გადაწყვეტილება №19851/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19851/2/2023
11 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 1.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19851/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 10.06.2021 წლის №18366 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის №056-15 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11240 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 121 334 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 58 931
დღგ - 34 852
მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი- 146
საშემოსავლო გადასახადი - 23 204
ქონების გადასახადი - 729
ჯარიმა - 34 823
საურავი - 27 580
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2021 წლის №056-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.06.2021 წლის №18366 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილი სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 10.06.2021 წლის №18366 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 16.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადის და ჯარიმის თანხა, სულ 58 337 ლარი.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 28.03.2023 წლის №056-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11240 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა ფასნამატის გაანგარიშებების შესწავლა, გასწორდა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის დროს დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რის საფუძველზეც განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 10.06.2021 წლის №18366 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარადგინა შიდა სააღრიცხვო პროგრამა Masiv soft-იდან სათითაოდ, საქონლის მიხედვით ყოველთვიური ბრუნვა ცალკეული გადამხდელების მიხედვით რეპორტის სახით, ექსელის ფაილით. შემდგომ აუდიტორებთან შეხვედრის დროს გავლილი და შეთანხმებული იქნა, მის მიერ დამატებით დამუშავებული რეპორტის წარდგენა თითოეული საქონლის შესახებ, საქონლის რეალიზაციის მომენტში +/- 2 დღის შუალედში, რამდენად იყო თანხვედრა კომპანიებზე რეალიზებულ სარეალიზაციო ფასთან. ამის შემდგომ საკმაოდ დიდი პერიოდი გავიდა ამ საკითხის გასავლელად. პერიოდულად ძალიან მცირე დროს უთმობდნენ ამ საქმეს. ერთ-ერთი აუდიტორის მიერ საბოლოოდ იქნა დადგენილი შემცირების შემდგომ დარჩენილი საგადასახადო ვალდებულება. ბოლოს მაინც გაანგარიშებული იყო ფასნამატი საქონლის ჯგუფების მიხედვით და არა საქონლის დასახელების მიხედვით, რაც აძლევს საკმაოდ დიდ განსხვავებას რეალურ სურათს. აუდიტორების მიერ გადმოგზავნილი გაანგარიშება არ შეესაბამება რეალურად გასათვალისწინებელ ფაქტებს. შემმოწმებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ ამ საქმის განხილვის პერიოდში მეილით მიიღო ხელახლა გაანგარიშებით საბოლოო შედეგი, რომელიც საქმის განხილვის ბოლოს არ შეესაბამება გაანგარიშების შედეგს.
გაანგარიშების შედეგის გაცნობის შემდგომ გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს დავების დეპარტამენტთან, რაც შიდა წერილით გაგზავნილი იქნა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტთან. ფინანსთა სამინისტროში სატელეფონო საუბრისას გაარკვია, რომ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის ხარვეზის დაფიქსირებას უნდა დალოდებოდა, რომ შემდეგ შეეძლო არგუმენტების დაფიქსირება, მაგრამ სამწუხაროდ მოვიდა „არ დაკმაყოფილების“ გადაწყვეტილება.
ითხოვს, ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, სრულფასოვნად საქონლის თითოეული დასახელების მიხედით განხილულ იქნას და შესაბამისად მოხდეს საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება. აგრეთვე გასათვალისწინებელი არის, რომ კომპანიას აქვს საკმაოდ დიდი ბრუნვა, ხოლო დარღვევა არანაირი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-102 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
შემოსავლების სამსახურის 10.06.2021 წლის №18366 ბრძანებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილი სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედგეგად გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 16.03.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა შემდეგი:
11.03.2021 წელს გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, გადასახადის გადამხდელთან დანაკლისი ან ზედმეტობა არ აღმოჩენილა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია სმფ-ების ნაშთები 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის მარტის პერიოდში, ყოველი თვის ბოლოს მდგომარეობით, რაც ასევე ემთხვევა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ 2019-2020 წლების წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დეკლარირებულ სმფ-ების ნაშთის მონაცემებს.
გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა საქონლის მოძრაობის აღრიცხვის პროგრამა „მასივ სოფტ“ (შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი იყო არასრული გაანგარიშებები ექსელის ფორმატში). ინვენტარიზაციით დადგენილი სმფ-ების ნაშთების მონაცემები, არც ერთ საანგარიშო პერიოდზე არ ედრება პროგრამაში დაფიქსირებულ სმფ-ების ნაშთს. ამასთან, საცალო რეალიზაციის დროს დაფიქსირებული საკონტროლო სალარო აპარატის მონაცემები არ ედრება გადასახადის გადამხდელის პროგრამაში ასახულ მონაცემებს. 2019 წელს გადასახადის გადამხდელი სამჯერ არის დაჯარიმებული სასაქონლო ზედნადებების გარეშე ტრანსპორტირებისთვის. შესაბამისად, შემოსავლების დაანგარიშება განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა ფასანამტებს გაანგარიშებების შესწავლა. გასწორდა შემოწმების აქტის შედგენის დროს დაშვებული ტექნიკური ხარვეზი. კერძოდ: შემოწმების ეტაპზე ფასნამატის გაანგარიშების დროს ცალკეული სახის საქონლის (ცალის) თვითღირებულება დაკავშირებული იყო აღნიშნული საქონლის შეკვრის სარეალიზაციო ღირებულებასთან. დეკლარირებული (ამავდროულად ინვენტარიზაციით დადასტურებული) სმფ-ების ნაშთების გათვალისწინებით დადგენილ რპთ-ზე გავრცელდა პროდუქციის ჯგუფების შესაბამისი ფასნამატები და დაზუსტდა დასაბეგრი შემოსავლები.
ამასთან, განხორციელდა გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია. მასალები გავლილ იქნა როგორც პირადი შეხვედრისას, ასევე გადაგზავნილ იქნა ელექტრონული ფოსტის საშუალებით. გადასახადის გადამხდელს მიეცა ვადა პოზიციის ან შენიშვნების წარმოსადგენად, რაც არ განხორციელებულა. გადაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 58 337 ლარი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, აგრეთვე, გასწორდა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის დროს დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რის შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 16.03.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 10.06.2021 წლის №18366 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.06.2021 წლის №18366 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 16.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადის და ჯარიმის თანხა, სულ 58 337 ლარი.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 28.03.2023 წლის №056-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11240 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 16.03.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 10.06.2021 წლის №18366 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 102; 302(6); 304(21); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 161(1);