომ ჩაითვალოს სესხად დაბეგრილ მოთხოვნებად. აუდიტის დეპარტამენტი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საჩივრებზე თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია უცხოურ ენაზე (ესპანური, უკრაინული), რომლებიც არ არის გადათარგმნილი ქართულ ენაზე და არ არის ნოტარიული წესით დამოწმებული, აგრეთვე, წარმოდგენილი დოკუმენტებით არ იკვეთება კომპანია აკმაყოფილებს თუ არა საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის რომელიმე მოთხოვნას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს შემოწმების შემდგომ პერიოდში ჩაითვალოს ის განაშთული ავანსები, რომლებიც დაიბეგრა შემოწმებისას, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული ავანსების და საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნების არარეზიდენტზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იძლეოდა საკმარის საფუძველს, დარიცხული თანხების კორექტირებისთვის, თუმცა დავის ეტაპზე აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამასთან, ამ ნორმის საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებასთან დაკავშირებით მხედველობაში მისაღებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.07.2018 წლის №ბს854-846(კ-16) საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მართალია მოცემული ნორმით საგადასახადო ორგანო აღჭურვილია სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით მისი კვალიფიკაციის შეცვლის უფლებამოსილებით, რაც იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამასთან, სამეურნეო ოპერაციის განხორციელების ფორმიდან გამომდინარე შინაარსს ადგენს არა საგადასახადო ორგანო, არამედ მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, თუ ოპერაციის საფუძველი კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებაა, მისი რეგულაცია ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით და სხვა მსგავსი ნორმატიული აქტებით. სწორედ ეს ნორმატიული აქტები უნდა გამოიყენონ საგადასახადო ორგანოებმა მხარეთა ნებისა და ხელშეკრულების ფორმის შესაბამისობის დასადგენად.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე დაყრდნობით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი გამოიყენება არამართლზომიერი გარიგებების შემთხვევაში, როდესაც სამეურნეო ოპერაციის ფორმა და შინაარსი ერთმანეთს არ ემთხვევა.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანიის მიერ საქონლის შესაძენად ავანსის სახით გადარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა სესხის სახით გაცემულ თანხებად.
მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობის, კერძოდ კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამის საპირისპიროდ, საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ტროპიკული ხილით და ბოსტნეულით საბითუმო ვაჭრობა. საქონლის შეძენას კომპანია ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებში (მათ შორის, კოლუმბია, ეკვადორი, ბრაზილია, ჩინეთი, ეგვიპტე, თურქეთი და სხვა), ხოლო აღნიშნული პროდუქცია მიწოდებულია ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ არარეზიდენტი პირებისათვის, ძირითადად, უკრაინაში. შემოწმების ეტაპზე კომპანიის მიერ წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები, ინვოისები, საბაჟო დეკლარაციები.
საგადასახადო ორგანოს მხრიდან არ არის დასაბუთებული სამეურნეო ოპერაციის ცვლილების ფაქტობრივი თუ სამართლებრივი ასპექტები. კომპანია, რომელიც ახორციელებს ტროპიკული ხილით საბითუმო ვაჭრობას, მის მომწოდებლებს წარმოადგენენ არაერთი შორეული ქვეყნის კომპანიები და აღნიშნული საქონლით ვაჭრობაც მოითხოვს განსაკუთრებული სპეციფიკით მუშაობას. კომპანიის მიერ მომწოდებლისათვის წინასწარ ხდება თანხების გადახდა, რათა სეზონისათვის მოხდეს პროდუქციის შენახვა და მოწოდება. თავის მხრივ, ვაჭრობა მყიდველებსა და მომწოდებლების შემთხვევაშიც ამავე პრინციპით ხორციელდება, წინასწარ ირიცხება ავანსები. განსხვავებულია საქონლის ტრანსპორტირებაც, რაც მოითხოვს შესაბამისი სტანდარტების დაცვას, რომ თავიდან იქნას არიდებული ტრანსპორტირების დროს საქონლის გაფუჭების შემთხვევები. ამ პირებს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტი სულ მცირე გამყარებული უნდა იყოს იმ გარემოებით, რომ ამ მხარეებს შორის იკვეთება ურთიერთდამოკიდებულების ფაქტი, რაც გავლენას ახდენს ამ კომპანიების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. სხვა შემთხვევაში არ არსებობს ლოგიკა, რომ კომპანიამ, რომელიც ორიენტირებულია მიიღოს შემოსავალი და მოგება საქმიანობის განხორციელებით, წინასწარ გადაურიცხოს თანხები სესხის მიზნობრიობით.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შემოსავალი კომპანიას დოკუმენტურად არ უდგინდება და კომპანიებთან ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას. გარდა ამისა, მხედველობაში მისაღებია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული კომპანიების საქმიანობის სახე რელევანტურია შპს „--------“-ის საქმიანობასთან - ტროპიკული ხილით ვაჭრობა. ხოლო რაც შეეხება წინასწარ გადარიცხული თანხების „დაყოვნების“ გონივრულობას აღნიშნული დოკუმენტურად დასტურდება შესამოწმებელი პერიოდის ჭრილშიც, როდესაც განაშთვა საქონლის შესყიდვით ხორციელდება მომდევნო წლებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ არამართლზომიერია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენება, რის გამოც შემოწმებით დარიცხული თანხები უნდა გაუქმდეს.
