გადაწყვეტილება №25537/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.09.2025
№ დოკუმენტი 25537/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25537/2/2025

12 სექტემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ---------ი (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---------ის 29.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25537/2/2025).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2025 წლის №001-84 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.07.2025 წლის №15898 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 27 251.53 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 15 781.71

ჯარიმა - 6 194.16

საურავი - 5 275.66

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სარესტორნო საქმიანობა. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2010 წლის 2 ივლისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2024 წლის 6 მარტს, შესამოწმებელ პერიოდში სოფ. -------ი ფლობდა სწრაფი კვების ობიექტს, სადაც რეგისტრირებული ჰქონდა საკონტროლო-სალარო აპარატები და პოსტერმინალები.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება საკონტროლოსალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 29 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია არ უფიქსირდება. სალაროსა და ტერმინალის შესწავლით დადგინდა, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშვა 2022 წლის 22 თებერვალს, 2022 წლის 22 თებერვლიდან 2025 წლის პირველ მარტამდე პერიოდზე გადასახადის გადამხდელს განხორციელებული აქვს 233 879 ლარის დასაბეგრი ოპერაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2025 წლის №11201 ბრძანება და №001-84 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.07.2025 წლის №15898 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საგადასახადო შემოწმებით მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ, თუ დგება საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები, რომელიც პირს ანიჭებს უფლებას გაიუქმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, აღნიშნული პირობების დადგომის შემდგომ პერიოდზე, არ მიიჩნიოს ი/მ -------ი დღგ-ის გადამხდელად და განახორციელოს ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 14.07.2025 წლის №15898 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხის ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272- ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ყოველთვის პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ საგადასახადო ვალდებულებებს და მიზნად არ ისახავდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის თავის არიდებას. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ შემოწმების დაწყებამდე, 2024 წლის 6 მარტს, ნებაყოფლობით მიმართა საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე, რის შემდეგაც იხდიდა კიდევაც გადასახადებს. ხოლო, 2022 წლის თებერვლის თვეში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის თავის არიდება არ მომხდარა განზრახ ქმედებით, არამედ მისი შეცდომით/არ ცოდნით, მისი გამოუცდელობით, კერძოდ, არასრულად აღრიცხა 12 უწყვეტი თვის შემოსავლები და შესაბამისად არ იცოდა, რომ უნდა დამდგარიყო დღგ-ის გადამხდელად.

ითხოვს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებას და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, როგორც კეთილსინდისიერ მეწარმეს გაუუქმდეს დაკისრებული სანქციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად, გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით.

განსახილველ შემთხვევაში, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება საკონტროლოსალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით ირკვევა ,რომ გადასახადის გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია არ უფიქსირდება. სალაროსა და ტერმინალის შესწავლით დადგინდა, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშვა 2022 წლის 22 თებერვალს, 2022 წლის 22 თებერვლიდან 2025 წლის პირველ მარტამდე პერიოდზე გადასახადის გადამხდელს განხორციელებული აქვს 233 879 ლარის დასაბეგრი ოპერაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №11201 ბრძანება და №001-84 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №15898 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საგადასახადო შემოწმებით მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ, თუ დგება საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები, რომელიც პირს ანიჭებს უფლებას გაიუქმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, აღნიშნული პირობების დადგომის შემდგომ პერიოდზე, არ მიიჩნიოს მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად და განახორციელოს ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №15898 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხის ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);