გადაწყვეტილება №24610/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.02.2025
№ დოკუმენტი 24610/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№24610/2/2025

14 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 15.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24610/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.10.2024 წლის №23785/2/2024 (რეგ. 15.10.2024 წელი; №03/77088) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 დეკემბრის №070-6 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 34 033.68 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 20 975

დღგ - 2 835

საშემოსავლო გადასახადი - 18 140

ჯარიმა - 10 317

საურავი - 2 741.68

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა მინერალური სასუქებით, აგროქიმიური პროდუქტებით, სამურნეო მასალებითა და საღებავებით. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №8584 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 11 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: საწარმოს არ აქვს საბუღალტრო პროგრამა. შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ასევე, შემოწმების მიერ სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა გაანგარიშდა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის შესაბამისად. საკასო შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 101 353 ლარის ოდენობით, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვის სალაროს გონივრული ნაშთი და ახსნა-განმარტების საფუძველზე წარდგენილი ინფორმაცია კრედიტორ-დებიტორების შესახებ, ხოლო დარჩენილი თანხა, რომლის სალაროში არსებობაც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №14064 ბრძანება და №070-4 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 36 280.89 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 15 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 5 აგვისტოს №18051 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, თუმცა დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ სადავო საკითხში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 აგვისტოს №18051 ბრძანება 23.08.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 10.10.2024 წლის №23785/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს 10.10.2024 წლის №23785/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2024 წლის დასკვნა, 17.12.2024 წლის №26486 ბრძანება და №070-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რადგან ითხოვდა ბანკიდან მიზნობრივად გამოტანილი სესხის - 120 000 ლარის სესხად აღიარებას, რომელიც ფერმის მშენებლობას მოხმარდა და რომელიც აუდიტის დეპარტამენტმა ჩათვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღწერის მომენტში ეს თანხა გაცემული იყო ანგარიშვალდებულ პირზე - ---ზე, რომელიც ნაღდი ანგარიშსწორებით ყიდულობდა სამშენებლო მასალებს საქონლის ფერმის მშენებლობისთვის, რადგან კომპანიის ოფისში (მაღაზიაში) არ იყო სათანადო პირობები ფულის შენახვის, ამიტომ ---ს აღნიშნული ფული ჰქონდა ნაწილი სახლში და ნაწილი ჯიბეში, რომელიც აღწერის დროს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს არ დაუფიქსირებიათ. წარმოადგენს შპს „---ის“ 2024 წლის 20 დეკემბრის №02/01-155 დამოუკიდებელ მარწმუნებელ ანგარიშს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა შემოსავლების და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ხელახალი გადამოწმება. გასათვალისწინებელია რამდენიმე გარემოება: გაცემული ხელფასის ხარჯად აღიარებულია 1.04.2024 - 31.10.2024 წლის პერიოდში 2 240 ლარი. ფაქტიურად, ამ პერიოდში ხელზე გაცემულია ხელფასი - 7 248 ლარი. აგრეთვე, ტერმინალის საკომისიო, რომელსაც ბანკი იტოვებს ორგანიზაციის ანგარიშზე ჩარიცხვამდე (ბანკის ამონაწერში არ ჩანს), პოს ტერმინალზე დადებული ხელშეკრულების თანახმად, 1,5%-ს შეადგენს. შემოსავლების ცხრილის მიხედვით, ---- ბანკის ბარათებით (ვაუჩერებით) გატარებული შემოსავალი შეადგენს 140 215 ლარს. შესაბამისად, ტერმინალის საკომისიო არის 2 103 ლარი, ხოლო კრედო ბანკის ვაუჩერების შემოსავალი - 14 949 ლარი, ტერმინალის საკომისიო - 224 ლარი. სულ ტერმინალის საკომისიოს თანხა შეადგენს 2 327 ლარს. პოსტერმინალის ხელშეკრულებები უკვე წარმოდგენილი აქვს.

მომჩივანი ითხოვს, გათვალისწინებულ იქნას გაანგარიშებაში ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯები, თავიდან მოხდეს ამ საკითხის განხილვა და აუდიტორების მიერ ხელფასად აღიარებული თანხა, რაზეც მოხდა საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება, განხილულ იქნას როგორც ანგარიშვალდებულ პირზე მშენებლობისთვის მიზნობრივად გაცემული თანხა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დავების განხილვის საბჭოს 10.10.2024 წლის №23785/2/2024 გადაწყვეტილებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომი პერიოდის (1.04.2024 – 1.11.2024) საბანკო ამონაწერები, დებიტორ-კრედიტორების ჩამონათვალი და მიღებული ზედნადებები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული დოკუმენტაცია. გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა შემდგომი პერიოდის შემოსავლები და გაწეული ხარჯები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების და წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით. მათ შორის, შესწავლილ იქნა მიღებული ფულის და გაწეული ხარჯების ოდენობა და მიზნობრიობა. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში (1.04.2024 - 1.11.2024) გადასახადის გადამხდელის მიერ ფერმის მშენებლობისთვის გაწეული ხარჯები შესაძლებელია ყოფილიყო გაწეულიყო მიმდინარე პერიოდში ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების საშუალებით.

შესაბამისად, შემოწმების მიერ პერიოდის ბოლოს ხელფასად დაბეგრილი თანხის საწარმოში მიზნობრივი ხარჯვა ვერ დადასტურდა. აღნიშნული საკითხი გავლილ იქნა გადასახადის გადამხდელთან, თუმცა რაიმე სახის დოკუმენტაცია/არგუმენტი არ წარუდგენია. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ბანკიდან აიღო მიზნობრივი სესხი, რომელიც მოხმარდა ფერმის მშენებლობას. შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინეს აუდიტის დეპარტამენტს, თუმცა არ მოხდა აღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს 10.10.2024 წლის №23785/2/2024 (რეგ. 15.10.2024 წელი; №03/77088) გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და თუ დადასტურდა, რომ ბანკიდან აღებული სესხის თანხა გახარჯულია მიზნობრივად (ფერმის მშენებლობისთვის), განახორციელოს აღნიშნული ხარჯების გათვალისწინება ფულის ნაშთის გაანგარიშებისას და შესაბამისად, მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და თუ დადასტურდა, რომ ბანკიდან აღებული სესხის თანხა გახარჯულია მიზნობრივად (ფერმის მშენებლობისთვის), განახორციელოს აღნიშნული ხარჯების გათვალისწინება ფულის ნაშთის გაანგარიშებისას და შესაბამისად, მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 დეკემბრის №070-6 საგადასახადო მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა გაანგარიშდა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის შესაბამისად. საკასო შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 101 353 ლარის ოდენობით, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვის სალაროს გონივრული ნაშთი და ახსნა-განმარტების საფუძველზე წარდგენილი ინფორმაცია კრედიტორდებიტორების შესახებ, ხოლო დარჩენილი თანხა, რომლის სალაროში არსებობაც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და თუ დადასტურდა, რომ ბანკიდან აღებული სესხის თანხა გახარჯულია მიზნობრივად (ფერმის მშენებლობისთვის), განახორციელოს აღნიშნული ხარჯების გათვალისწინება ფულის ნაშთის გაანგარიშებისას და შესაბამისად, მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1,ბ.