გადაწყვეტილება №18628/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18628/2/2023
23.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 23.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს"-------"-ის 11.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18628/2/2023).
დავის საგანი:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე შეფარდებული ჯარიმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.10.2022 წლის №CB1407326 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 12.12.2022 წლის №31279 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა (დანაკლისი) – 844.01 ლარი
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივნისის №20823 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. გამოვლინდა 8 440.14 ლარის დანაკლისი საბაზრო ღირებულებით, რაზეც გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.10.2022 წლის №CB1407326 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 8 44.01 (8 440.14*10%) ლარის ოდენობით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.12.2022 წლის №31279 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილებით, 70-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 72-ე მუხლით, 27-ე მუხლით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით და მიიჩნია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის ობიექტში შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის ნაწილის რეალიზაცია მოხდა დეზერტირების ბაზარში, რომელზეც არ იყო შესაბამისი დოკუმენტი გამოწერილი. გასათვალისწინებელია ის, რომ ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებდა და 2020 წლის პირველ ივლისამდე იყო მკაცრი შეზღუდვები და ჭირდა გადაადგილება. მის მიერ არცერთი საქონელი არ განადგურებულა და საჭიროებას არ მოითხოვდა შემოსავლების სამსახურისათვის შეტყობინების გაგზავნას. განმარტავს, რომ აგზავნის ინფორმაციას შემოტანილი ბაღჩეულის შეძენა-რეალიზაციის შესახებ. ითხოვს რეაგირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელთან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი, რაზეც მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, შეეფარდა ჯარიმა.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შეფარდებული ჯარიმის კორექტირების (შემცირების) საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საქმეზე არსებული მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად საქონლის დანაკლისის გამოვლენისათვის, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ჯარიმის თანხის დაკისრება მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.