გადაწყვეტილება №25748/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25748/2/2025
07 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----------ძე (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------ძის 1.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25748/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №042-16 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18439 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 122 233,09 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 80 137,99
დღგ - 79 721,99
ქონების გადასახადი - 416
ჯარიმა - 22 353,04
საურავი - 19 742,06
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. 11.01.2018 წლიდან მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი.
აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.05.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების და მცირე ბიზნესის სტატუსის შესაბამისად ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის ჯამურად მიღებული შემოსავალი შეადგენს 621 858 ლარს.გადასახადის გადამხდელის ზეპირი განმარტებით, ძირითადი ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ------ ბანკთან თანამშრომლების გადაყვანის თაობაზე, რის სანაცვლოდაც ყოველი თვის ბოლოს იღებს გაწეული მომსახურების საზღაურს, გადასახადის გადამხდელი ასევე უწევს მომსახურებას სს -------- ბანკს, ააიპ ------ის და სსიპ ----------ს.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულმა შემოსავლებმა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 29.08.2022 წელს, საიდანაც წარმოიშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი ჩაირთო დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა, რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ის ბრუნვის 5%-ის ოდენობით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №042-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18439 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ იყო ინფორმირებული დღგ-ის შესახებ, არ იცის საგადასახდო კანონმდებლობა, არის კეთილსინდისიერი მოქალაქე. არ ჰქონია გადასახადის დამალვის განზრახვა. იცოდა, რომ უნდა წარედგინა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ყოველთვიური დეკლარაციები, რასაც დამოუკიდებლად ბუღალტრის გარეშე, პირნათლად ასრულებდა და იხდიდა კანონით გათვალისწინებულ გადასახადს. რომ სცოდნოდა ან საგადასახდო ორგანოდან მისვლოდა ინფორმაცია დღგ-ის შესაძლო რეგისტრაციის შესახებ, აუცილებლად დადგებოდა და გადაიხდიდა კუთვნილ გადასახადს, რადგან ძირითადად ემსახურება ------ ბანკს და მომჩივნის ინტერესში არანაირად არ შედიოდა სახელმწიფოსთან არაპირნათელი ყოფნა. რამაც შეცდომაში შეიყვანა იმ გარემოებამ, რომ 3 წლის მანძილზე ყოველი თვის დასაწყისში, -----ბანკი სთხოვდა ცნობას, რომ არ იყო დღგ-ის გადამხდელი, მიღება-ჩაბარება და ინვოისთან ერთად. შესაბამისად შემოსავლების სამსახური აძლევდა ამ ცნობას ყოველ თვე და აბარებდა ---- ბანკს. ეგონა ყველაფერი კარგად იყო. ასევე ითხოვს გათვალისწინებულ იქნას მომჩივნის ოჯახური ფინანსური მდგომარეობა (აქვს საბანკო ვალდებულებები) არ აქვს საკუთრებაში ქონება და აღნიშნული თანხის (ჯარიმა და საურავი) გადახდა მომჩივნისთვის იქნება ძალიან მძიმე ტვირთი, ასევე ვეღარ მოახერხებს მუშაობას და შესაბამისად ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადის გადახდასაც.
ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, ითხოვს უცოდინრობის და შეცდომის საფუძველზე დარიცხული სანქცია (ჯარიმა და საურავი), საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ეპატიოს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას არ გამოყენებულა არაპირდაპირი მეთოდი და განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება გარკვეული გარემოებების არსებობისას მხედველობაში მიიღება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვისას, მათ შორის დავის განხილვის პირველ ეტაპზე, მომჩივნის სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების დროს.
საბჭო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა და შესაბამისი სამართალდარღვევა გამოწვეულია მომჩივნის შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში.
სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან.
რაც შეეხება დაკისრებულ საურავს, საბჭო განმარტავს, რომ საურავი არის სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის, რომელიც შინაარსით წარმოადგენს ბიუჯეტში გადასახადის დაგვიანებით გადახდის შედეგად წარმოშობილი ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებას, რაც მას განასხვავებს ფულადი ჯარიმის შინაარსისგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკისრებული საურავისგან მომჩივნის გათავისუფლება, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.05.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების და მცირე ბიზნესის სტატუსის შესაბამისად ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის ჯამურად მიღებული შემოსავალი შეადგენს 621 858 ლარს.გადასახადის გადამხდელის ზეპირი განმარტებით, ძირითადი ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ბანკთან თანამშრომლების გადაყვანის თაობაზე, რის სანაცვლოდაც ყოველი თვის ბოლოს იღებს გაწეული მომსახურების საზღაურს, გადასახადის გადამხდელი ასევე უწევს მომსახურებას ააიპ-ს და სსიპ-ს.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულმა შემოსავლებმა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 29.08.2022 წელს, საიდანაც წარმოიშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი ჩაირთო დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა, რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ის ბრუნვის 5%-ის ოდენობით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №042-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №18439 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან.
ხოლო, დაკისრებული საურავისგან მომჩივნის გათავისუფლება საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 272(1); 282(1);