ბრძანება N 15083
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 15083
28.06.2023
სს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 7 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 ივნისის სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა სს „---ის“ (ს/ნ ---) №78919/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №006-679 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (დამფუძნებლებზე) გაცემული სესხის უკან დაბრუნების საფუძველზე, მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის ოდენობის განსაზღვრას. აცხადებს, რომ დამფუძნებლების მიერ 2021 წლის 25 იანვარს სრულად დაბრუნდა სესხის თანხა, რომელიც შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული. განმარტავს, რომ სესხების გაცემის მიზნობრიობა არ ყოფილა თანხებით პირადი სარგებლობა და მიზნობრიობას წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციის დაცვა საბროკერო კომპანიის კაპიტალის მინიმალური ოდენობის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოდან გატანილი თანხების გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ 2018 წელს იგი წარმოადგენდა ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიას, რომლის ერთერთი პროდუქტი იყო ფორექსის ბაზარზე საბროკერო ანგარიშების გახსნა. შესაბამისად, პირთან, რომელთანაც გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება სავაჭრო პლატფორმით სარგებლობის შესახებ, ხორციელდება ფინანსური ტრანზაქციები ამ მომსახურების ფარგლებში. გადამხდელისთვის გაუგებარია რატომ მოხდა ფინანსური ტრანზაქციების დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით.
3. გადამხდელი არ ეთანხმება დირექტორის მიერ საქვეანგარიშოდ გატანილი და დაუბრუნებელი თანხების გაცემულ ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ ანგარიშვალდებულ პირზე მოთხოვნა 2018 წლის 22 ნოემბერს 113 611 ლარის ღირებულებით ჩამოწერილია ურთიერთდამოკიდებული კომპანიის შესყიდვის გზით. გადამხდელის განმარტებით, საწარმომ ნამდვილად მოახდინა სს „---ის“ 100%-იანი წილის შეძენა. ამასთან, ეს წილი შეძენამდე შეფასებულია აუდიტორული ფირმების რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ და დადგენილია წილის ღირებულებაც. ხოლო, შესყიდვას საფუძვლად უდევს შესაბამისი ხელშეკრულება. გადამხდელის განმარტებით, 2019 წელს აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმებული აქვს სესხის ხელშეკრეულებაც და სს „---ის“ მიერ შეძენილია სავაჭრო პლატფორმა (----) 75 000 აშშ დოლარად. ამასთან, აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა და წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა/დამუშავება და 2019 წელს უკვე ჰყავდა დასაქმებული თანამშრომლები, რაც დასტურდება წარმოდგენილი შესაბამისი დეკლარაციებით. ამდენად, გადამხდელს გაუგებრად მიაჩნია დარიცხვის საფუძვლები.
4.გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 13 ოქტომბრის №32568 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდების შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 დეკემბრის №33462 ბრძანება და ამავე თარიღის №006-679 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 483 879 ლარი, მათ შორის, გადასახადი 221 513 ლარი, ჯარიმა 143 269 ლარი, საურავი 119 097 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. კომპანია დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში 2018 წლის ივნისის თვიდან პერიოდულად ახორციელებს სესხად თანხის გაცემას 9%-იანი სარგებლით. შესამოწმებელ პერიოდში სესხის ნაწილი დაბრუნებულია უკან სხვადასხვა საანგარიშო თვეებში. ბუღალტრული პროგრამის ანალიზით, ირკვევა, რომ კომპანია აღნიშნულ ოპერაციაზე არ განსაზღვრავს საგადასახადო ვალდებულებებს. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირზე სესხის გაცემის მომენტში 2018 წელს გაცემული თანხა ექვემდებარება დაბეგვრას მოგების გადასახადით. შესაბამისად, სესხის გაცემის მომენტში სესხის თანხა 2021 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით დაბეგრილია მოგების გადასახადით. 01.01.2019-01.05.2021 წლებში სესხის დაბრუნების თარიღის შესაბამის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს შეუძლია მოახდინოს დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა. შესაბამისად, შემცირდა მოგების გადასახადი.
კომპანიამ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე 2018 წლის ნოემბრის თვეში გასცა სესხი 78 723 ევროს ოდენობით 9%-იანი სარგებლით. ასევე, ბუღალტრული პროგრამის ანალიზით, ირკვევა, რომ კომპანია აღნიშნულ ოპერაციაზე არ განსაზღვრავს საგადასახადო ვალდებულებებს. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირზე სესხის გაცემის მომენტში 2018 წელს გაცემული თანხა ექვემდებარება დაბეგვრას მოგების გადასახადით. შესაბამისად, სესხის გაცემის მომენტში სესხის თანხა 2021 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით დაბეგრილია მოგების გადასახადით. 01.01.2019- 01.05.2021 წლებში სესხის დაბრუნების თარიღის შესაბამის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს შეუძლია მოახდინოს დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა. შესაბამისად, შემცირდა მოგების გადასახადი.
