ბრძანება N 5383

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.03.2024
№ დოკუმენტი 5383
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5383

12 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ --------------ის (პ/ნ ---------------)

(მის.: -----------------------------------)

2024 წლის 9 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა ფ/პ --------------ის (პ/ნ ---------------) №21620/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 თებერვლის №063-1 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადი გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კამერალური შემოწმებით პირს დაუდგინდა 115 000 ლარის ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობის დანაკლისი. გადასახადის გადამხდელის განცხადებით, აღნიშნული საქონელი იყო სრულად ვადაგასული და განადგურდა მის მიერ. აღნიშნავს, რომ საქონლის განადგურების თაობაზე ოფიციალური დოკუმენტი არ არის შედგენილი, თუმცა არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ აღნიშნულ ფაქტს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 იანვრის N797 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ფ/პ --------------ის (პ/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 18 იანვრის №698 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის (გამოვლენილი დანაკლისის თანხის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადისა ან/და მოგების/საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციებში ასახვა) დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 31 იანვარს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 5 თებერვლის №2046 ბრძანება და 6 თებერვლის №063-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 36 950 ლარი, მათ შორის, გადასახადი 23 927 ლარი, ჯარიმა 6 534 ლარი, საურავი 6 489 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: ფ/პ -------------ს 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 2020 წლის 16 ივლისამდე პერიოდში მინიჭებული ჰქონდა მცირე მეწარმის სტატუსი. გადამხდელის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოადგენდა სასურსათო პროდუქტებით ვაჭრობა კახეთში, სოფელ ----ში. პირი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 18 იანვრის №698 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით გამოვლინდა დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 110 580 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2022 წლის 23 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ოქმი №------), რომლის მიხედვითაც პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 11 058 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ ფ/პ ------------ის მიერ ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულება შესრულებული არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის, მე-100, 102-ე, 159-ე, 160-ე, 165-ე მუხლების თანახმად, შემოწმების შედეგად პირი დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად 2022 წლის 23 მარტიდან, გაიზარდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავალი ინვენტარიზაციის მიერ გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ღირებულებით - 110 580 ლარით. ამასთან, დაკორექტირდა 2022 წლის სმფ-ების საწყისი ნაშთი, რომელიც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მასალებით განსაზღვრულია 100 527 ლარის ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, 2022 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის (საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის პერიოდი) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 110 580 ლარით. პირს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში. ამავე კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების თანახმად:

2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

6. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 18 იანვრის N698 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე 2022 წლის 23 მარტს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვითაც პირს შეეფარდა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ პირს გამოვლენილ დანაკლისზე არ აქვს შესრულებული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. ამდენად, გამოვლენილი დანაკლისი დაიბეგრა შემოწმებით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, 2022 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლის, 2022 წლის სმფ-ების საწყისი ნაშთის და 2022 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სმფ-ების დანაკლისის მიწოდებად განხილვა, პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/არგუმენტები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ --------------ის (პ/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადი გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N797 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება №698 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №2046 ბრძანება და №063-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 36 950 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით მომჩივანს 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 2020 წლის 16 ივლისამდე პერიოდში მინიჭებული ჰქონდა მცირე მეწარმის სტატუსი.პირი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №698 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით გამოვლინდა დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 110 580 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 11 058 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ ფ/პ გიორგი ელერდაშვილის მიერ ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულება შესრულებული არ არის.

ამასთან,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის, მე-100, 102-ე, 159-ე, 160-ე, 165-ე მუხლების თანახმად, შემოწმების შედეგად პირი დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად 2022 წლის 23 მარტიდან, გაიზარდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავალი ინვენტარიზაციის მიერ გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ღირებულებით - 110 580 ლარით. დაკორექტირდა 2022 წლის სმფ-ების საწყისი ნაშთი, რომელიც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მასალებით განსაზღვრულია 100 527 ლარის ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, 2022 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის (საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის პერიოდი) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 110 580 ლარით. პირს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:145(2 .6); 282(1); 286(9);