გადაწყვეტილება №20402/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20402/2/2023
09 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 28.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20402/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 15.10.2020 წლის №31080 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის №006-78 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12655 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 841 879,52 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 409 387
დღგ - 158 990
მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - (- 395)
საშემოსავლო გადასახადი - 250 792
ჯარიმა - 204 891
საურავი - 227 601,52
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანს სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 27.12.2019 წლის აქტით. შემოწმებულია 1.08.2016 წლიდან 1.04.2019 წლამდე პერიოდი.
11.10.2018 წელს კომპანიამ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით, რომლითაც მოთხოვნილია კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება. 27.10.2018 წელს გამოიცა ბრძანება კომპანიის მთლიანი აქტივებისა და ვალდებულებების რეალიზაციის მიზნით აუქციონის დანიშვნის შესახებ. აღნიშნული აუქციონის მიხედვით სს ------- ბანკს გადაეცა კომპანიის მთლიანი აქტივები და ვალდებულებები. ამასთანავე კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებში ნაშთად ფიქსირდება დასაკუთრებული ოქრო 806 303 ლარის ოდენობით.
გამომდინარე იქედან, რომ ბუღალტრულ ჩანაწერებში არსებული ოქროს მოცულობა, რომელიც რეალურად აღარ არსებობდა ჩაითვალა მიწოდებად (აქტივების გადაცემის საანგარიშო პერიოდში, ვინაიდან ბუღალტრულად არსებული ოქროს ნაშთის არარსებობა ამავე პერიოდში დასტურდება) და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ბუღალტრული ჩანაწერებით დგინდება, რომ კომპანიას ბუღალტრულად გააჩნდა ისეთი აქტივები, რომლებიც გადაცემის მომენტში რეალურად აღარ არსებობდა. კერძოდ, ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, მოთხოვნა ოქროს მიწოდებიდან 48 506 ლარი და 806 303 ლარის ღირებულების დასაკუთრებული ოქრო, აღნიშნული ოქროს ნაშთი ჩაითვალა რეალიზებულად, ხოლო მისაღები თანხები ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ შემოსავლად.
კომპანიის მიერ ლიკვიდაციის პროცესში აუქციონის წესით სრულად არ იქნა გადაცემული ოქრო სს ------- ბანკისთვის, რაც დაკვალიფიცირდა როგორც ხელფასის სახით განაცემი ანგარიშვალდებულ პირზე. აქედან გამომდინარე, კომპანია ვალდებული იყო მოეხდინა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება და შესაბამისი დეკლარაციის წარდგენა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2019 წლის №006-1217 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.10.2020 წლის №31080 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ოქროს დანაკლისის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 15.10.2020 წლის №31080 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა კომპანიის შიდა აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის ჩანაწერები, წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად არ დასტურდება გადამხდელის არგუმენტაცია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ბუღალტრულ ჩანაწერებში დასაკუთრებული ოქროს საწყისი ნაშთი განსაზღვრული იყო არასწორად. კერძოდ, საწყის ნაშთად ასახული იყო ნივთის (ნაკეთობის) წონა ნაცვლად ძვირფასი ლითონის რეალური წონისა. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული მონაცემები აღნიშნულ ნაწილში დარჩა უცვლელი.
აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 28.02.2023 წლის №006-78 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12655 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები სულ 69 266 ლარით, მათ შორის, გადასახადი 47 720 ლარით და ჯარიმა 21 546 ლარით.
