ბრძანება N 19150

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.08.2025
№ დოკუმენტი 19150
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 19150

27 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------------ის“ (ს/ნ -------------------)

(ფაქტ. მის.:-------------------------------------;

იურ. მის.:--------------------------------------)

2025 წლის 12 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა შპს „----------------ის“ (ს/ნ -------------------) 2025 წლის 12 აგვისტოს №97503/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №005-124 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციისას გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს შორის სხვაობის (საწვავი/მისართები) რეალიზებულად განხილვას და ფასნამატის გამოყენებას. აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის მიერ თითქოსდა აღმოჩენილი სათბობი საწვავი არის მისართი, შესაბამისად, ინვენტარიზაციისას არასწორად იქნა შეტანილი მისი დასახელება, რადგანაც სათბობი საწვავი არის ზოგადი დასახლება და არ არსებობს ამ ტიპის საქონელი და იგი მოიცავს, როგორც ბენზინს, ასევე დიზელს, მაზუთს, მისართს და სხვა. შესაბამისად, მისართის ნაშთი არსებობდა და არასწორად მოხდა მისი მითითება ინვენტარიზაციის დროს.

რაც შეეხება, რომ თითქოსდა მისართის დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი არის 26%, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან დეკლარაციებით და ბუღალტრული პროგრამით არ დასტურდება მისართების ამ ოდენობის ფანსამატით რეალიზაცია და მისი ფასნამატი მერყეობს 1%-მდე საქართველოში, ხოლო ბენზინის დოკუმენტურად და ბუღალტრული პროგრამით დაფიქსირებული ფასნამატი არის 13%.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოდან გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ შპს „-------------“-ის მიმართ თანხა გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით, თუმცა აღნიშნული კომპანია უკანონოდ დღემდე თავს არიდებს აღნიშნული ფაქტზე საბუთის გაცემას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 31 მარტის №6003 და 30 მაისის №11092 ბრძანებებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------------ის“ (ს/ნ -------------------) საჩივარი. კერძოდ:

. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 31 მარტის №6003 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------------ის“ (ს/ნ -------------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საწვავის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდის შემოსავალი განსაზღვროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფანსამატის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

6. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“

 

. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 მაისის №11092 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------------ის“ (ს/ნ -------------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 31 მარტის №6003 და 30 მაისის №11092 ბრძანებების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 27 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 59 862 ლარი, მათ შორის, გადასახადი 39 908 ლარი, ჯარიმა 19 954 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 4 ივლისის №005-124 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 31 მარტის №6003 ბრძანების შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილი საწვავის შესაბამისი სახეობის სარეალიზაციო ფასი გამოყენებული იქნა 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებზე, ხოლო 2022 წლის საანგარიშო პერიოდის შემოსავალი განისაზღვრა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენებით. შედეგად, გადამხდელს გადაანგარიშების შედეგად უმძიმდება საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება არ განხორციელდა.

. გადაანგარიშების ეტაპზე, შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია. შესწავლის შედეგად ვლინდება, რომ გადამხდელის მიერ გამოვლენილი დანაკლისის თანხიდან (206 580 ლარი) 200 000 ლარი გათვალისწინებული იქნა სალაროთი შემოსულ თანხებში, შედეგად, აღნიშნულ საკითხში გადამხდელს შეუმცირდა მის მიერ გამოვლენილ დანაკლისზე (200 000 ლარი დღგ-ის გარეშე) დარიცხული მოგების გადასახადი 35 294 ლარი და ჯარიმა 19 387 ლარი.

. შემოწმების მიერ განხორციელდა იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების სრულად გათვალისწინება ხარჯებში. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა დარიცხვა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 1 135 ლარი და ჯარიმა 568 ლარი.

. გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმებით მიერ განხორციელა საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციის, კერძოდ შპს „-------“-ის, „----------”-ის და შპს „----------------ს” შორის დადებული სამმხრივი შეთანხმების შესწავლა, რის შედეგადაც დგინდება, რომ საწარმოდან „----------”-ისთვის გადარიცხული თანხა წარმოადგენს შპს „--------“-ის „-------”-ის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვას. აღნიშნული გადარიცხვის განხოციელების შემდგომ კი შპს „-------“-ს წარმოექმნა დავალიანება შპს „----------ის” მიმართ. შედეგად, გადაანგარიშებით შემცირდა „---------”- ისთვის გადარიცხულ თანხაზე დარიცხული მოგების გადასახადი 3 479 ლარით და ჯარიმა 1 740 ლარით.

. გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელს დამატებითი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი არ არსებობს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილი საწვავის შესაბამისი სახეობის სარეალიზაციო ფასი გამოყენებული იქნა 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებზე, ხოლო 2022 წლის საანგარიშო პერიოდის შემოსავალი განისაზღვრა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენებით. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი რაოდენობრივი დანაკლისი გადანაწილდა თვეებზე დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად და განისაზღვრა დანაკლისის თვითღირებულება ყოველთვიურად შეძენილი საწვავის საშუალო ფასის გამოყენებით. ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილი საწვავის შესაბამისი სახეობის სარეალიზაციო ფასი გამოყენებული იქნა 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებზე, ხოლო 2022 წლის საანგარიშო პერიოდის შემოსავალი განისაზღვრა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის (8%) გამოყენებით, 2021 წელს საწვავის რეალიზაცია გადამხდელს არ უფიქსირდება. გამომდინარე იქიდან, რომ 2022 წელს შეძენილი საწვავის საშუალო თვითღირებულება უმეტეს თვეებში აღემატებოდა ინვენტარიზაციით დადგენილ ფასს დღგ-ის გარეშე, გადამხდელს გადაანგარიშების შედეგად დაუმძიმდა საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. შესაბამისად, დასკვნით აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება არ განხორციელდა. ხოლო, შპს „--------“-ის მიმართ გადახდილ თანხასთან მიმართებით, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე შემცირებას დაექვემდებარა გადამხდელის მიერ გამოვლენილ დანაკლისზე, ასევე „-------”-ისთვის გადარიცხულ თანხაზე დარიცხული მოგების გადასახადი, ხოლო იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების ხარჯებში სრულად გათვალისწინებით შემცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------------ის“ (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება:

1.ინვენტარიზაციისას გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს შორის სხვაობის (საწვავი/მისართები) რეალიზებულად განხილვას და ფასნამატის გამოყენებას.

2.საწარმოდან გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის №6003 და №11092 ბრძანებებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი. აღნიშნული ბრძანებების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 31 მარტის №6003 ბრძანების შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილი საწვავის შესაბამისი სახეობის სარეალიზაციო ფასი გამოყენებული იქნა 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებზე, ხოლო 2022 წლის საანგარიშო პერიოდის შემოსავალი განისაზღვრა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენებით. შედეგად, გადამხდელს გადაანგარიშების შედეგად უმძიმდება საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება არ განხორციელდა.

ასევე, გადაანგარიშების ეტაპზე, შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია. შესწავლის შედეგად ვლინდება, რომ გადამხდელის მიერ გამოვლენილი დანაკლისის თანხიდან (206 580 ლარი) 200 000 ლარი გათვალისწინებული იქნა სალაროთი შემოსულ თანხებში, შედეგად, აღნიშნულ საკითხში გადამხდელს შეუმცირდა მის მიერ გამოვლენილ დანაკლისზე (200 000 ლარი დღგ-ის გარეშე) დარიცხული მოგების გადასახადი 35 294 ლარი და ჯარიმა 19 387 ლარი.

ამასთან,შემოწმების მიერ განხორციელდა იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების სრულად გათვალისწინება ხარჯებში. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა დარიცხვა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 1 135 ლარი და ჯარიმა 568 ლარი.

გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმებით მიერ განხორციელდა საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა, რის შედეგადაც დგინდება, რომ ადგილი ქონდა საწარმოდან არსებული დავალიანების დაფარვას. აღნიშნული გადარიცხვის განხოციელების შედეგად შემცირდა გადარიცხულ თანხაზე დარიცხული მოგების გადასახადი 3 479 ლარით და ჯარიმა 1 740 ლარით.გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელს დამატებითი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი არ არსებობს.

შემოსავლების სამსახურის №6003 და №11092 ბრძანებების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 59 862 ლარი, მათ შორის, გადასახადი 39 908 ლარი, ჯარიმა 19 954 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №005-124 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);