ბრძანება N 26762

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.12.2024
№ დოკუმენტი 26762
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26762

20 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ------- (პ/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 2 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №131) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) №93151/1/2024 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 7 აგვისტოს №011-4820 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შპს ,,-------”-სა (ს/ნ -------) და შემოსავლების სამსახურს შორის 2023 წლის 22 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება №2023-12839 აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ. ამ ხელშეკრულების მიხედვით, აღიარებული საგადასახადო ვალდებულების ოდენობა შეადგენს 284 330.33 ლარს. ხელშეკრულებით დადგინდა გადახდის გრაფიკი. ამასთან, ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ საგადასახადო ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილია, როგორც საწარმოს ქონებით, ისე ფიზიკური პირის ------- თავდებობით. იმავე დღეს, 2023 წლის 22 დეკემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება №2023-12839.1 შემოსავლების სამსახურსა და ------- შორის.

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტმა 2024 წლის 7 აგვისტოს გამოსცა სადავო ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომლის თანახმად, ყადაღა დაედო თავდები პირის ------- უძრავ ქონებას.

გადამხდელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ბრძანების თაობაზე მისთვის სრულიად შემთხვევით გახდა ცნობილი, როდესაც განაახლა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, კერძოდ, 2024 წლის 25 ნოემბერს. საკითხის გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ყადაღის დადების თაობაზე ბრძანება შემოსავლების სამსახურს საჯაროდ გამოუქვეყნებია, თუმცა საჯაროდ გამოქვეყნებამდე მისთვის შესაბამისი შეტყობინება არ გაუგზავნია.

გადამხდელი მიიჩნევს, რომ უკანონოა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) - შპს ,,-------”- ის თავდები პირის, ------- ქონების დაყადაღების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო ვალდებულება მნიშვნელოვნადაა შემცირებული (ნაცვლად 2023 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით არსებული 284 330.33 ლარისა, 2024 წლის 24 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს ჯამურად 45 256.37 ლარს (მათ შორის, ძირითადი გადასახადი 1167.8 ლარი). ამასთან, შემოსავლების სამსახურს არ უცდია საგადასახადო დავალიანების გადახდევინება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) ქონების ხარჯზე და პირდაპირ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, თავდები პირის ქონების დაყადაღებაზე მიიღო გადაწყვეტილება. მოვალეს (გადასახადის გადამხდელს) გააჩნია ქონება, რომლის ღირებულება ბევრად აღემატება მისსავე საგადასახადო დავალიანებას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ თავდებთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს სოლიდარულ თავდებობას, არ ცვლის შემოსავლების სამსახურის ვალდებულებას, რომ საკუთარი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, მოქმედებები განახორციელოს და გადაწყვეტილებები მიიღოს მხოლოდ შესაბამისი საფუძვლების არსებობისას და მხოლოდ საკმარისად დასაბუთების გზით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

 

საჩივრის წარმოებაში მიღება:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მართალია, სადავო ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოქვეყნებულია საჯაროდ 2024 წლის 11 ოქტომბერს და შესაბამისად, ჩაბარებულად ჩაითვალა 2024 წლის 31 ოქტომბერს, თუმცა საქმეზე არსებული მასალებიდან არ დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებამდე მისი ჩაბარების უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა საშუალება სრულყოფილად გამოიყენა, რაც სადავო დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წინაპირობა და საფუძველი გახდებოდა. ამასთან, გადასახადის გადამხდელი სადავო ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ელექტრონულად გაეცნო 2024 წლის 2 დეკემბერს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვადა არ უნდა ჩაითვალოს გაშვებულად და ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „-------“-ს (ს/ნ -------) 2023 წლის 4 აპრილის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

2023 წლის 21 დეკემბერს შპს „-------“-ის (ს/ნ -------) მიერ წარმოდგენილი იქნა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე განცხადება და შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საკუთრებაში არსებული ქონება

ასევე, სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ვალის მართვის დეპარტამენტს განცხადებით მომართა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) თავდებმა - ------- (პ/ნ -------), რომელმაც თავდებობის უზრუნველსაყოფად წარადგინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (საკ. კოდი: -------, ღირებულებით: 141 665 ლარი).

აღნიშნული განცხადების საფუძველზე, შპს „-------“-თან (ს/ნ -------) გაფორმდა ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ. ამასთან, თავდებთან ------- (პ/ნ -------) გაფორმდა 2023 წლის 22 დეკემბრის №2023-12839.1 თავდებობის ხელშეკრულება და მის მიერ წარმოდგენილი ქონება დაიტვირთა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით.