გადასახადის გადამხდელის პოზიციით, წინა შემოწმებამ ინვენტარიზაციით დათვალა ნივთის წონა და არა ოქროს რეალური წონა, შესაბამისად, კომპანიამ ბუღალტერიაში ასახა საწყის ნაშთად ინვენტარიზაციის შედეგი, ანუ ნივთის მთლიანი წონა და შემდგომ ანგარიშგებას (დასაკუთრება და რეალიზაცია) ახორციელებდა ოქროს რეალური წონის მიხედვით, ხოლო გამოვლენილი დანაკლისი, არის სხვაობა საწყის ნაშთად დასმულ ნივთის გრამაჟობასა და ამ ნივთში ოქროს რეალურ გრამაჟობას შორის.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელმა აღნიშნული პოზიციის დასაბუთების მიზნით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარმოადგინა კომპანიის შიდა აღრიცხვის პროგრამიდან ექსელის ფაილი, სადაც გამიჯნულია ნივთის მთლიანი წონა და ამ ნივთში ძვირფასი ლითონის წონა. წარმოდგენილი ექსელის ფაილით ნივთის მთლიანი წონა არის 40 422 გრამი (რაც ასევე ემთხვევა ინვენტარიზაციის მონაცემებით დათვლილ ჯამურ მონაცემებს), ხოლო უშუალოდ ძვირფასი მეტალის წონა მითითებულია 30 353 გრამი, სხვაობა შეადგენს 10 071 გრამს. წარმოდგენილი მტკიცებულების გადამოწმების მიზნით გადამხდელისგან დამატებით მოთხოვნილი იქნა პირველადი დოკუმენტაცია (სესხის ხელშეკრულებები და ლითონის შეფასების აქტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ა.შ), საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა გადამხდელის პოზიციის დასაბუთება, თუმცა უფლებამოსილი პირის ზეპირი განმარტებით აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლებელია. გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა ინვენტარიზაციის მასალები (წინა საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტში სხვა ჯარიმების ნაწილში მოცემულია, რომ ბუღალტრულად ოქროს ნაშთი შეადგენს სულ 40 422 გრამს და ფაქტობრივად დათვლილი ოქროს წონიდან გამოვლინდა დანაკლისი 500 სინჯში - 498,99 გრამი და 958 სინჯში - 117,4 გრამი. ვინაიდან სახეობის მიხედვით დანაკლისი არ აღემატება 2%-ს ჯარიმა არ განისაზღვრა), კერძოდ ფაქტობრივად აღწერის შედეგებში (დანართი №16) ზოგიერთ შემთხვევაში მითითებულია სესხის ნომერი, ნივთის მთლიანი წონა და ძვირფასი ლითონის წონა. ასეთი იდენტიფიცირებადი შემთხვევები შერჩევით შედარებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ექსელის ფაილთან და დადგინდა, რომ ნივთის მთლიან წონაში ასახულია ინვენტარიზაციის შედეგებში აღრიცხული ძვირფასი ლითონის წონა, შესაბამისად, გადამხდელის პოზიცია შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გაზიარებული არ ყოფილა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით კომპანიას დასაკუთრებული ჰქონდა 29 199 გრამი ძვირფასეულობა თუმცა სალიკვიდაციო ბალანსის გამოყვანისას რეალურად აღმოჩნდა 18 819 გრამი ძვირფასი ლითონი (სხვაობა 10 380 გრამი - 806 303 ლარი).
საყურადღებოა შემდეგი გარემოება - ორგანიზაცია მონაცემების აღრიცხვისათვის იყენებდა ორ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ პროგრამას: ძვირფასი ლითონებით უზრუნველყოფით გაცემული სესხების აღრიცხვის პროგრამა (DOM) და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა (FMG), აღნიშნული პროგრამები ერთმანეთთან ინტეგრირებული არ იყო, რის გამოც დასაკუთრებული ძვირფასეულობის აღრიცხვა შესაბამისი სესხის ხელშეკრულების (რომელიც მოიცავს ნივთის შეფასებასაც დანართი №9) საფუძველზე მიმდინარეობდა მხოლოდ სესხების პროგრამაში.
წარსულში, კერძოდ აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2016 წლის საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, განხორციელდა დასაკუთრებული ოქროს ინვენტარიზაცია, რომლის შედეგები აისახა ბუღალტრულ პროგრამაშიც. 2016 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის ძვირფასი ლითონების ინვენტარიზაციის რეესტრის შპს -------ს სესხების აღრიცხვის პროგრამასთან შედარებით ირკვევა, რომ ძირითად შემთხვევებში ძვირფასეულობის გრამაჟში ძვირფასი ლითონის წონის ნაცვლად დაფიქსირებულია ნივთის (ნაკეთობის) წონა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუღალტრულ პროგრამაში თავიდანვე არასწორად მოხდა დასაკუთრებული ნივთების წონის დაფიქსირება და ნაცვლად 30 353 გრამი (დანართი 10) მეტალის წონისა დაფიქსირდა 40 422 გრამი (21.12.2016 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი) ნივთის წონა, რამაც შემდგომში საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხვის კუთხით გამოიწვია უზუსტობები, ვინაიდან ძვირფასი ლითონების შემდგომი რეალიზაცია ხდებოდა მეტალის წონის (ჯართად) და არა ნივთის/ნაკეთობის გრამაჟის მიხედვით. სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ბუღალტრულ ჩანაწერებში 806 303 ლარის ნაშთის არსებობა.
