გადაწყვეტილება №23159/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.09.2024
№ დოკუმენტი 23159/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23159/2/2024

25 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 30.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23159/2/2024).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დაკისრებული ჯარიმის გაანგარიშების მართლზომიერება და სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;

2. გაწეული ხარჯების 75%-ის გათვალისწინება საგადასახადო ვალდებულებების და სანქციების განსაზღვრისას;

3. საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების და დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №085-18 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12634 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 405 700 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 150 302

დღგ - 147 316

საშემოსავლო გადასახადი - 4 533

ქონების გადასახადი - (- 1 547)

ჯარიმა - 132 035

საურავი - 123 363

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი ივნისიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 9.10.2023 წლის №24989 ბრძანება და 10.10.2023 წლის №085-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33870 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 29.02.2024 წლის №21768/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33870 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12634 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დაკისრებული ჯარიმის გაანგარიშების მართლზომიერება და სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

2019 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში მომჩივანს სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ავანსი არ აქვს დაბეგრილი, თუმცა ამავე ოპერაციის ფარგლებში შემდგომ პერიოდში შესრულებული სამუშაოების მიხედვით გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს სრულად ასახავს შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში. ასევე რიგ შემთხვევებში, სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის თანხების პერიოდული განაშთვის ნაცვლად პირი ერთიანად ახორციელებს ავანსის თანხის განაშთვას.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლისა და 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლების და ასევე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების გათვალისწინებით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სატენდერო ხელშეკრულებების პერიოდების მიხედვით, რაც ითვალისწინებს ერთის მხრივ ავანსის გაცემას და ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული ავანსები უკავშირდება კომპანიის მიერ შემდგომ პერიოდებში გაწეულ მომსახურებებს წინასწარ განსაზღვრული პროპორციის მიხედვით.

შესაბამისად, შემოწმებით აღნიშნულ საკითხში განხორციელდა დასაბეგრი ბრუნვის ცვლილება და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ერიცხებოდა ავანსები, რაზეც წერდა ავანსის ანგარიშფაქტურას, აღნიშნული ავანსები გადასახადის გადამხდელის მიერ დაბეგრილია და საბოლოო მომსახურების მიწოდების ანგარიშფაქტურებით გაქვითულია წინასწარ სრულად ჩარიცხვის მიხედვით, 2021 და 2022 წლებში მაგრამ ეს ავანსები უნდა განაშთულიყო ხელშეკრულების შესაბამისად (და არა ჩარიცხვებიდან გამომდინარე), პროპორციულად და ეტაპობრივად. ამასთან მართალია მიღებული ავანსები ნაადრევად გაინაშთა და საწარმომ არასწორ საანგარიშო პერიოდში მოახდინა მის მიერ გამოწერილი ავანსების ანგარიშფაქტურების ჩათვლა/განაშთვა, მაგრამ შემდეგ პერიოდში ხორციელდებოდა მიწოდებული მომსახურების სრულად დაბეგვრა, ანუ ნაადრევად ჩათვლილი/განაშთული ავანსების ანგარიშ-ფაქტურების გამოყენება ხდებოდა მხოლოდ ერთხელ, არასწორ საანგარიშო პერიოდში. აღნიშნულის თაობაზე არა ერთხელ მიმართა, როგორც მომსახურების დეპარტამენტს, ასევე აუდიტის დეპარტამენტს, თხოვნით რათა მიეცათ უფლება არასწორად მიბმული ავანსის ანგარიშ-ფაქტურების ჩაეხსნა შესაბამისი თვის დეკლარაციებიდან, ვინაიდან სხვანაირად ვერ ხდებოდა დეკლარაციების დაზუსტება. ვინაიდან დეკლარაციები მოიცავდა შემოწმების პერიოდს, აუცილებელი იყო აუდიტის დეპარტამენტის შესაბამისი წერილი, რათა მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი დეკლარაციებიდან ჩაეხსნა შესამოწმებელ პერიოდზე არასწორად მიბმული ავანსის ფაქტურები. საბოლოოდ მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოხდა ფაქტურების ჩახსნა და გადასახადის გადამხდელის მიერ დაზუსტდა დღგ-ის შესაბამისი თვის დეკლარაციები, მოხდა ავანსების ჩათვლა/განაშთვა სწორ საანგარიშო პერიოდზე და შესაბამისად შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებიც და დღგ-იც.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული არასწორად ჩათვლილ ავანსის ანგარიშ-ფაქტურებზე საგადასახადო შემოწმებამ დაარიცხა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტი, რაც არასწორია, ვინაიდან სადავო შემთხვევაში ადგილი აქვს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ჯარიმას.

