გადაწყვეტილება №19734/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.07.2023
№ დოკუმენტი 19734/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19734/2/2023

05 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 22.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19734/2/2023).

 

დავის საგანი:

საქონლის (სიგარეტი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №EL206100 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 15 მაისის №10753 ბრძანება

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა- 1000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა

2023 წლის 12 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში, ------- რესპუბლიკის მხრიდან შემოსული მომჩივნის ფიზიკური დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი „ZUMERRET“ – 1200 ღერი (60 კოლოფი), რომელიც მოთავსებული ჰქონდა სხეულზე (წელზე, მკერდზე და შარვლის ჯიბეში). აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ,,მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“.

მომჩივნის ქმედება ჩაითვალა საქონლის (სიგარეტი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად შემოტანად, რაზეც საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 12 აპრილის №EL206100 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

საბაჟო სანქციის სახით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე სიგარეტი „ZUMERRET“ – 1200 ღერი (60 კოლოფი), შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №------- ოქმი, ჩამორთმეული საქონელი (დალუქული ------- საბაჟო ლუქით) განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი -------“ ადმინისტრაციულ შენობაში.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის N10753 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლები სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, მე-13 მუხლზე, ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დუთი ფრიში შეიძინა 6 ბლოკი სიგარეტი და უნდოდა ------- მის ახლობლებთან საჩუქრად მიტანა. ვინაიდან პირადობას ვადა გასდიოდა, თურქმა მესაზღვრეებმა არ გაუშვეს, ამიტომ იძულებული გახდა დაბრუნებულიყო უკან.

------- ხშირად დადის, რადგან სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტები არის იაფი და იქიდან გადმოჰქონდა. არის უმუშევარი და მისი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ შეძლებს აღნიშნული ჯარიმის გადახდას. ითხოვს ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

საქმის მასალებით დგინდება, რომ 12.04.2023 წელს, ------- რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში შემოსვლისას მომჩივანს აღმოაჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი (სიგარეტი) აქციზური მარკის გარეშე.

მომჩივნის განმარტებით, ------- ხშირად დადის, რადგან სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტები არის იაფი და იქიდან გადმოჰქონდა. არის უმუშევარი და მისი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ შეძლებს აღნიშნული ჯარიმის გადახდას. ითხოვს ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.

გასათვალისწინებელია, რომ მომჩივანს 2022 წელს უფიქსირდება აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - სხვადასხვა დასახელების სიგარეტის შემოტანის 1 (ერთი) ფაქტი, რა დროსაც მასზე გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი (29/08/2022).

ამგვარად, ვინაიდან შემოტანილი საქონლის რაოდენობა აღემატებოდა საგადასახადო კოდექსის 199- ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ ოდენობას, მომჩივანს ჰქონდა აღნიშნული საქონლის დეკლარირების ვალდებულება, რაც არ შეუსრულებია.

საბჭოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს თითოეულ იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მომჩივანი აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივნის აღმოჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი „ZUMERRET“ – 1200 ღერი (60 კოლოფი), რომელიც მოთავსებული ჰქონდა სხეულზე (წელზე, მკერდზე და შარვლის ჯიბეში). რაზეც საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა..

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის N10753 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანი აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199

საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(3);