ამრიგად შემოწმების აქტის თანახმად, კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებში ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო ნაშთად დაფიქსირებული დასაკუთრებული ოქრო 806 303 ლარის ოდენობით ჩათვლილ იქნა რეალიზებულად, კომპანიას აღნიშნულ ოპერაციაზე დაერიცხა დღგ, ხოლო მისაღები თანხა დაკვალიფიცირებულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დამატებით კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. კატეგორიულად მიუღებელია კომპანიისთვის დღგ-ის მიზნებისთვის მიწოდებად განხილულ ოპერაციასთან მიმართებაში დამატებით საშემოსავლო გადასახადის დაკისრებასაც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ოქროს შესაძლო რეალიზაციის შედეგად მისაღები შემოსავალი, რაც აუდიტორის მიერ ჩათვლილ იქნა ხელფასად, არ წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ სარგებელს. ფაქტი, რომ დაქირავებული პირის მიერ მიღებულ იქნა რაიმე სახის სარგებელი დადგენილი არ არის და შესაბამისად, გაუგებარია რის საფუძველზე მოახდინა აუდიტორმა ოპერაციისთვის აღნიშნული კვალიფიკაციის მინიჭება. საგადასახადო კანონმდებლობა დღგ-ის მიზნებისთვის მიწოდებად განხილული ოპერაციის შედეგად მიღებული ანაზღაურების ხელფასად განხილვას საერთოდ არ ითვალისწინებს, მითუმეტეს, როდესაც შემოწმების აქტში არ არსებობს რაიმე სახის მითითება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით) გამოყენებასთან დაკავშირებით. ამდენად, დაუსაბუთებელია და კანონსაწინააღმდეგოა აუდიტორის გადაწყვეტილება რეალიზებულად განხილული ოქროდან მისაღები თანხის ხელფასად განხილვასთან და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებითაც.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და უნდა გაუქმდეს დარიცხული გადასახადები: დღგ 144 621 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 249 144 ლარი, ამ გადასახადებთან დაკავშირებით დარიცხული ჯარიმა 196 883 ლარი და საურავი 218 705 ლარი (სულ 809 353 ლარი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახურის 15.10.2020 წლის №31080 ბრძანებით, ოქროს დანაკლისის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა კომპანიის შიდა აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის ჩანაწერები, წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად არ დასტურდება გადამხდელის არგუმენტაცია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ბუღალტრულ ჩანაწერებში დასაკუთრებული ოქროს საწყისი ნაშთი განსაზღვრული იყო არასწორად. კერძოდ, საწყის ნაშთად ასახული იყო ნივთის (ნაკეთობის) წონა ნაცვლად ძვირფასი ლითონის რეალური წონისა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 15.10.2020 წლის №31080 ბრძანების მართლზომიერად აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, წარმოადგენდა თუ არა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების სათანადო საფუძველს მომჩივნის მიერ წარმოდგენილ საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტები/მითითებული საკანონმდებლო ნორმები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12655 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით. კომპანიამ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით, რომლითაც მოთხოვნილია კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება. გამოიცა ბრძანება კომპანიის მთლიანი აქტივებისა და ვალდებულებების რეალიზაციის მიზნით აუქციონის დანიშვნის შესახებ. აღნიშნული აუქციონის მიხედვით ბანკს გადაეცა კომპანიის მთლიანი აქტივები და ვალდებულებები. ამასთანავე კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებში ნაშთად ფიქსირდება დასაკუთრებული ოქრო. ბუღალტრულ ჩანაწერებში არსებული ოქროს მოცულობა, რომელიც რეალურად აღარ არსებობდა ჩაითვალა მიწოდებად (აქტივების გადაცემის საანგარიშო პერიოდში, ვინაიდან ბუღალტრულად არსებული ოქროს ნაშთის არარსებობა ამავე პერიოდში დასტურდება) და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, №31080 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელიც №12655 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 15.10.2020 წლის №31080 ბრძანების მართლზომიერად აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, წარმოადგენდა თუ არა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების სათანადო საფუძველს მომჩივნის მიერ წარმოდგენილ საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტები/მითითებული საკანონმდებლო ნორმები.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(11); 73(9); 101(1); 154(1„ა“); 1.01.2021 წლამდე მოქმედი 161(1„ა“).
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.