ასევე ითხოვს აღნიშნულ ნაწილში გამოყენებული იქნას სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი, ვინაიდან, გადამხდელმა შეცდომით არასწორ საანგარიშო პერიოდში მოახდინა მის მიერ გამოწერილი ავანსის ფაქტურების ჩათვლა/განაშთვა, რომელიც შემდგომ პერიოდში არ გამოუყენებია და ფაქტობრივად დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნულ სამართალდარღვევის ნაწილში ადგილი აქვს მხოლოდ საგადასახადო ვალდებულების პერიოდის ცვლილებასთან, შესაბამისად აღნიშნულით დასტურდება, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით, მის განზრახვას არ წარმოადგენდა გადასახადის შემცირება და აღნიშნულ სამართალდარღვევას არ უმოქმედია გადასახადზე. აუდიტის დეპარტამენტის და მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილებების საფუძველზე, მოხდა შემოწმებულ პერიოდზე არასწორად მიბმული დღგ-ის დეკლარაციებიდან ანგარიშფაქტურების ჩახსნა. აღნიშნულის საფუძველზე მიეცა უფლება, რომ მოეხდინა შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციების დაზუსტება. შესაბამისად დღეის მდგომარეობით, საწარმოს არ გააჩნია გადასახადის ნაწილში დავალიანება, რაც ასევე მიუთითებს მის კეთილსინდისიერებაზე ჩადენილი სამართალდარღვევის მიმართ. შესაბამისად ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე კომპანია განთავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან და საურავისაგან.

მომჩივანმა 12.09.2024 წელს წარმოადგინა №23910/2/2024 საჩივარი წინამდებარე საჩივრის დაზუსტების მიზნით და განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურში წარდგენილი აქვს წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ ორჯერ არ აქვს განაშთული ავანსის ფაქტურები და შემმოწმებლისთვის შემოწმების პროცესშივე იყო ცნობილი სადავო ავანსის ფაქტურების ორჯერ დაბეგვრის ფაქტი. (ციტირება წერილიდან): „გავდივართ საქმიანობის გასვლით საგადასახადო შემოწმებას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2023 წლის N9464 ბრძანების შესაბამისად, შემოწმება ჯერ არ დასრულება აუდიტმა ტექნიკური დახმარებისთვის თქვენთან გადმოგვამისამართა საწარმოს საქმიანობის სფეროა წყლის ნაგებობების მშენებლობა, წყალგაყვანილობა და წყლის მაგისტრალების გაყვანა, ხელშეკრულების შესაბამისად სხვადასხვა პროექტების ფარგლებში გვერიცხება ავანსები რაზეც ვწერთ ავანსის ანგარიშ-ფაქტურას, აღნიშნული ავანსები წინა ბუღალტრის მიერ დაბეგრილია და მიწოდების ფაქტურ ებით გაქვითულია სრულად საგადასახადო მეთოდით, 2021 და 2022 წლებში მაგრამ ეს ავანსები უნდა გაქვითულიყო ხელშეკრულების შესაბამისად პროპორციულად ეტაპობრივად ამიტომ აუდიტი მოგვიწოდებს და გვრთავს ნებას დავაზუსტოთ დეკლარაციები ჩავხსნათ ავანსის ფაქტურები და გავნაშთოთ ხელშეკრულების შესაბამისად პროპორციულად ამასთან ეს ავანსის ანგარიშ ფაქტურების დღგ უნდა გაინაშთოს შემოწმების პერიოდის აქეთაც მიმდინარე პერიოდშიც, თუ ვერ დავაზუსტებთ დეკლარაციებს და არ ჩავხსნით ავანსის ანგარიშ-ფაქტურებს მას ვერ გამოვიყენებთ აქეთ პერიოდის დეკლარაციებში და ვერ გავნაშთავთ, რადგან ის უკვე სრულად განაშთულია, გამოდის ისე რომ გადავიხდით ორმაგ გადასახადს, ამასთან ავანსის ანგარიშ-ფაქტურების ჩახსნა უნდა მოხდეს მხოლოდ ჩვენი მხრიდან რადგან მყიდველს ის სწორად აქვს დაბეგრილი ჩვენს გამო დეკლარაციებს ვერ დააზუსტებს და ვერ აირევს ბუღალტერიას 2021-2022-2023 წლებში გთხოვთ მოგვცეთ რეკომენდაცია, როგორ მოვაგვაროთ ტექნიკურად აღნიშნული საკითხი და განცხადებით მომართვის შემთხვევაში მოხდება თუ არა ცალმხრივად მხოლოდ ჩვენი მხრიდან მიმწოდებლის და არა მყიდველის ავანსის ანგარიშ-ფაქტურების ჩახსნა დეკლარაციიდან და შემდეგ მისი სწორად მიბმა და წარმოდგენა აღნიშნული საკითხის მოგვარება ტექნიკურად როგორ მოხდება სწორად და ამისთვის რა არის საჭირო.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი -22 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოწმებით დადგინდა, რომ 2019 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში მომჩივანს სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ავანსი არ აქვს დაბეგრილი, თუმცა ამავე ოპერაციის ფარგლებში შემდგომ პერიოდში შესრულებული სამუშაოების მიხედვით გამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს სრულად ასახავს შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში. ასევე რიგ შემთხვევებში, სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის თანხების პერიოდული განაშთვის ნაცვლად პირი ერთიანად ახორციელებს ავანსის თანხის განაშთვას. 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, ასევე ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მიხედვით, შემოწმების შედეგად, განისაზღვრა დღგით დასაბეგრი ბრუნვა სატენდერო ხელშეკრულებების პერიოდების მიხედვით, რაც ითვალისწინებს ერთის მხრივ ავანსის გაცემას და ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული ავანსები უკავშირდება კომპანიის მიერ შემდგომ პერიოდებში გაწეულ მომსახურებებს წინასწარ განსაზღვრული პროპორციის მიხედვით. შესაბამისად, შემოწმებით აღნიშნულ საკითხში განხორციელდა დასაბეგრი ბრუნვის ცვლილება და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

