გადაწყვეტილება №27890/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.10.2026
№ დოკუმენტი 27890/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27890/2/2026

21 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს----- (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს “-----”-ის 1.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27890/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2026 წლის №006-165 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.07.2026 წლის №15371 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 47 102.98 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 28 038.40

ჯარიმა - 12 124.91

საურავი - 6 939.67

 

პროცედურული გარემოებები:

მომჩივნის საქმიანობაა კვებითი მომსახურება, ძირითადად „-----“ სკოლის კაფეტერიაში, ამასთან, აღნიშნული მომსახურება მომჩივანს გაწეული აქვს სს „----------თვის“.

აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 თებერვლის №4542 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 15.05.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 მაისის №10984 ბრძანება და №006-165 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.07.2026 წლის №15371 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი - 2023 წლის 7 დეკემბერი. აღნიშნული თარიღიდან გაანგარიშდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა და მომჩივანს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაეკისრა სანქცია - ჯარიმა. ამასთან, დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას მხედველობაში იქნა მიღებული დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 165-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43- ე, 157-ე, 170-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ ანაზღაურების სანაცვლოდ კვების მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება ვერ იქნება განხილული განათლების მომსახურების დამხმარე ან მასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებად. შესაბამისად, მოცემულ მომსახურებაზე/საქონლის მიწოდებაზე ვერ გავრცელდება საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი, ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კვებითი მომსახურება წარმოადგენს განათლების მომსახურებასთან უშუალოდ დაკავშირებულ დამხმარე მომსახურებას, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ისგან. აღნიშნავს, რომ შპს „-----სა“ და გადამხდელს შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომლის თანახმად, ოპერატორი მოქმედებს სკოლის სახელითა და ინტერესებში, კვებითი მომსახურება წარმოადგენს სკოლის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო პროცესის ნაწილს, ოპერატორი წარმოადგენს ტექნიკურ შემსრულებელს, მომსახურება ხორციელდება სკოლის ინფრასტრუქტურაში, ოპერატორის საქმიანობა არ წარმოადგენს დამოუკიდებელ კომერციულ საქმიანობას სკოლის მოსწავლეთა მიმართ. გადამხდელი აგრეთვე აცხადებს, რომ სკოლის ტერიტორიაზე მოქმედებს დახურული რეჟიმი და კვებითი მომსახურება არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის. მომსახურების მომხმარებლები არიან მხოლოდ მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალი. გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანომ არ შეაფასა ოპერაციების სამართლებრივი ბუნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №133 საჯარო გადაწყვეტილების ფარგლებში და მთლიანად მიიჩნია ბრუნვა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

საჯარო გადაწყვეტილების შინაარსი სრულად ვრცელდება განსახილველ შემთხვევაზე. ოპერაციის შეფასება, როგორც ჩვეულებრივი საცალო ვაჭრობის ან კომერციული კვების ობიექტის საქმიანობის, მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს. მემორანდუმში პირდაპირ არის დაფიქსირებული, რომ ოპერატორი წარმოადგენს ტექნიკურ შემსრულებელს. მისი ფუნქციაა კვებითი პროცესის ორგანიზება. მომსახურება წარმოადგენს სკოლის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო პროცესის ნაწილს. ანაზღაურების ტექნიკური მიღება არ ცვლის ოპერაციის ეკონომიკურ ბუნებას. შესაბამისად, გადახდების ტექნიკური მიღება ოპერატორის მიერ ვერ გახდება ოპერაციის დამოუკიდებელ კომერციულ საქმიანობად გადაკვალიფიცირების საფუძველი. გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი ეწინააღმდეგება №133 საჯარო გადაწყვეტილების მიზანს. გადამხდელი ასევე მიუთითებს ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე. მიიჩნევს, რომ მომსახურება უნდა შეფასდეს როგორც საგანმანათლებლო საქმიანობის დამხმარე ელემენტი და არა დამოუკიდებელი კომერციული საქმიანობა. აღნიშნავს, რომ 2024 წლის 9 ივლისიდან 2024 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში, როდესაც შპს „----ში“ სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა საზაფხულო არდადეგების რეჟიმში და სკოლის ტერიტორიაზე კვებითი მომსახურება შეჩერებული იყო, გადამხდელმა სცადა საქმიანობის დივერსიფიკაცია და სს „------“ის ადმინისტრაციულ შენობაში, საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, დაიწყო კვებითი მომსახურების მიწოდება. აღნიშნული საქმიანობა ატარებდა დამოუკიდებელ, დროებით და საცდელ ხასიათს და არ იყო დაკავშირებული შპს „------თან“ არსებული თანამშრომლობის მოდელთან. მითითებულ პერიოდში აღნიშნული საქმიანობიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა შეადგინა 20 272 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენებ საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამხმარე ხასიათის მომსახურებას წარმოადგენს ისეთი მომსახურება რომლის შეძენა არ არის მისი მომხმარებლის ძირითადი მიზანი, მაგრამ გამიზნულია მისთვის ძირითადი მომსახურების გაწევის პირობების გაუმჯობესების ან/და უკეთ სარგებლობის უზრუნველსაყოფად. ამავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ უშუალოდ დაკავშირებული მომსახურება არის მომსახურება, რომლის მიწოდება ხორციელდება ძირითადი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად და რომლის განხორციელება აუცილებელია ამ ძირითადი ოპერაციის შესრულებისთვის.

საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განათლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე მასთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2025 წლის 29 მაისის №133 საჯარო გადაწყვეტილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, საგადასახადო შეღავათით სარგებლობა დაიშვება, თუ ერთდროულად სახეზეა შემდეგი ორი პირობა:

ა) მომსახურების გამწევი საგანმანათლებლო დაწესებულებაა;

ბ) ხორციელდება მოსწავლეთათვის განათლების მომსახურების გაწევა ან განათლების მომსახურებასთან ერთად, მასთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება.

დადგენილია, რომ მომჩივანს 2023 წლის 7 დეკემბრიდან დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია. შესაბამისად, გაანგარიშდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა, რაზეც მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ მომსახურება უნდა შეფასდეს როგორც საგანმანათლებლო საქმიანობის დამხმარე ელემენტი და არა დამოუკიდებელი კომერციული საქმიანობა, წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2026 წლის №---- წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2025 წლის 29 მაისის №133 საჯარო გადაწყვეტილებით საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, საგადასახადო შეღავათით სარგებლობა დაიშვება, თუ ერთდროულად სახეზეა ორი პირობა:

ა) მომსახურების გამწევი საგანმანათლებლო დაწესებულებაა;

ბ) ხორციელდება მოსწავლეთათვის განათლების მომსახურების გაწევა ან განათლების მომსახურებასთან ერთად, მასთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება.

ამასთან, მოსწავლეთა როგორც ტრანსპორტირებით, ასევე კვებით უზრუნველყოფისას, შესაბამისი ოპერაციის მხარეებს ყოველთვის უნდა წარმოადგენდნენ საგანმანათლებლო დაწესებულება და მოსწავლე. ამასთან, თუ ადგილი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი მომსახურების შეძენას მესამე პირისგან, არსებითია, რომ მოსწავლეთა ტრანსპორტირება და კვება ხორციელდებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით და შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ჰქონდეს მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

განსახილველ შემთხვევაში კვების მომსახურება არ ხორციელდება უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. ამასთან, მომსახურების საფასურს იღებს მომჩივანი. შესაბამისად, არსებობს საფუძველი, რომ აღნიშნული საქმიანობა შეფასდეს არა მხოლოდ მისი ფუნქციური დანიშნულების, არამედ ეკონომიკური შინაარსისა და ფაქტობრივი განხორციელების ფორმის გათვალისწინებით. ამდენად, მხოლოდ კვების მომსახურების საგანმანათლებლო გარემოსთან კავშირი ვერ იქნება საკმარისი მისი დამხმარე საქმიანობად მიჩნევის და დამოუკიდებელი კომერციული ხასიათის გამორიცხვისთვის.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, მხარეთა არგუმენტების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2026 წლის №006-165 საგადასახადო მოთხოვნით, მომჩივანს, დაეკისრა ჯარიმა 12 124.91 ლარი და საურავი 6 939.67 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე, 272-ე მუხლებზე და საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქცია განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამასთან, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №4542 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც დგინდება,რომ ფაქტების აღწერა მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი - 2023 წლის 7 დეკემბერი. აღნიშნული თარიღიდან გაანგარიშდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა და მომჩივანს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაეკისრა სანქცია - ჯარიმა. ამასთან, დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას მხედველობაში იქნა მიღებული დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №10984 ბრძანება და №006-165 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №15371 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

ხოლო,დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საბჭომ მიიჩნია,რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 157(„მ“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 165(1); 170(1 „ე“); 269(7); 272(1) ; 275(2); 282(1);