გადაწყვეტილება №20270/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20270/2/2023
02 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------------- 15.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20270/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 სექტემბრის №24852 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 თებერვლის №021-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ივნისის №13759 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 54 251.84 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 30 480
დღგ - 21 190
საშემოსავლო გადასახადი - 8 879
ქონების გადასახადი - 423
ჯარიმა - 14 553,8
საურავი - 9 218,04
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ელექტრონული ტექნიკით, ქალაქ ----------.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 24 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ბუღალტრული აღრიცხვის მოთხოვნილი წესების შესაბამისად, კერძოდ, შემოწმებისთვის წარმოდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა „-----------“ ამონაწერი, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია სასაქონლომატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი მოძრაობის ანალიზი; რეალიზებული პროდუქციის სახეობის, ფასის, იდენტიფიცირება. რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობისა და თვითღირებულების თვიურ ჭრილში დანახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით ვერ ხდება გადამხდელის მიერ მოწოდებული სააღრიცხვო მონაცემების საფუძველზე დაბეგვრის ობიექტის ზუსტი განსაზღვრა. დეკლარირებული წლიური საშემოსავლო გადასახადის მონაცემების მიხედვით ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გამოყენებული ფასნამატი განსაზღვრულია 7%-ის ოდენობით, რაც მკვეთრად განსხვავდება მსგავსი საქმიანობის ფარგლებში, მსგავს ტერიტორიულ ერთეულზე გამოყენებული და საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფასნამატებისგან.
მიღებული შემოსავლის განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ერთობლივი შემოსავალი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. ჩატარდა მეწარმე ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ფასნამატის ანალიზი. მეწარმის მიერ დოკუმენტური რეალიზაციის მოცულობა, მთლიან რეალიზაციაში 1%-ზე ნაკლებია (შეადგენს 0.8%-ს), ამასთან, ვერ ხდება შეძენის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული საქონლის კონკრეტული დასახელებების მიხედვით რეალიზაციის სასაქონლო-ზედნადებებში მითითებული საქონლის ზოგად დასახელებებთან კავშირის დადგენა. შემოწმება დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ განვადებით გაყიდული საქონლის სარეალიზაციო ფასებისა და სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი ტექნიკის ფასების ანალიზის შედეგად გამოთვლილ ფასნამატს, რომლის მიხედვითაც, განვადებით გაყიდული საქონლის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის გამოყენებული ფასნამატი შეადგენს 19.6%-ს, განვადების შემთხვევაში მეწარმე ფიზიკური პირის მიერ დადგენილი სარეალიზაციო ფასი იზრდება, საფინანსო დაწესებულებებისთვის გადასახდელ განვადებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით.
შემოწმებით მეწარმის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საცალო რეალიზაციის დროს გამოყენებული ფასნამატი დადგინდა 13.6%-ის ოდენობით. დოკუმენტურად დადასტურებული, განვადებით გაყიდული, საქონლის ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები შეჯერებულია გადასახადის გადამხდელთან, მეწარმე ზეპირსიტყვიერად ეთანხმება აღნიშნულ მონაცემს. ამასთან, შემოწმების ანალიზით, იმავე საქმიანობის ფარგლებში იმავე ტერიტორიაზე სხვა ეკონომიკური სუბიექტების მიერ გამოყენებული, აუდირებული დადგენილი ფასნამატებიც ემთხვევა აღნიშნულ მონაცემს. გადამხდელის მიერ არაიდენტიფიცირებად რეალიზაციებზე გავრცელებულ იქნა შემოწმებით დადგენილი საცალო რეალიზაციის ფასნამატი შესაბამისი პერიოდების გათვალისწინებით.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით, გაიზრდა მეწარმე ფიზიკური პირის 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დასაფიქსირებელი ერთობლივი შემოსავალი. ასევე, შესაბამისი შესამოწმებელი პერიოდების მიხედვით, გაიზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვების ოდენობები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 13 ივლისის №18412 ბრძანება და ამავე თარიღის №021-66 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 სექტემბრის №24852 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 სექტემბრის №24852 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 იანვრის დასკვნის საფუძველზე გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა ჯამში 50 094 ლარით, მათ შორის, გადასახადი 33 168 ლარი და ჯარიმა 16 926 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 15 თებერვლის №021-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
2023 წლის 15 თებერვლის №021-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.06.2023 წლის №13759 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, გადაანგარიშებით საცალო რეალიზაციაზე გავრცელებულ იქნა 6.45%-იანი ფასნამატი, რის საფუძველზე დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიაჩნია რომ შემმოწმებლის მიერ არასწორად გაკეთდა ანალიზი საქონლის გაყიდვისას არსებული ფასნამატის შესახებ. კერძოდ, არ იქნა გათვალისწინებული განვადებით გაყიდული საქონლის რეალური ფასნამატი, რომელიც შეადგენს 13,60 %-ს, ხოლო შემმოწმებლის მიერ კვლავ გაანგარიშებულია ფასნამატი 19,60-%-ზე.