მომჩივანმა განმარტა, რომ საგადასახადო ორგანომ არასწორად ჩათვლილ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილი გამოიყენა მხოლოდ შემოწმებულ პერიოდზე, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რაც არასწორია, ვინაიდან მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში ადგილი აქვს საგადასახადო ვალდებულების პერიოდის ცვლილებას.

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ საჩივარში დასახელებული არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას, ამ მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება.

 

2. გაწეული ხარჯების 75%-ის გათვალისწინება საგადასახადო ვალდებულებების და სანქციების განსაზღვრისას

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არის მითითებული.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილით, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის პირველი ნაწილით, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილით, 130-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიის მიერ შემოწმების ეტაპზე წარდგენილი იქნა ინფორმაცია პროექტების ხარჯთაღრიცხვის შესახებ, რის თანახმად, შესრულებული პროექტების ფორმა 2-ებით, მასალებისა და ზედნადები ხარჯების ჯამი შეადგენს 14 483 648 ლარს, კომპანიის დოკუმენტურად დადასტურებული მასალის ხარჯი შეადგენს 9 335 055 ლარს, მათ შორის, ზედნადებით 9 074 680 (დანარჩენი ხარჯი გაწეულია შესყიდვის დოკუმენტების საფუძველზე, რისი დამადასტურებელი ხელშეკრულება/მიღება-ჩაბარების დოკუმენტი წარმოდგენილია). კომპანიის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი იყო დოკუმენტურად დადასტურებელი ხარჯები მხოლოდ მიზნობრიობის ტიპის მიხედვით და წარმოდგენილი მონაცემები არ უკავშირდება ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ პროექტებს. კომპანია კი ასრულებდა მიმდინარე პროექტებს, რაზეც ხარჯთაღრიცხვები არ იყო შედგენილი, თუმცა პროექტებთან დაკავშირებული შესყიდვები ხორციელდებოდა. ასევე, რიგ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების მიხედვით ტრანსპორტის დასრულების ადგილები უშუალოდ არ უკავშირდებოდა პროექტის მისამართს.

