ბრძანება N 6126

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.03.2026
№ დოკუმენტი 6126
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6126

20 მარტი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----------ის (ს/ნ --------------)

(ფაქტ. მის.: ----------------------;

იურ. მის.: ------------------------)

2026 წლის 22 იანვრისა და 19 თებერვლის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 და 26 თებერვალს გამართულ სხდომებზე (ოქმები №13 და №18) განიხილა ი/მ ----------ის (ს/ნ --------------) №----/1/2026 და №----/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 დეკემბრის №001-294 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას და განმარტავს, რომ მისი აწ გარდაცვლილი, დედამთილის პირადი შემოსავალი ირიცხებოდა გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე, ვინაიდან იგი ეხმარებოდა დედამთილს თანხის განაღდებაში. მომჩივანის განმარტებით თანხა გადასახადის გადამხდელის დედამთილს ეკუთვნოდა. შესაბამისად, იგი არ იყო მის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული. ამასთან, მომჩივანი განმარტავს, რომ დაიბეგრა გადასახადის გადამხდელის ახლობლებისა და ნათესავების პირადი ჩარიცხვებიც.

2. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდქსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ნოემბრის №26133 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----------ის (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 17 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 19 დეკემბრის №27913 ბრძანება და ამავე თარიღის №001-294 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 15 457 ლარი, მათ შორის გადასახადი 10 263 ლარი, ჯარიმა 2 851 ლარი და საურავი 2 343 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

პირი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2014 წლის 25 თებერვლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობს 2024 წლის მაისიდან. საქმიანობას წარმოადგენს საკუთარი/იჯარით აღებული შენობა-ნაგებობების - სასტუმროს მართვა და საცხოვრებელი ბინის იჯარით გადაცემა. შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელი გარკვეული პერიოდით მართავდა ი/მ -----საგან (ს/ნ -----) იჯარით აღებულ საოჯახო სასტუმროს. სასტუმრო მდებარეობს ---ში, --- ქ. N--ში, საკადასტრო კოდით -----, მიწის ფართი 509 კვ.მ. შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 570 კვ.მ. 2022 წლიდან სასტუმრო ასევე რეგისტრირებულია https://www.booking.com/ გაქირავების ელექტრონულ გვერდზე და ოპერირებს -- სახელით. ფართში განთავსებულია 25 სტუმარზე გათვლილი 11 ნომერი. შემოწმებით განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო სალარო აპარატის და ბანკის მეშვეობით მიღებული შემოსავლების ანალიზი. ასევე, მეიჯარე ი/მ -------ის (ს/ნ ------) საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, გამოვლინდა რომ ი/მ -----ი (ს/ნ-------) მიუხედავად სასტუმროს იჯარით გადაცემისა, ,,booking.com“-ის ვირტუალური ანგარიშის მეშვეობით კვლავ აგრძელებდა მის სახელზე რეგისტრირებული მომხმარებლით შემოსავლების მიღებას, რაც აიხსნება შემდეგი გარემოებით: ,,booking.com“ ახლად რეგისტრირებულ სასტუმრო ოპერატორებს, კლიენტების უფლებების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არ აძლევს სასტუმროს სტუმრების პირად ანგარიშებსა და მონაცემებზე წვდომის საშუალებას. მხოლოდ გარკვეული პერიოდით ოპერირებისა და გადამოწმების შემდეგ სასტუმროს უხსნის ე.წ. ვირტუალურ ანგარიშს. ვირტუალური ანგარიშის მეშვეობით სასტუმროს ეძლევა შესაძლებლობა სტუმრის საბანკო ბარათიდან ავტომატურად ჩამოჭრას ნომრის ღირებულების შესაბამისი თანხა. ,,booking.com“-ის ვირტუალური ანგარიშიდან შემოსული თანხები მიმღებთან აისახება როგორც პოს ტერმინალზე მიღებული შემოსავლები. ი/მ -----ს ,,booking.com“-ის მიერ ჩარიცხული შემოსავლები გამოაქვს საბანკო ანგარიშიდან, იტოვებს იჯარის ღირებულების შესაბამის თანხას და დანარჩენ ნაწილს გადასცემს მოიჯარე ------ს, როგორც მის კუთვნილ შემოსავლებს. თანხის (ნაღდი ფულის) გადაცემაზე ი/მ ----სა და მოიჯარე გადასახადის გადამხდელს შორის თანხების მიღება-გადაცემაზე გაფორმებულია მიღებაჩაბარების აქტები. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხა 2024 წლის 28 ივლისის თარიღისათვის აჭარბებს 100 000 ლარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე, 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის პერიოდიდან დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1.საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელი გარკვეული პერიოდით მართავდა ი/მ -----საგან იჯარით აღებულ საოჯახო სასტუმროს. 2022 წლიდან სასტუმრო ასევე რეგისტრირებულია https://www.booking.com/ გაქირავების ელექტრონულ გვერდზე და ოპერირებს ---- სახელით. ფართში განთავსებულია 25 სტუმარზე გათვლილი 11 ნომერი. შემოწმებით განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო სალარო აპარატის და ბანკის მეშვეობით მიღებული შემოსავლების ანალიზი. ასევე, მეიჯარე ი/მ ----ის საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, გამოვლინდა რომ აღნიშნული პირი მიუხედავად სასტუმროს იჯარით გადაცემისა, ,,booking.com“-ის ვირტუალური ანგარიშის მეშვეობით კვლავ აგრძელებდა მის სახელზე რეგისტრირებული მომხმარებლით შემოსავლების მიღებას, რაც აიხსნება შემდეგი გარემოებით:

