ბრძანება N 28609
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28609
21 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
-----ას (პ/ნ -----) (მის.: -----)
2023 წლის 31 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №119) განიხილა -----ას (პ/ნ -----) №183255/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 4 ოქტომბრის №EL226163 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სომხეთიდან შემოვიდა სპილენძის კონცენტრატით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება. სომხეთში სატრანსპორტო საშუალების დატვირთვის შედეგად მთლიანმა წონამ შეადგინა 39 610კგ. მის ხელთ არსებული ინფორმაციით მთლიანი წონა არ უნდა ყოფილიყო 40 ტონაზე მეტი, შესაბამისად მისთვის გაუგებარია თუ რა სამართალდარღვევა ჩაიდინა. ამასთან მიუთითებს, რომ არის მძღოლი და მის ინტერესებში არ შედის არადეკლარირებული ტვირთის ტრანსპორტირება.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 4 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილოს“ კონტროლის ზონაში სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ------ას (პ/ნ ------) მართვის ქვეშ მყოფი, ტრანზიტულად (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დანიშნულებით) მოძრავი №----- სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დატვირთული იყო 24 830 კგ სპილენძის კონცენტრატით. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა №------ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“, კრიტერიუმით – „აწონვა“
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული საქონლის აწონვა (აწონვის ქვითარი №11481), რის შედეგად დატვირთული სატრანსპორტო საშუალების წონამ შეადგინა 39 620 კგ. ვინაიდან --------ას (პ/ნ ------) მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, საქონლის წონა შეადგენდა 24 830 კგ-ს (სატრანსპორტო ზედნადები №------), ცარიელი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების წონა კი – 14 185 კილოგრამს, აწონვის ქვითარსა და --------ას მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მითითებულ წონებს შორის სხვაობა – 605 კგ, ჩაითვალა არადეკლარირებულ საქონლად
გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო– საავტომობილოს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 4 ოქტომბერს შედგენილ იქნა №EL226163 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც --------ას (პ/ნ --------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. -------ას (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, კერძოდ, პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, საქონლის წონა შეადგენდა 24 830 კგ-ს , ცარიელი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების წონა კი – 14 185 კილოგრამს, აწონვის ქვითარსა და პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მითითებულ წონებს შორის სხვაობა – 605 კგ, ჩაითვალა არადეკლარირებულ საქონლად.
გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტის ვუფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(4).