იმის გათვალისწინებით, რომ ზედნადები ხარჯის გაწევის მიზნობრიობა არ დასტურდება, შემოწმებით, გაანგარიშდა აღნიშნული ხარჯის ოდენობა, რამაც შეადგინა 3 114 809 ლარი (თითოეული შესრულებული პროექტის 10%), დოკუმენტურად, გარდა მასალების შეძენისა, დასტურდება 841 670 ლარის ღირებულების საწვავის, 1 059 004 ლარის ძირითადი საშუალებებისა და სხვა ხარჯების გაწევა ჯამში 334 154 ლარის ოდენობით (2 234 828). შესაბამისად, სხვაობა 879 981,64 ლარი (დღგ-ის გარეშე), წყაროსთან დასაბეგრი 1 074 425. აღნიშნული ანალიზით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი მხოლოდ მასალების შესაბამისად შეადგენს 2 033 783 ლარს. ასევე, დამატებით გასაცემი ხელფასისა და მომსახურების ოდენობა ფორმა-2-ების მიხედვით შეადგენს 211 288 ლარს. ჯამში აღნიშნულ ოპერაციებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაექვემდებარებოდა 2 636 507 ლარს, რომელსაც დაემატებოდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული და კომპანიის ანგარიშზე დაუბრუნებელი თანხები.

შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, თანხები, რომელიც დაექვემდებარებოდა საბოლოოდ გადახდის წყაროსთან დაბეგვრას შესაბამისობაშია დეკლარირებული დივიდენდის ოდენობასთან და ვინაიდან კომპანიის მიერ დეკლარირებული დივიდენდი და შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზით გადახდის წყაროსთან დასაკავებელ ანგარიშვალდებულ პირზე განხორციელებულ განაცემს შორის სხვაობა არაარსებითია, შემოწმების მიერ დეკლარირებული გადასახადი არ დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას.

საქმეში არსებულ მასალებზე და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე და განმარტა, რომ იმ შესყიდული მასალების ღირებულების გადასახადებით დაბეგვრა/დეკლარირება, რომელზეც კომპანიას არ გააჩნდა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები მართებულია, შესაბამისად საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტება, სადაც ითხოვს ფაქტობრივად გაწეული ხარჯის, რომელზედაც არ არსებობს შეძენის დოკუმენტი, თუმცა სხვა დოკუმენტაციით დასტურდება ხარჯის ფაქტობრივი გაწევა, კერძოდ, ჯამში საუბარი არის ოთხ მილიონზე მეტი ღირებულების მასალაზე, ვინაიდან ხშირად მიმწოდებელი კომპანიები არ უწერდნენ საგადასახადო დოკუმენტებს სასაქონლო ზედნადებებს და ანგარიშ-ფაქტურებს, ამავდროულად სამუშაოების სპეციფიკიდან გამოდინარე სჭირდებოდა ისეთი მასალები, რაც ბაზარზე ძნელად საშოვნია ის მხოლოდ ფიზიკურ პირებს მოეპოვებოდა, ამიტომ მათგან კერძო საკუთრებაში ხდებოდა შესყიდვა მაგრამ ისინი უარს აცხადებდნენ შესყიდვის აქტების გაფორმებაზე ან ხშირად შესყიდვის აქტი დგებოდა, მაგრამ ობიექტების სიშორიდან გამომდინარე დროთა განმავლობაში იკარგებოდა და არ აისახებოდა ბუღალტრულ მონაცემებში არ მოდიოდა ოფისში, ან და ოფისში მოვიდა მაგრამ რამდენიმე ოფისის ცვლილების გამო გაიბნა-დაიკარგა, ასევე აქვს სამუშაოების შესრულებისთვის გაწერილი ვადები გეგმა გრაფიკი, თუ ვადებში ვერ ჩაეტევა და არ შეასრულებს შესაბამის სამუშაოებს ის დაჯარიმდება დაერიცხება საურავები, ჯარიმები და პირგასამტეხლოები, ამიტომ დირექტორი იძულებული იყო დაჩქარებული წესით ფიზიკური პირებისგან შეესყიდა მასალები და იმპორტით არ შემოეტანა ის, ან ხანგრძლივად არ ეძებნა ბაზარზე, რადგან ელექტრონულად rs.ge-ს საშუალებით პირველად დოკუმენტს ფიზიკური პირები ვერ გვიწერდნენ, შესაბამისად მატერიალურად შექმნილი შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების უმეტესი ნაწილი დაკარგულია და ვერ მოიძებნა, ამასთან, აღნიშნული მასალების შესყიდვა ფიქსირდება მხოლოდ შესრულებული სამუშაოების ფორმა 2-ებში, რაც ექსპერტიზითაც დასტურდება, ასეთი დოკუმენტალურად დაუდასტურებელი ხარჯები, რომლის შეძენის პირველადი დამადასტურებელი საგადასახადო დოკუმენტი გადასახადის გადამხდელმა ვერ მოიპოვა არ არის ბუღალტერიაში პროგრამაში ფინასურ აღრიცხვისას ცალკე კრედიტორულ ვალდებულებებში 3110- ზე ასახული, ეს თანხები აისახებოდა 1430-ზე ან 144- ზე, როგორც ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხები მხოლოდ თანხობრივად შესყიდული მასალების გარეშე, ის თანხები რითაც განხორციელდა მასალების საქონლის შესყიდვა და რაზეც გარკვეული მიზეზების გამო არ მოგვეპოვება პირველადი დოკუმენტების უმეტესი ნაწილი დოკუმენტების არ ქონის გამო, გადასახადის გადამხდელმა დაბეგრა დივიდენდით (იხ. დანართი) და გადაიხადა შესაბამისი გადასახადი ბიუჯეტში, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად როგორც მოგების 15 პროცენტი ასევე 5 პროცენტი დივიდენდის გადასახადი.