„booking.com“ ახლად რეგისტრირებულ სასტუმრო ოპერატორებს, კლიენტების უფლებების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არ აძლევს სასტუმროს სტუმრების პირად ანგარიშებსა და მონაცემებზე წვდომის საშუალებას. მხოლოდ გარკვეული პერიოდით ოპერირებისა და გადამოწმების შემდეგ სასტუმროს უხსნის ე.წ. ვირტუალურ ანგარიშს. ვირტუალური ანგარიშის მეშვეობით სასტუმროს ეძლევა შესაძლებლობა სტუმრის საბანკო ბარათიდან ავტომატურად ჩამოჭრას ნომრის ღირებულების შესაბამისი თანხა. ,,booking.com“-ის ვირტუალური ანგარიშიდან შემოსული თანხები მიმღებთან აისახება როგორც პოს ტერმინალზე მიღებული შემოსავლები. ი/მ ----ს ,,booking.com“-ის მიერ ჩარიცხული შემოსავლები გამოაქვს საბანკო ანგარიშიდან, იტოვებს იჯარის ღირებულების შესაბამის თანხას და დანარჩენ ნაწილს გადასცემს მოიჯარე ------ს, როგორც მის კუთვნილ შემოსავლებს. თანხის (ნაღდი ფულის) გადაცემაზე ი/მ ------სა და მოიჯარე გადასახადის გადამხდელს შორის თანხების მიღება-გადაცემაზე გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნული ფაქტობრივი გარმოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი გარკვეული პერიოდის ვადით მართავდა სასტუმროს, მათ შორის, იღებდა თანხას „booking.com“-ის ვირტუალური ანგარიშიდან შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო სალარო აპარატისა და ბანკის მეშვეობით მიღებული შემოსავლების ანალიზის შედეგად დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზრვრა და დღგ-ში განსაზრვრული საგადასახადო ვალდებულებები შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახსიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ----------ის (ს/ნ --------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას.საქართველოს საგადასახადო კოდქსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №26133 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №27913 ბრძანება და №001-294 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 15 457 ლარი, მათ შორის გადასახადი 10 263 ლარი, ჯარიმა 2 851 ლარი და საურავი 2 343 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საკუთარი/იჯარით აღებული შენობა-ნაგებობების - სასტუმროს მართვა და საცხოვრებელი ბინის იჯარით გადაცემა. შემოწმებით განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო სალარო აპარატის და ბანკის მეშვეობით მიღებული შემოსავლების ანალიზი. ასევე, გადამოწმდა მეიჯარე და მოიჯარე გადასახადის გადამხდელს შორის თანხების მიღება-გადაცემაზე გაფორმებულია მიღებაჩაბარების აქტები. ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხა 2024 წლის 28 ივლისის თარიღისათვის აჭარბებს 100 000 ლარს.შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე, 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის პერიოდიდან დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“) ; 163(1.2 ); 164(1); 165(1); 269(7); 282(1);