გადაწყვეტილება №20122/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.10.2023
№ დოკუმენტი 20122/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20122/2/2023

09 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 30.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20122/2/2023).

 

დავის საგანი:

საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების საბაზრო ფასი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №32484 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №001-246 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 9.06.2023 წლის №12941 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 71 582 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 70 046

დღგ - 26 847

მოგების გადასახადი - 32 693

საშემოსავლო გადასახადი - 9 263

ქონების გადასახადი - 1 243

ჯარიმა - 100

საურავი - 1 436

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.11.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

საწარმოს დამფუძნებელმა 27.10.2022 წელს მოითხოვა კომპანიის ლიკვიდაცია. გადასახადის გადამხდელის სახელზე ფიქსირდებოდა უძრავი ქონება მდებარე "-------"; არასაცხოვრებელი ფართი 80.40 კვ.მ და სარდაფი 80.40 კვ.მ. კომპანიის 26.10.2022 წლის კრების ოქმის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული ფართი გატანილია საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან და დარეგისტრირდა 100%-იან წილის მქონე დამფუძნებლის სახელზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით.

შემოწმებით, საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალება, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩაითვალა საბაზრო ფასით მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით. საბაზრო ფასი განისაზღვრა ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, რამაც შეადგინა 176 000 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად კომპანიას დაერიცხა დღგ. შემოწმების შედეგად აღნიშნული ოპერაცია (რეალიზებულად ჩათვლილი ძირითადი საშუალებები) განხილულია არაფულადი ფორმით განხორციელებულ მოგების განაწილებად და საგადასახადო კოდექსის 981 და 130-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. შედეგად, პირს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები.

ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნით. გადამხდელმა საწარმოს ლიკვიდაციის გამოცხადების დროს არ წარადგინა ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დეკლარაცია, რაზეც დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი, თვეების პროპორციულად.

ამასთან, გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს არ წარუდგინა სალიკვიდაციო დეკლარაცია, რის საფუძველზეც საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მომჩივანი დაჯარიმდა ამავე კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად 100 ლარის ოდენობით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №32484 ბრძანება და ამავე თარიღის №001-246 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 23.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.06.2023 წლის №12941 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 9.06.2023 წლის №12941 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საჩივრებში მითითებულია, რომ საგადასახადო შემოწმების ეტაპზე საშუალება არ მიეცა წარედგინა სერტიფიცირებული შემფასებლის დასკვნა და შემოწმებამ იხელმძღვანელა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის მიერ დადგენილი ღირებულებით. გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოწმების პროცესში გამოყენებული ფასი არ ასახავს ქონების საბაზრო ღირებულებას, შესაბამისად, არ ეთანხმება და წარდგენილი აქვს მტკიცებულება ქონებების საბაზრო ფასის შესახებ, რომლის მიხედვითაც ითხოვს გადასახადების დაანგარიშებას და შემოწმების შედეგების კორექტირებას. ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ასევე ითხოვს, კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებას, რადგან ლიკვიდაციამდე კომპანია არ იყო დღგ-ის გადამხდელი და ლიკვიდაციის გამო, მიწოდებული ქონების ღირებულების გათვალისწინებით, მხოლოდ ამ ოპერაციის მიზნებისთვის, განხორციელდა კომპანიის რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად. საჩივრებზე წარდგენილია ფოტომასალა და შეფასების დასკვნა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ.

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მტკიცებულებების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის ლიკვიდაცია განხორციელდა 27.10.2022 წელს. მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კომპანიის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით გატანილია კომპანიიდან. შემოწმების შედეგად აღნიშნული ოპერაცია განხილულია არაფულადი ფორმით განხორცილებულ მოგების განაწილებად და დაიბეგრა მოგების, საშემოსავლო და დღგ-ის გადასახადით.

კომპანია ფლობდა უძრავ ქონებას შემდეგი მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდებით "------" და "-------" , მდებარე მისამართზე "-------". შემოწმება უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას დაეყრდნო ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას, რომლის საფუძველზეც ქონება შეფასდა 176 000 ლარად.

ექპერტიზა ჩატარებულია არაკომპეტენტურად, არ არის გამოკვლეული ქონების მდგომარეობა, უგულებელყოფილია არსებითი გარემოებები. მიწოდებული უძრავი ქონება წარმოადგენს არასაცხოვრებელ ფართს და არის გაუვარგისებული, მნიშვნელოვნად ამორტიზებული, კარკასულ მდგომარეობაში, ნახანძრალი, მიმდინარე პერიოდშიც არ აკმაყოფილებს რაიმე სახის გამოყენების პირობებს, გამოყენებისთვის საჭიროებს მნიშვნელოვანი ხასიათის კაპიტალურ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს, არის ფანჯრების და ყველა კომუნიკაციის, მათ შორის მოქმედი კანალიზაციის გარეშე. ფართს აქვს სარდაფი, სადაც განთავსებულია კორპუსის საკანალიზაციო სისტემა, სარდაფში ჩასასვლელი მდებარეობს ამ არასაცხოვრებელი ფართის ბოლო ნაწილში, სხვაგვარად შეუძლებელია იქ მოხვედრა და შესაბამისად ფართის მფლობელი ვალდებულია კორპუსის მაცხოვრებლების მოთხოვნით ყოველთვის დაუშვას ისინი გაყვანილობასთან (მათ შორის სარემონტო სამუშაოებისთვისაც), რაც მოითხოვება საერთო სარგებლობის ქონების გამოყენების წესების მიხედვით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ბუნებრივია სარდაფში მდებარე კორპუსის კუთვნილი მილები იკავებენ მის გარკვეულ ნაწილს. ფართი ამგვარ მდგომარეობაშია უკვე მრავალი წელია (აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგენს ფოტომასალას).