აუდიტის დეპარტამენტის 16.06.2023 წლის №13663 ბრძანების საფუძველზე შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების პერიოდად განისაზღვრა 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული პერიოდის დოკუმენტაციის მოთხოვნა, შესაბამისად კომპანიის მხრიდან მოხდა მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს აუდიტის დეპარტამენტის მიერ ნაშთად რიცხული თანხები განხილულ იქნა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად.
თანხების დარიცხვისას უნდა მოხდეს ავანსად გადარიცხული იმ თანხების გათვალისწინება, რომელიც შემცირდა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ. თანხების დიდი ნაწილი 2023 წლის განმავლობაში მცირდება, ისევე როგორც ხდება ახალი ავანსების გადარიცხვა. ეს არის კომპანიის სტანდარტული საოპერაციო პროცესი და სხვაგვარად ეს ბიზნესი არ ფუნქციონირებს.
ცხრილში ასახულია ის კომპანიები, რომლებსაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება ნაშთები, თუმცა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ ხდება ნაშთად რიცხული თანხების შემცირება
#assignedTableId-1751284244273 {width: 480pt; margin: 0 auto !important; }კომპანიის დასახელებაბრუნვა (ლარში)შედეგი
„--------“ L.T.D.20,375იხურება 2023 წლის
მაისში
„--------“332,503ავანსის თანხა იხურება 2023
წლის მაისიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით.
„--------“200,369იხურება 2023 წლის
ივნისში
„--------“20,978ინაშთება 2023 წლის ივნისში
„--------“48,005ინაშთება 2023 წლის
ივნისში
„--------“48,181ინაშთება 2023 წლის
ივნისში
„--------“60,668ინაშთება 2023 წლის
ივნისში
„--------“54,736ინაშთება 2023 წლის
დეკემბერში
„--------“815,791ავანსის თანხა იხურება
2023 წლის ივნისიდან 2023
წლის სექტემბრის ჩათვლით.
„--------“ Ltd15,120ინაშთება 2023 წლის
ივნისში
„--------“LLC503,710კომპანია
ლიკვიდირებულია (დანართი)
„--------“518,972კომპანია
ლიკვიდირებულია (დანართი)
„--------“465,713დებიტორული თანხა
დაიხურა 2023 წლის მაისიდან
2023 წლის აგვისტოს ჩათვლით.
„--------“124,795იხურება 2023 წლის
აგვისტოდან 2023 წლის
ოქტომბრის ჩათვლით.
„--------“98,110დებიტორ კრედიტორია
და 2022 წლის 1 იანვარს
განხორციელდა
ურთიერთგადახურვა
„--------“ LTD 35,952მიმდინარეობს მოლაპარაკება
დავა გადაწყდეს
ურთიერთშეთანხმების გზით,რისი მიუღწევლობის
შემთხვევაშიც კომპანია გეგმავს
სასამართლო დავის დაწყებას.
კომპანიებს, რომლებთანაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს რჩება ნაშთი, უმეტესი მათგანი ნულდება სხვადასხვა პერიოდებში. დავალიანების დასტურად გამოითხოვეს შედარების აქტები, რომელიც მომზადდა 2023 წლის პერიოდზე განხორციელებული ფინანსური აუდიტის ფარგლებში.
მოხდა 2 კომპანიის ლიკვიდაცია: „--------“ LLC და „--------“. მათთან ნაშთი ჯამურად ერთ მილიონ ლარამდეა, შესაბამისად, მათ მიმართ კომპანიის მოთხოვნა ექვემდებარება ჩამოწერას. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის მხრიდან უნდა მოხდეს კომპანიის ლიკვიდაციის საფუძვლით ამ კომპანიების ნაწილში დასაბეგრი ბაზის შემცირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების სამართლებრივი თუ ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება.
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელთა გათვალისწინება ვერ მოხდა საგადასახადო ორგანოს მიერ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში და გაუქმდეს შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ დახურული/შემცირებული ავანსების შესაბამისად მოგების გადასახადში დარიცხული თანხები. უნდა გაუქმდეს ლიკვიდირებულ კომპანიებზე გადახდილი თანხების სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისთვის, აგრეთვე, უფიქსირდება საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება) არარეზიდენტი პირების მიმართ (აღნიშნული ოპერაციები აღრიცხულია კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებში 1480 და 1410 ანგარიშებზე). გარკვეულ პირებთან წარმოქმნილი მოთხოვნები საწყის პერიოდთან შედარებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მზარდია, გარკვეულ შემთხვევებში მოთხოვნების ნაშთი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსთვის უძრავია.
კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები და წარმოქმნილი მოთხოვნები გონივრული ვადის გათვალისწინებით, შემოწმებით განხილულ იქნა არარეზიდენტზე სესხის გაცემად, შესაბამისად განსაზღვრულ იქნა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები.
მომჩივანი განმარტავს, რომ არამართლზომიერია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენება, რის გამოც შემოწმებით დარიცხული თანხები უნდა გაუქმდეს. თანხების დარიცხვისას უნდა მოხდეს ავანსად გადარიცხული იმ თანხების გათვალისწინება, რომელიც შემცირდა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ. თანხების დიდი ნაწილი 2023 წლის განმავლობაში მცირდება, ისევე როგორც ხდება ახალი ავანსების გადარიცხვა. ეს არის კომპანიის სტანდარტული საოპერაციო პროცესი და სხვაგვარად ეს ბიზნესი არ ფუნქციონირებს. ცხრილის სახით წარმოდგენილია კომპანიების მონაცემები, რომლებსაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება ნაშთები, თუმცა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ ხდება ნაშთად რიცხული თანხების შემცირება. დავალიანების დასტურად გამოითხოვეს შედარების აქტები, რომელიც მომზადდა 2023 წლის პერიოდზე განხორციელებული ფინანსური აუდიტის ფარგლებში. მოხდა 2 კომპანიის ლიკვიდაცია: „--------“ LLC და „--------“. მათთან ნაშთი ჯამურად ერთ მილიონ ლარამდეა, შესაბამისად, მათ მიმართ კომპანიის მოთხოვნა ექვემდებარება ჩამოწერას. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის მხრიდან უნდა მოხდეს კომპანიის ლიკვიდაციის საფუძვლით ამ კომპანიების ნაწილში დასაბეგრი ბაზის შემცირება.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ გარკვეულ პირებთან წარმოქმნილი მოთხოვნები საწყის პერიოდთან შედარებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს იზრდება, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში მოთხოვნების ნაშთი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსთვის უძრავია, კომპანიის მიერ არარეზიდენტი პირებისთვის ავანსის სახით გადარიცხული თანხები და საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანებები საგადასახადო ორგანოს მიერ მართლზომიერად ჩაითვალა გაცემულ სესხად.
ამასთან, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, საბჭო მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ არარეზიდენტ პირებზე სესხად გაცემულად განხილული თანხების ოდენობის განსაზღვრისას დამატებით გათვალისწინებული უნდა იქნას ავანსის შემთხვევაში, შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ მოწოდებული საქონელი ან/და უკან დაბრუნებული თანხები, ხოლო საქონელის მიწოდებით წარმოშობილი დებიტორული დავალიანების შემთხვევაში, შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ საქონელის დაბრუნების ან/და თანხების მომჩივნისთვის ანაზღაურების ფაქტები. აღნიშნულთან დაკავშირებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში მომჩივნისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ მომჩივნისთვის მოწოდებული საქონელის/უკან დაბრუნებული თანხების ან/და საქონელის დაბრუნების/თანხების ანაზღაურების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.04.2025 წლის №7697 ბრძანება;
3. საბჭოს აპარატს დაევალოს საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად გაუგზავნოს აუდიტის დეპარტამენტს;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხი შეისწავლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს,რომ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელთა გათვალისწინება ვერ მოხდა საგადასახადო ორგანოს მიერ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში და გაუქმდეს შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ დახურული/შემცირებული ავანსების შესაბამისად მოგების გადასახადში დარიცხული თანხები.უნდა გაუქმდეს ლიკვიდირებულ კომპანიებზე გადახდილი თანხების სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისთვის, აგრეთვე, უფიქსირდება საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნები არარეზიდენტი პირების მიმართ.
მოწოდებული ინფორმაციის შესწავლით გარკვეულ პირებთან წარმოქმნილი მოთხოვნები საწყის პერიოდთან შედარებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მზარდია, გარკვეულ შემთხვევებში მოთხოვნების ნაშთი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსთვის უძრავია. სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 96-ე მუხლის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები და წარმოქმნილი მოთხოვნები გონივრული ვადის გათვალისწინებით განხილულ იქნა არარეზიდენტზე სესხის გაცემად, შესაბამისად განისაზღვრა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები, რამაც გამოიწვია დარიცხვა მოგების გადასახადში. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.04.2025 წლის №7697 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში მომჩივნისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ მომჩივნისთვის მოწოდებული საქონელის/უკან დაბრუნებული თანხების ან/და საქონელის დაბრუნების/თანხების ანაზღაურების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),982.