თავდებობის ხელშეკრულებით თავდებმა სოლიდარულად იკისრა ვალდებულება, სრული მოცულობით დაფაროს გადასახადის გადამხდელის შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანება, თუ მოვალე დადგენილ ვადაში არ გადაიხდის გადასახადის კუთვნილ თანხასა და შესაბამის სანქციას. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების უზრუნველსაყოფად. თავდებობის მაქსიმალური თანხა შეადგენდა 284 331 ლარს.

ვალის მართვის დეპარტამენტსა და შპს „-------“'-ს ( ს/ნ -------) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-10 ნაწილისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 64-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოცემული იქნა „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ ბრძანების და „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ“ 2024 წლის 20 მარტის ბრძანება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შპს ,,-------“-ის (ს/ნ -------) მიმართ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2024 წლის 11 აპრილის №011-1391 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს ,,-------“-ის (ს/ნ -------) საკუთრებაში რიცხულ ქონებას. ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 2024 წლის 19 ივლისს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტი

ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 241-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ თავდები პირის ფ.პ ------- (პ/ნ -------) მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2024 წლის 7 აგვისტოს №011-4820 ბრძანება, რომლის საფუძველზეც, შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით დაყადაღებული იქნა თავდები პირის ------- (პ/ნ -------) უძრავი ქონება (საკ. კოდი: -------).

ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2024 წლის 12 ნოემბერს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №2024/011-4820/1 აქტი. აღნიშნული აქტი გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად 2024 წლის 12 ნოემბერს, რომელსაც გაეცნო 2024 წლის 2 დეკემბერს. ასევე №2024/011-4820/1 ,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი შემოსავლების სამსახურის №24910 ბრძანებით 2024 წლის 27 ნოემბერს გავრცელდა საჯაროდ.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;

დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებით საურავის დარიცხვა არ ჩერდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები სოლიდარულად კისრულობს ვალდებულებას, სრული მოცულობით დაფაროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება, თუ გადასახადის გადამხდელი ამ დავალიანებას დადგენილ ვადაში არ გადაიხდის. თავდებობა ფორმდება თავდებსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თავდების მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, თავდებობის ხელშეკრულების ნებისმიერ მონაწილეს მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდა და მისი გადახდევინების მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხოლო მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ვალის მართვის დეპარტამენტსა და შპს „-------“'-ს ( ს/ნ -------) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო გამოიცა „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ ბრძანების და „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ“ 2024 წლის 20 მარტის ბრძანება. შპს „-------“-ის ( ს/ნ -------) მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2024 წლის 11 აპრილის №011-1391 ბრძანება, რის საფუძველზეც შედგა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი უძრავ ქონებაზე და გაიგზავნა შესაფასებლად. რაც შეეხება, მოძრავ ქონებას, გადასახადის გადამხდელთან მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ქონების აღწერა-დაყადაღების აქტის შედგენა. შემოსავლების სამსახურის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ მოხდა უძრავი ქონების შეფასება. აღნიშნულ ქონებაზე ასევე რეგისტრირებულია სააქციო საზოგადოება „-------“ (ს/ნ -------) იპოთეკა.

ამასთან, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 241-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ თავდები პირის ------- (პ/ნ -------) მიმართ 2024 წლის 7 აგვისტოს გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №011-4820 ბრძანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. შპს-ს მიერ წარმოდგენილი იქნა განცხადება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე.

აღნიშნული განცხადების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტმა გააფორმა ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ შპს-თან და თავდებთან. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით დაიტვირთა შპს-ს საკუთრებაში არსებული ქონება და

თავდების მის მიერ წარმოდგენილი ქონება.

თავდებობის ხელშეკრულებით თავდებმა სოლიდარულად იკისრა ვალდებულება, სრული მოცულობით დაფაროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება, თუ მოვალე დადგენილ ვადაში არ გადაიხდის გადასახადის კუთვნილ თანხასა და შესაბამის სანქციას.

ვალის მართვის დეპარტამენტსა და შპს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, გამოცემული იქნა „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ ბრძანების და „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ“ ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს საკუთრებაში რიცხულ ქონებას. ასევე თავდები პირის მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება, რომლის საფუძველზეც, შპს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით დაყადაღებული იქნა თავდები პირის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონება.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(8, 10); 241; 249