გადაწყვეტილება №25595/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.10.2025
№ დოკუმენტი 25595/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25595/2/2025

16 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 5.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25595/2/2025).

 

დავის საგანი:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებსა და შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულ საკონტროლო-სალარო აპარატებსა და პოსტერმინალებში დაფიქსირებულ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის დადგენილი სხვაობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2025 წლის №127-10 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.07.2025 წლის №16087 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 77 132.28 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 45 073.25

ჯარიმა - 22 088.22

საურავი - 9 970.81

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით.

1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის №5232 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 14.05.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:

მეწარმე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 26.05.2017 წელს, ხოლო 1.02.2022 წლიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილია საბანკო დაწესებულებებიდან ცნობები ანგარიშების შესახებ და შესაბამის ანგარიშებზე განხორციელებული ბრუნვების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის ამონაწერები). აღნიშნულ საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული პოსტერმინალით განხორციელებული ოპერაციებისა და საკონტროლოსალარო აპარატით განხორციელებული შემოსავლების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია ზემოხსენებული შემოსავლების მიხედვით ნაცვლად 6.12.2022 წლისა ეკუთვნის 19.10.2022 წელს. შედეგად, შემოწმების შედეგად განისაზღვრა სავალდებულო რეგისტრაციის პერიოდიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდებში დამატებული ღირებულების გადასახადის ბრუნვა, რომელმაც შეადგინა 482 826 ლარი, ნაცვლად გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვისა. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას არ გამოყენებულა არაპირდაპირი მეთოდი და საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებული იქნა შემოწმების ხელთარსებული მონაცემების მიხედვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, რის საფუძველზეც მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 27.05.2025 წლის №10757 ბრძანება და 28.05.2025 წლის №127-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.07.2025 წლის №16087 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2025 წლის №127-10 საგადასახადო მოთხოვნით გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 16.07.2025 წლის №16087 ბრძანება, არ დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრული ჰქონდა არასრულყოფილად. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა საკონტროლო-სალარო აპარატებისა და პოსტერმინალების ბრუნვების ჯამით. აღნიშნულის მიხედვით, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამურმა თანხამ 19.10.2022 წელს გადააჭარბა 100 000 ლარს. შესაბამისად, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტთან, აგრარულ ბაზარზე გლეხებისგან შესყიდული ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციასთან და შემოწმების მიერ აღნიშნულის გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არ არის. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულ სანქციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270- ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2025 წლის №127-10 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისგან.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მეწარმის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კვების პროდუქტებით საცალო ვაჭრობა მაღაზიაში. შემოწმების პროცესში სალარო აპარატით და ტერმინალით მიღებული თანხები დააჯამეს და სრულად დაბეგრეს დღგ-ით. შეცვალეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების თარიღი. არ იქნა გათვალისწინებული მისი არგუმენტი, რომ სხვა დასაბეგრ პროდუქტებთან ერთად ჰყიდდა ქართული წარმოების დღგ-ის დაბეგვრისგან განთავისუფლებულ საქონელსაც.

შემოსავლების სამსახურის ბრძანებით შეუმცირდა-გაუქმდა დაკისრებული ჯარიმა, ხოლო დანარჩენ ნაწილში შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა უცვლელი დარჩა.

საჩივარს ახლავს ბაზარში დოკუმენტების, სასაქონლო ზედნადების, გარეშე შეძენილი ქართული პროდუქციის რეესტრი. ასეთი პატარა მარკეტები სწორედ ქართული წარმოების ბაზარზე ნაყიდი საქონლით, რძის ნაწარმითა და ბოსტნეულით ვაჭრობით უწევს კონკურენციას ბრენდულ მარკეტებს. რეესტრთან ერთად წარმოადგენს ფოტო მასალას და ერთ-ერთი მიმწოდებელი ფიზიკური პირის ახსნაგანმარტებას.

ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დარიცხული თანხის გადაანგარიშება, მიწოდებული მტკიცებულებების, შესყიდვის რეესტრის გათვალისწინებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით სხვა დასაბეგრ პროდუქტებთან ერთად ჰყიდდა ქართული წარმოების დღგ-ის დაბეგვრისგან განთავისუფლებულ საქონელსაც. საჩივარს ახლავს ბაზარში დოკუმენტების, სასაქონლო ზედნადების, გარეშე შეძენილი ქართული პროდუქციის რეესტრი, ფოტო მასალა და ერთ-ერთი მიმწოდებელი ფიზიკური პირის ახსნა-განმარტება, რომ აწვდის რძის ნაწარმს და რძეს. აღსანიშნია, რომ ასეთი პატარა მარკეტები სწორედ ქართული წარმოების ბაზარზე ნაყიდი საქონლით, რძის ნაწარმითა და ბოსტნეულით ვაჭრობით უწევს კონკურენციას ბრენდულ მარკეტებს.

შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტთან, აგრარულ ბაზარზე გლეხებისგან შესყიდული ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციასთან და შემოწმების მიერ აღნიშნულის გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არ არის.

საჩივარს ახლავს შეძენილი სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეესტრი ცხრილის სახით, მაღაზიის ფოტო მასალა, სადაც ასახულია გასაყიდი საქონელი და ანა გულუას 3.08.2025 წლით დათარიღებული ახსნა-განმარტება, სადაც მითითებული, რომ იგი ი/მ -------, მისამართზე -------, ------- (მომჩივნის მისამართია -------, -------.), 2021 წლიდან სისტემატურად აწვდიდა გასაყიდად რძის ნაწარმს, ყველს და რძეს. გააჩნია პირადი საოჯახო მეურნეობა, რძის ნაწარმი არის მის საოჯახო მეურნეობაში დამზადებული.

მომჩივნის არგუმენტზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული საკითხი, ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობა, გადასახადის გადამხდელს არ უხსენებია შემოწმების პროცესში, მხოლოდ დავების ეტაპზე წარმოადგინა აღნიშნული არგუმენტი. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა სატელეფონო საუბარი და არ ყოფილა დასმული საკითხი იმის შესახებ, რომ გადამხდელი ვაჭრობდა სასოფლო-სამეურნეო საქონლით, რაც შეეხება საჩივრის დანართებს, მათ შორის ობიექტის სურათებს და საქონლის შესახებ ცხრილებს, აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ გადასახადის გადამხდელი სულ ვაჭრობს 26 სხვადასხვა დასახელების სოფლის მეურნეობის პროდუქტით. ესენია: ყველი სულგუნის შებოლილი, ყველი სულგუნის, ყველი ჭყინტი, იმერული ყველი, რძე, კიტრი, პომიდორი, ხახვი, ნიორი, კარტოფილი, ვაშლი გოლდი, ვაშლი მწვანე, ბანანის ვაშლი, ლიმონის ვაშლი, კეხურა, ბადრიჯანი, ბულგარული წითელი, კომბოსტო, მწვანე წიწაკა, სტაფილო, ლობიო, კარტოფილი წითელი, ქინძი, ოხრახუში, ჭარხალი, ნიახური. მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ წარმოდგენილ ფოტოსურათებში ჩანს (საზამთრო, ნესვი, სიმინდი, მოცვი, ბანანი და ა.შ.) რომელიც არ არის აღნიშნულ ცხრილში. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი შესაბამისი შესყიდვის აქტები, რითაც დადასტურდება აღნიშნული პროდუქციის ნამდვილობა. იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია ჩაითვალოს გათავისუფლებულად ის უნდა იყოს აუცილებლად ადგილობრივი წარმოების, რაც ასევე ვერ და არ იქნა დადასტურებული დოკუმენტურად.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მომჩივნის არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტები (კერძოდ, წარმოდგენილი ახსნა-განმარტებიდან არ ირკვევა, რა პერიოდში, რა რაოდენობის, რა სახის და ღირებულების პროდუქტს აწვდიდა მომჩივანს), შესაბამისად, არ არსებობს მათი გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებსა და შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულ საკონტროლო-სალარო აპარატებსა და პოსტერმინალებში დაფიქსირებულ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის დადგენილი სხვაობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრული ჰქონდა არასრულყოფილად. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა საკონტროლო-სალარო აპარატებისა და პოსტერმინალების ბრუნვების ჯამით. აღნიშნულის მიხედვით, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამურმა თანხამ 19.10.2022 წელს გადააჭარბა 100 000 ლარს. შესაბამისად, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტთან, აგრარულ ბაზარზე გლეხებისგან შესყიდული ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არ არის. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მომჩივნის არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტები შესაბამისად, არ არსებობს მათი გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159;