ბრაძნება N 31474
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 31474
13 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2023 წლის 13 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 13 ივნისის №100716/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №006-194 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. განმარტავს, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დეტალურად არ არის შესწავლილი. შემოწმების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა დროში გადაანაცვლა დასაბეგრი ოპერაციები იმის გამო, რომ საწარმოს მიერ ავანსების ანგარიშში ამობეჭდილი ჩეკები პროგრამულად და დეკლარაციებში რეალიზაციაში ასახულია არაერთხელ ერთი თვით ადრე პერიოდში, ხოლო შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე აღნიშნული ჩეკები ჩანს ზეტის ამოღების მომენტში. მაგალითად, 2018 წლის ნოემბრის ზეტში ჩანს 14 050 ლარის ჩეკი, რომელიც ამობეჭდილია 2018 წლის ოქტომბრის თვეში (ჩეკი ამობეჭდილია ოქტომბრის თვეში, ხოლო ზეტი ამობეჭდილია დაგვიანებით ნოემბრის თვეში) და რეალიზაციაში ასახულია ამ თვეში. მსგავსი შემთხვევებია თითქმის ყველა თვეში. აცხადებს, რომ შემოწმება ხელმძღვანელობს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ზეტის ამოღების თარიღით, არ უნახავს ჩეკების ამობეჭდვის პერიოდები და ისე გაავრცელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა 50%-ის ოდენობით, ნაცვლად 10 %-ისა, რაც არასწორია. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ 2018 წლის იანვრის თვეში დარიცხული გადასახადი 2 975 ლარი, ასევე წარმოადგენს 2017 წლის დეკემბრის თვეში დეკლარირებულ გადასახადის თანხას, რომელიც შემოწმებამ დაბეგრა 2018 წლის იანვრის თვეში, ანუ ზეტის ამოღების თვეში, ვინაიდან ის ვერ შეეხებოდა ხანდაზმულ 2017 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდს, ხოლო სალაროში თანხა რეალურად ასევე შემოსული და დაბეგრილია 2017 წლის დეკემბრის თვეში. მომჩივანი ითხოვს წარდგენილი მტკიცებულებების დეტალურად გამოკვლევას და შესწავლას, დარიცხული ჯარიმების გადაანგარიშებას, ასევე სადავო აქტის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №32547 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 მაისის №13333 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და დაადგინოს არის თუ არა შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იმსჯელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი სანქციის გამოყენების შესაძლებლობაზე;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №32547 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 11 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა ჯარიმა 361 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 19 მაისის №006-194 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა“ გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 26 ივნისის №14585 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 30 ოქტომბრის №20328/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14585 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ოქტომბრის №20328/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია: „საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის 23.12.2022 წლის №32547 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ ხსენებული ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივარზე თანდართულის) შესწავლა და დადგენა იმისა, არის თუ არა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი სანქციის გამოყენების შესაძლებლობაზე მსჯელობა, რაც როგორც ირკვევა, სრულად არ არის შესრულებული, დასაბუთებული, კერძოდ მომჩივნის არგუმენტების შესაბამისად გამოკვლეული და შესწავლილი.
ამასთან, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა მოხდა მომჩივნის პოზიციების მოსმენის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებულია მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების შესწავლა/გაანალიზების გარეშე, რის გამოც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №32547 ბრძანების აღსრულების მიზნით, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგებილი მტკიცებულებები და საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებაზე, რომელიც გამოწვეული იყო საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, დარიცხულ ჯარიმაზე გამოყენებული იქნა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%- იანი განაკვეთი. შესაბამისად, შემცირდა დღგ-ში დარიცხული ჯარიმა 361 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 2023 წლის 24 ნოემბერს 11:30 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და დაედგინა არის თუ არა შპს „---ის“ მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ემსჯელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი სანქციის გამოყენების შესაძლებლობაზე. ბრძანების აღსრულების მიზნით შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები (სალაროს შემოსავლის ორდერები, ჩეკები, სხვა დოკუმენტები), რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ შემოწმების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა დროში გადაანაცვლა გადამხდელის დასაბეგრი ოპერაციები იმის გამო, რომ საწარმოს მიერ სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკები პროგრამულად და დეკლარაციებში რეალიზაციაში ასახულია არაერთხელ ერთი თვით ადრე პერიოდში, ხოლო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით ჩეკები იდენტიფიცირებულია Z-ის ამოღების თარიღის მიხედვით. გადაანგარიშების ეტაპზე დასაბეგრი ოპერაციები განხორციელებულად ჩაითვალა გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით და არ გახდა საჭირო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი სანქციის შეფარდების თაობაზე რეკომენდაციის შესრულება.
გადაანგარიშების მეორე ეტაპზე დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის პერიოდის ცვლილებამ გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმის, 361 ლარით, შემცირება. გადაწყვეტილების აღსრულებას, გადასახადში დარიცხული თანხის ცვლილება არ გამოუწვევია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებსბას.
ფაქტობრივი გარემოებები
კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა“ გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 26 ივნისის №14585 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 30 ოქტომბრის №20328/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14585 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.