2. შემოწმებამ განახორციელა საბანკო ტრანზაქციების დანიშნულების შესწავლა და დადგინდა, რომ დამფუძნებელი/დირექტორი და კომპანიაში დასაქმებული, დატრენინგებული ფიზიკური პირები (ე.წ პროპ ტრეიდერები), რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ სავაჭრო პოზიციების გახსნადახურვას, პერიოდულად გააქვთ თანხები საბანკო ანგარიშებიდან. ასევე, კომპანიის დირექტორები ახორციელებენ თანხების გატანას პერიოდულად ომნიბასიდან (ომნიბასი-სადეპოზიტო ანგარიში, რომელზეც განთავსებულია კლიენტების თანხები). აღნიშნულ საკითხზე გადამხდელის მხრიდან თანხების გატანის მიზნობრიობა ვერ დადგინდა. ასევე, არ ხდება აღნიშნული თანხების დაბრუნება. შესაბამისად, დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 101-ე მუხლების მიხედვით საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. საწარმოს საბანკო ამონაწერების, ბუღალტრული პროგრამის და სხვა ინფორმაციის ანალიზით ირკვევა, რომ 2019 წლის მარტიდან 2021 წლის იანვრის თვის ჩათვლით ხდება თანხების გადარიცხვა შვილობილ კომპანიაში. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შვილობილი კომპანიის 100 % წილი სს „---იმ“ შეიძინა 2018 წლის 22 ნოემბერს ---სგან, რომელიც წარმოადგენს სს „---ს“ დამფუძნებელსაც. ანგარიშვალდებულ პირს საქვეანგარიშოდ გატანილი ჰქონდა თანხები, რომელიც გადაფარული ჰქონდა კომპანიის შესყიდვის გზით, რაც საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ვინაიდან საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების ჩამოწერისთვის არ მომხდარა დოკუმენტური მტკიცებულებების წარმოდგენა და გაურკვეველი იყო ურთიერთდამოკიდებული კომპანიის რეალური ღირებულების დადგენა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან თანხების გადარიცხვა ხდება იგივე შვილობილ კომპანიაში, რომელიც 2014 წლის შემდგომ არ ახორციელებს დეკლარაციების წარმოდგენას, ასევე არ ფლობს ძირითად საშუალებებს, სამუშაო ძალას და ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხების გადარიცხვა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე−9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ დამფუძნებლების მიერ 2021 წლის 25 იანვარს სრულად დაბრუნდა სესხის თანხა, რომელიც შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილია, რომ კონკრეტული პირების მიერ საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან გატანილია თანხები. აღნიშნული პირები წარმოადგენენ როგორც დამფუძნებელ/დირექტორს, ისე კომპანიაში დასაქმებულ დატრენინგებულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ სავაჭრო პოზიციების გახსნა-დახურვას. შესაბამისად, აღნიშნული პირების მიერ გატანილი თანხები მიჩნეულ იქნა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიხედვით გატანილი თანხები კლიენტების მიერ საბროკერო მომსახურების შედეგად მიღებულ სარგებელს კი არ შეადგენდა, არამედ წარმოადგენდა კომპანიის საბანკო ანგარიშზე კლიენტების ჩარიცხული თანხების გატანას დამფუძნებელი/დირექტორის მიერ.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ მომხდარა იმგვარი არგუმენტაცია/დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნული სადავო საკითხის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ 2019 წელს ურთიერთდამოკიდებულ კომპანიასთან გაფორმებული აქვს სესხის ხელშეკრულება. მიღებული თანხით სს „---ის“ მიერ შეძენილია სავაჭრო პლატფორმა (---) 75 000 აშშ დოლარად. ამასთან, აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა და წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა/დამუშავება და 2019 წელს უკვე ჰყავდა დასაქმებული თანამშრომლები, რაც დასტურდება წარმოდგენილი შესაბამისი დეკლარაციებით.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (დამფუძნებლებზე) გაცემული სესხის უკან დაბრუნების საფუძველზე, მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის ოდენობის განსაზღვრას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოდან გატანილი თანხების გაცემულ ხელფასად განხილვას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება დირექტორის მიერ საქვეანგარიშოდ გატანილი და დაუბრუნებელი თანხების გაცემულ ხელფასად განხილვას.
4.გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 13 ოქტომბრის №32568 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდების შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 დეკემბრის №33462 ბრძანება და ამავე თარიღის №006-679 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 483 879 ლარი, მათ შორის, გადასახადი 221 513 ლარი, ჯარიმა 143 269 ლარი, საურავი 119 097 ლარი.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136 (3); 269 (7); 270; 272; 275; 73 (4,9); 43 (4); 101; 154; 97; 982 (3, ზ);