ზემოთ აღწერილი გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს მოხდეს განვადებით გაყიდული საქონლის გაანგარიშება 13,60 % ფასნამატზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები, კერძოდ, მყიდველებთან გაფორმებული საგარანტიო ტალონები და ამობეჭდილი ჩეკები. საგარანტიო ტალონებში დეტალურად არის აღწერილი გაყიდული ნივთის დასახელება, მოდელი, სერიული ნომერი და გაყიდვის თარიღი, ამობეჭდილ ჩეკებში კი ფიქსირებულია გაყიდვის ფასი. წარმოდგენილი დოკუმენტაციით გაყიდული ტექნიკა ზუსტად იდენტიფიცირდება და ემთხვევა სასაქონლო ზედნადებებით გაყიდულ ტექნიკას, ფასნამატი კი შეადგენს 6.45%-ს. საგადასახადო შემოწმების დროს კი შემმოწმებლების მიერ საცალო რეალიზაციებზე გავრცელებულია 13.6%-იანი ფასნამატი. გადაანგარიშებით საცალო რეალიზაციებზე გავრცელებულ იქნა 6.45%-იანი ფასნამატი, შედეგად კომპანიას შეუმცირდა შემოწმებით დარიცხული გადასახადი როგორც დღგ-ის, ასევე 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ასევე, შემცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმაც. დღგ-ში დარიცხული თანხა შემცირდა 23 074 ლარით, 2020 წლის საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა კი 10 094 ლარით, დარიცხული ჯარიმა კი შემცირდა 16 926 ლარით.
სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 სექტემბრის №24852 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 სექტემბრის №24852 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები, კერძოდ, მყიდველებთან გაფორმებული საგარანტიო ტალონები და ამობეჭდილი ჩეკები. საგარანტიო ტალონებში დეტალურად არის აღწერილი გაყიდული ნივთის დასახელება, მოდელი, სერიული ნომერი და გაყიდვის თარიღი, ამობეჭდილ ჩეკებში კი ფიქსირებულია გაყიდვის ფასი. წარმოდგენილი დოკუმენტაციით გაყიდული ტექნიკა ზუსტად იდენტიფიცირდება და ემთხვევა სასაქონლო ზედნადებებით გაყიდულ ტექნიკას, ფასნამატი კი შეადგენს 6.45%-ს. საგადასახადო შემოწმების დროს კი შემმოწმებლების მიერ საცალო რეალიზაციებზე გავრცელებულია 13.6%-იანი ფასნამატი. გადაანგარიშებით საცალო რეალიზაციებზე გავრცელებულ იქნა 6.45%-იანი ფასნამატი, შედეგად კომპანიას შეუმცირდა შემოწმებით დარიცხული გადასახადი როგორც დღგ-ის, ასევე 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(21);