ბრძანება N 10163
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10163
01 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 24 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №47) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №89343/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 მარტის №081-47 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და აცხადებს, რომ საბოლოოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად, დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2%-ით, რაც არაარსებითია და ცხადყოფს, რომ კომპანიის მიზანი არ ყოფილა შემოსავლების დამალვა. აგრეთვე მიუთითებს, რომ შემოსავლების დათვლისას არ არის გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი ნავთობპროდუქტების შეძენის და შენახვისათვის დადგენილი დანაკარგების ოდენობა, რაც არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს კიდევ უფრო შეამცირებდა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 იანვრის №1459 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №081-82 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, 2023 წლის 28 ივნისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 იანვრის №1459 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 6 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 339 531 ლარი, მ.შ გადასახადი 229 052 ლარი და ჯარიმა 110 479 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 26 მარტის №081-47 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
● გადასახადის გადამხდელის ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენდა დისტილატებით ვაჭრობა. ბენზინგასამართი სადგური (საბითუმო, საცალო) მდებარეობდა -------. გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში რიგ შემთხვევებში გამოვლინდა უზუსტობები საწვავის რაოდენობასთან დაკავშირებით (რიგ შემთხვევებში 1 ლიტრი საწვავის ღირებულება გამოვიდა 2 თეთრი). საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად და მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად (ადგილმდებარეობის გათვალისწინებით) დადგინდა სხვა ანალოგიური კომპანიის საცალო სარეალიზაციო ფასები, რომელიც გავრცელდა არაიდენტიფიცირებად რეალიზაციაზე (საცალო). აღნიშნულის შედეგად, დაკორექტირდა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადაანგარიშების ეტაპზე ანალიზი ჩაუტარდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს (მხოლოდ სწორი ფასით გამოწერილებს) და წარმოდგენილ ინფორმაციას, ნავთობპროდუქტებზე განისაზღვრა საწარმოს მიერ გამოწერილ სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული საშუალო ფასი პერიოდების და სახეობების მიხედვით, რომელიც გავრცელდა არადოკუმენტურ საცალო რეალიზაციაზე. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, ვინაიდან 2021 წლის იანვარ-მარტის პერიოდზე პროგრამა „ორისში“ დაფიქსირებული ბრუნვა სრულად არ იყო ასახული დღგის დეკლარაციაში, თუმცა პროგრამა „ორისში“ აღრიცხული აღნიშნული ბრუნვა მონაწილეობდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობაში, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ბრუნვა გადაანგარიშებით შეუდარდა გადამხდელის „ორისის“ მონაცემებს (შემოწმების აქტში შედარებული იყო დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასთან) და აღნიშნული სხვაობის მიხედვით გაანგარიშდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, შესაბამისად შემცირდა შემოწმებით დარიცხული თანხები.
● შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხი შესწავლილ იქნა მომჩივნის მონაწილეობით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალები, მცირე რაოდენობით კვების პროდუქტები, ასევე სხვადასხვა მომსახურებები (რესტორნები, სასტუმრო და ა.შ.). გადასახადის გადამხდელმა შემოწმების ეტაპზე ვერ წარმოადგინა რაიმე სახის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მაგ.: ფორმა N2-ები ან ხარჯთაღრიცხვა, რითაც დადასტურდებოდა აღნიშნული მშენებლობის მიზნობრიობა. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი ჩაითვალა მიწოდებად და დაიბეგრა როგორც დღგ-ით, ასევე საშემოსავლო გადასახადით. გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ სამშენებლო მასალების გახარჯვასთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა ფორმა N2- ები, ასევე ფოტომასალა შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს შეუმცირდა სამშენებლო მასალის გახარჯვის ნაწილში დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი.
● შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად საკითხი შესწავლილ იქნა მომჩივნის მონაწილეობით. შპს „-------“ იმპორტირებული ჰქონდა სამშენებლო მასალები, სხვადასხვა დანადგარები, ხის მორი, მანგანუმი და სხვადასხვა საქონელი. აღნიშნულ კომპანიებთან რიგ შემთხვევებში თანხა ანაზღაურებული იყო ნაღდი ანგარიშსწორებით, ანგარიშვალდებული პირის მიერ. აღნიშნული თანხები გაცემული იყო სალაროდან. გადახდის დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენა შემოწმების ეტაპზე ვერ მოხერხდა გადამხდელის მიერ. აქტის მიხედვით, ანგარიშვალდებული პირის მიერ ანაზღაურებული თანხის 75% ჩაითვალა გადახდილად, ხოლო სხვაობა განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ თანხად. ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნული დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელმა არარეზიდენტებზე (თურქული კომპანიები) გადახდილი თანხის ძირითად ნაწილზე წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები (რომლის მიხედვითაც, იმპორტის თანხები სრულად იყო ანაზღაურებული), რომელიც გათვალისწინებულ იქნა გადაანგარიშების პროცესში. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, სადავო საკითხები შესწავლილ იქნა მომჩივნის მონაწილეობით, აგრეთვე, გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა დამატებითი მტკიცებულებები (ფორმა N2-ები, შესრულებული სამუშაოების ფოტომასალა, ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები), რომელთა შესწავლის შედეგად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 იანვრის №1459 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №081-82 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, 2023 წლის 28 ივნისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 იანვრის №1459 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 6 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 26 მარტის №081-47 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)