ითხოვს შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №6-ის (სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ) მიხედვით, დაევალოს აუდიტის დეპარატმენტს იმ ხარჯებთან მიმართებით, რომლის ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ არის სადავო და რომელთა შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი კომპანიას არ გააჩნია, მაგრამ ეს მასალები ასახულია გადასახადის გადამხდელის სამუშაოების გაწევის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში ფორმა ორებში და მათი ნამდვილობა ექსპერტიზით და მიღება-ჩაბარებით დასტურდება, რომელიც ასევე წარდგენილი იქნა შემმოწმებელთან, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად დაკვალიფიცირდეს გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75% და აღნიშნულის შესაბამისად შემცირდეს გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად დარიცხული დივიდენდის თანხები, ასევე შემცირდეს 25%-ზე მეტი დაბეგრილი უსაბუთო ხარჯებზე გადახდილი მოგების 15% და ძველი პერიოდის დაზუსტებით დარიცხული საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №6-ის (სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ) მიხედვით, დაევალოს აუდიტის დეპარატმენტს იმ ხარჯებთან მიმართებით, რომლის ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ არის სადავო და რომელთა შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი გააჩნია, მაგრამ ეს მასალები ასახულია გადასახადის გადამხდელის სამუშაოების გაწევის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში ფორმა 2-ში და მათი ნამდვილობა ექსპერტიზით და მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდება, რომელიც წარდგენილი იქნა შემმოწმებელთან, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად დაკვალიფიცირდეს გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75% და აღნიშნულის შესაბამისად შემცირდეს გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად დარიცხული დივიდენდის თანხები, ასევე შემცირდეს 25%-ზე მეტი დაბეგრილი უსაბუთო ხარჯებზე გადახდილი მოგების გადასახადი.

საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არსებულ ჩანაწერზე და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, თანხები, რომელიც დაექვემდებარებოდა საბოლოოდ გადახდის წყაროსთან დაბეგვრას შესაბამისობაშია დეკლარირებული დივიდენდის ოდენობასთან და ვინაიდან კომპანიის მიერ დეკლარირებული დივიდენდი და შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზით გადახდის წყაროსთან დასაკავებელ ანგარიშვალდებულ პირზე განხორციელებულ განაცემს შორის სხვაობა არაარსებითია, შემოწმების მიერ დეკლარირებული გადასახადი არ დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი გადამხდელს თავად აქვს მიჩნეული დივიდენდად, რაც დეკლარირებულია და ითხოვს მის შეცვლას.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდით ხარჯის განსაზღვრის და შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის საფუძველი.

 

3. საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების და დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ გაცემული სახელფასო განაცემები განსხვავდება მის მიერ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ასახული განაცემებისგან. წარდგენილი სახელფასო უწყისების მიხედვით, დასაქმებულებზე გასცემს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებულ შეღავათს, რომლის მიხედვითაც რიგ შემთხვევაში ზოგიერთ პირზე დარიცხული ხელფასი აღემატება 1500 ლარს, შესაბამისად არ აკმაყოფილებს შეღავათით სარგებლობის პირობებს. შესაბამისად იმ პირებზე გაცემული საშეღავათო თანხა, ვინც აკმაყოფილებს შეღავათით სარგებლობის პირობებს, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნების საფუძველზე, შემოწმების მიერ აღნიშნულ საკითხში განხორციელდა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, სახელფასო უწყისების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დასაქმებულებზე საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი გამოყენებული აქვს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დარიცხული ხელფასი აღემატება 1500 ლარს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადით იქნა დაბეგრილი ის თანხები, რომლებიც ე.წ „კოვიდის“ პერიოდში იქნა საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლებული, კერძოდ მაგალითად როცა კომპანიის თანამშრომელს ჰქონდა დარიცხული ხელფასი 1500 ლარი და იქნა განთავისუფლებული საშემოსავლო გადასახადისაგან, კომპანიას უნდა გადაეხადა ბიუჯეტში 300 ლარი საშემოსავლო, აქედან 150 ლარი იყო საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლებული და რჩებოდა საწარმოში, შემმოწმებელმა აღნიშნული თანხა მიუმატა თანამშრომელს ხელფასს, რითაც ხელოვნურად გამოვიდა, რომ თანამშრომლის ხელფასი აცდა 1500 ლარს, სინამდვილეში კი თანამშრომელმა მიიღო სწორედ ხელზე ასაღები 1200 ლარი. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება სრულად გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის თანახმად, 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, აგრეთვე 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.

შემოწმებისას დადგინდა, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ გაცემული სახელფასო განაცემები განსხვავდება მის მიერ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ასახული განაცემებისგან. წარდგენილი სახელფასო უწყისების მიხედვით, დასაქმებულებზე გასცემს ხელფასებს, რომლის მიხედვითაც რიგ შემთხვევაში ზოგიერთ პირზე დარიცხული ხელფასი აღემატება 1500 ლარს, შესაბამისად არ აკმაყოფილებდა შეღავათით სარგებლობის პირობებს.

საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო ორგანოს წარმოდგენილ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს გამაბათილებელი არგუმენტების ან დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან ზოგიერთ პირზე დარიცხული ხელფასი აღემატებოდა 1500 ლარს, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12634 ბრძანება;

3. პირველი დავის საგნის ნაწილში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:

ა) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის არგუმენტების დამატებით შესწავლა;

ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დღგ-ში დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დაკისრებული ჯარიმის გაანგარიშების მართლზომიერება და სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;

2. გაწეული ხარჯების 75%-ის გათვალისწინება საგადასახადო ვალდებულებების და სანქციების განსაზღვრისას;

3. საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების და დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ავანსი არ აქვს დაბეგრილი, თუმცა ამავე ოპერაციის ფარგლებში შემდგომ პერიოდში შესრულებული სამუშაოების მიხედვით გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს სრულად ასახავს შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში. ასევე რიგ შემთხვევებში, სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის თანხების პერიოდული განაშთვის ნაცვლად პირი ერთიანად ახორციელებს ავანსის თანხის განაშთვას. შესაბამისად, შემოწმებით განხორციელდა დასაბეგრი ბრუნვის ცვლილება და დაეკისრა ჯარიმა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, თანხები, რომელიც დაექვემდებარებოდა საბოლოოდ გადახდის წყაროსთან დაბეგვრას შესაბამისობაშია დეკლარირებული დივიდენდის ოდენობასთან და ვინაიდან კომპანიის მიერ დეკლარირებული დივიდენდი და შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზით გადახდის წყაროსთან დასაკავებელ ანგარიშვალდებულ პირზე განხორციელებულ განაცემს შორის სხვაობა არაარსებითია, შემოწმების მიერ დეკლარირებული გადასახადი არ დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ გაცემული სახელფასო განაცემები განსხვავდება მის მიერ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ასახული განაცემებისგან. წარდგენილი სახელფასო უწყისების მიხედვით, დასაქმებულებზე გასცემს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებულ შეღავათს, რომლის მიხედვითაც რიგ შემთხვევაში ზოგიერთ პირზე დარიცხული ხელფასი აღემატება 1500 ლარს, შესაბამისად არ აკმაყოფილებს შეღავათით სარგებლობის პირობებს. შესაბამისად იმ პირებზე გაცემული საშეღავათო თანხა, ვინც აკმაყოფილებს შეღავათით სარგებლობის პირობებს, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ საჩივარში დასახელებული არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას, ამ მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის არგუმენტების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს დღგ-ში დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 981(1); 982(1); 130; 101; 154; 105(2); 309(112)