ბრძანება N 1826
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1826
03.02.2023
შპს „------“ (ს/ნ ------)
(მის.:------- )
2022 წლის 23 დეკემბრის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 20 იანვარს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ -------- ) №77523/1/2022 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 7 დეკემბრის №122398-21-12 დადგენილების (2022 წლის 5 დეკემბრის №004109 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) თაობაზე.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2022 წლის 7 დეკემბრის №122398-21-12 დადგენილების მიღების მომენტისთვის კომპანიას საპენსიო გადასახადი გადახდილი ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო დადგენილებით დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და მასზე თანდართული დოკუმენტების შინაარსიდან ირკვევა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „--------“ (ს/ნ -------) გადამოწმება, რა დროსაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეული იქნა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე 2022 წლის 5 დეკემბერს შედგენილ იქნა №004109 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და 2022 წლის 7 დეკემბრის №122398-21-12 დადგენილება, რომლითაც სამართალდამრღვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაეკისრა სახდელი 500 ლარის ოდენობით.
ამასთან, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შპს „-------“ (ს/ნ --------) მიმართ №004109 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 2022 წლის 5 დეკემბერს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებებიდან ირკვევა, რომ შპს „---------“ (ს/ნ -------) აღნიშნული გადახდები განხორციელებული აქვს ოქმის შედგენის დღეს.
გადასახადის გადამხდელი 2022 წლის 5 დეკემბრის №004109 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და 2022 წლის 7 დეკემბრის №122398-21-12 დადგენილებას ელექტრონულად გაეცნო 2022 წლის 23 დეკემბერს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2, მე-5 ნაწილებისა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:
2. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი).
5. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია, ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.
6. მონაწილე დასაქმებულის საპენსიო შენატანების დაფინანსება ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას მონაწილე დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს დამსაქმებლისა და თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო მხარდაჭერის საშუალებით.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახური საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს ინფორმაციით, რომლის საფუძველზედაც საპენსიო სააგენტო ამოწმებს დამსაქმებლის და მონაწილის მიერ საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტებს ან/და ავლენს თანხების ზედმეტად გადახდის ფაქტებს, რის შედეგადაც: ა) დამსაქმებლის ან/და მონაწილის ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო შესაბამის ინფორმაციას ელექტრონული ფორმით უგზავნის დამსაქმებელს, მონაწილეს და შემოსავლების სამსახურს, რომელიც ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევების საერთო რაოდენობისა) გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;
გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „--------“ (ს/ნ -------) მიერ დარღვეულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------- “ (ს/ნ -------- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.