ამგვარი ფართი ექსპერტიზის მიერ შეფასდა დაახლოებით 176 000 ლარად, რაც დაახლოებით 65 000 აშშ დოლარია, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია, კომპანიამ განახორციელა უძრავი ქონების შეფასება, შეფასება განხორციელდა აკრედიტებული ორგანიზაციის სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე. შეფასების დასკვნით არასაცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 25 161 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო სარდაფის ღირებულება 6 000 აშშ დოლარის ოდენობით. საგადასახდო კოდექსით დაბეგვრას ექვემდებარება 31 161 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 26.10.2022 წლის ოფიციალური გაცვლითი კურსით 86 387 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტი ეფუძნება მცდარ და გამოუკვლეველ ინფორმაციას, საგადასახდო შემოწმების ეტაპზე შემოწმებას კომპანიისთვის უნდა მოეთხოვა სერტიფიცირებული შემფასებლის დასკვნა და დაბეგვრა განეხორციელებინა დასკვნით განსაზღვრული ფასის მიხედვით, ამის სანაცვლოდ მან იხელმძღვანელა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის მიერ დადგენილი ღირებულებით, რაც თავისი შედეგებით არის არაპროფესიონალური, არაკომპეტენტური და არასამართლიანი, არ ასახავს ქონების საბაზრო ღირებულებას, შესაბამისად კატეგორიულად არ ეთანხმება და წარმოადგენს მტკიცებულებებს ქონებების სამართლიანი საბაზრო ფასის შესახებ, რომლის მიხედვითაც ითხოვს გადასახადების დაანგარიშებას და შემოწმების შედეგების კორექტირებას.

ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით ასევე, ითხოვს კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებას, რადგან ლიკვიდაციამდე კომპანია არ იყო დღგ-ის გადამხდელი პირი და ლიკვიდაციის გამო, მიწოდებული ქონების არასამართლიანი და არაკომპეტენტური ღირებულების გათვალისწინებით მხოლოდ ამ ოპერაციის მიზნებისთვის განხორციელდა კომპანიის რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად.

ითხოვს უძრავი ქონების საბაზრო ფასის შესახებ ზემოთ მოყვანილი საფუძვლიანი არგუმენტების, წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებას და დარიცხული საგადასახადო დავალიანების კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა: დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება: საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 160- ე მუხლის მე-3 ნაწილის: „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ გადასახადის გადამხდელი საწარმო/ორგანიზაცია მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში არსებობს, იგი ქონებაზე გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სალიკვიდაციო კომისია ან გადასახადის გადამხდელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს საგადასახადო ორგანოს. იურიდიული პირის ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში სალიკვიდაციო კომისია ვალდებულია წარუდგინოს დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს.

საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

საჩივარში მითითებულია, რომ ექპერტიზა ჩატარებულია არაკომპეტენტურად, არ არის გამოკვლეული ქონების მდგომარეობა, უგულებელყოფილია არსებითი გარემოებები. კომპანიამ განახორციელა უძრავი ქონების შეფასება. შეფასება განხორციელდა აკრედიტებული ორგანიზაციის სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე. შეფასების დასკვნით არასაცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 25 161 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო სარდაფის ღირებულება 6 000 აშშ დოლარის ოდენობით. საგადასახდო კოდექსით დაბეგვრას ექვემდებარება 31 161 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 26.10.2022 წლის ოფიციალური გაცვლითი კურსით 86 387 ლარი. ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ასევე, ითხოვს კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებას, რადგან ლიკვიდაციამდე კომპანია არ იყო დღგ-ის გადამხდელი პირი და ლიკვიდაციის გამო, მიწოდებული ქონების არასამართლიანი და არაკომპეტენტური ღირებულების გათვალისწინებით მხოლოდ ამ ოპერაციის მიზნებისთვის განხორციელდა კომპანიის რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად.

საჩივარს ახლავს უძრავი ქონების ფოტომასალა და შპს „N1“-ის 21.01.2023 წლის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ შეფასების დასკვნა.

მომჩივნის არგუმენტებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის 9.06.2023 წლის №12941 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო 9.06.2023 წლის №12941 ბრძანება მართებულია და არ არსებობს მისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგბს,ითხოვს გადასახადების დაანგარიშებას და შემოწმების შედეგების კორექტირებას.

ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით ასევე, ითხოვს კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებას.

ითხოვს უძრავი ქონების საბაზრო ფასის შესახებ ზემოთ მოყვანილი საფუძვლიანი არგუმენტების, წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებას და დარიცხული საგადასახადო დავალიანების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის სახელზე ფიქსირდებოდა უძრავი ქონება.კომპანიის 26.10.2022 წლის კრების ოქმის გადაწყვეტილებით აღნიშნული ფართი გატანილია საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან და დარეგისტრირდა 100%-იან წილის მქონე დამფუძნებლის სახელზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით.

შემოწმებით, საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალება, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩაითვალა საბაზრო ფასით მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით.საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად კომპანიას დაერიცხა დღგ. აღნიშნული ოპერაცია დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. შედეგად, პირს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები.

ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნით. გადამხდელმა საწარმოს ლიკვიდაციის გამოცხადების დროს არ წარადგინა ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დეკლარაცია, რაზეც დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი, თვეების პროპორციულად.ასევე,გადამხდელმა არ წარადგინა სალიკვიდაციო დეკლარაცია, რის საფუძველზეც მომჩივანი დაჯარიმდა .

შემოსავლების სამსახურის 9.06.2023 წლის №12941 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო 9.06.2023 წლის №12941 ბრძანება მართებულია და არ არსებობს მისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),97,981,130,158,159,160,164,165,201,202,205,291.