გადაწყვეტილება №24527/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.02.2025
№ დოკუმენტი 24527/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24527/2/2024

25 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2025 და 6.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 25.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24527/2/2024).

 

დავის საგანი:

გადავადებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 7.08.2024 წლის №21-11/60570 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 23.12.2024 წლის №26840 ბრძანება.

 

სადავო თანხა: 614 541.45 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანმა 17.07.2024 წელს №"-------" წერილით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს გადავადებული აღიარებული ვალდებულებების კორექტირების (შედარების აქტში ნაცვლად 614 541.45 ლარისა მიეთითოს 307 895.82 ლარი) მოთხოვნით.

მომსახურების დეპარტამენტის 7.08.2024 წლის №"-------" წერილით გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ეცნობა, რომ "-------" საქალაქო სასამართლოს 10.05.2023 წლის განჩინებით (საქმე №2/2458-22) დამტკიცდა შპს „--------“ რეაბილიტაციის გეგმა, რომლის მიხედვით შემოსავლების სამსახურის მიმართ არსებული საგადასახადო დავალიანებიდან, 656 458.11 ლარიდან, გადასახდელად გათვალისწინებულ იქნა 363 277.56 ლარი, რომლის დაფარვის ვადა არის 5 წელი. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა შპს „--------“ საგადასახადო დავალიანების (656 458.11 ლარი) გადავადებულ აღიარებულ ვალდებულებებში გადატანა (საურავის არ დარიცხვის რეჟიმში). რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკი ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის მიმართ არსებული საგადასახადო დავალიანების 363 277.56 ლარის დაფარვას 5 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 9 230.29 ლარის ოდენობით, რომლის ასახვაც (დარიცხვა) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება სასამართლოს მიერ დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით. რაც შეეხება თანხას, რომლის გადახდაც სასამართლოს მიერ დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით არ არის გათვალისწინებული, რჩება გადავადებულ აღიარებულ ვალდებულებებში, რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკის დასრულებამდე, ვინაიდან „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი საგადასახადო ორგანოს არ ავალდებულებს აღნიშნული თანხის შემცირებას, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსით არ არსებობს ჩამოწერის საფუძველი, ხოლო რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკის დასრულების შემდეგ აღნიშნული თანხა გადავა გადასახადის გადამხდელის აღრიცხვის ძირითად ბარათზე.

აღნიშნული წერილი 12.08.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.09.2024 წლის №20654 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 21.11.2024 წლის №24119/2/2024 (რეგ. 29.11.2024 წ. 03/88431) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.09.2024 წლის №20654 ბრძანება, საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 23.12.2024 წლის №26840 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-11 ნაწილზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.11.2024 წლის №24119/2/2024 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა საჭიროებს დამატებით შესწავლას. განჩინების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ "--------" საქალაქო სასამართლოს 13.06.2024 წლის განჩინების თანახმად, „საქმის მასალებით დადგენილია, რომ 10.05.2023 წელს "------"-ის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა შპს „--------“ რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც წარმოადგენს შპს „-----------“ რეაბილიტაციის დასაბუთებას და კრედიტორული დავალიანებების დაფარვის 5 წლიან გეგმას. გეგმის მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურის წინაშე შესასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა 363 277.56 ლარით, საურავის და ჯარიმის გამოკლებით. გეგმაში მკაფიოდაა მითითებული, რომ შპს „-----------“ არ გააჩნია ვალდებულება სსიპ შემოსავლების სამსახურის წინაშე, გადაიხადოს საურავები და ჯარიმები. შესაბამისად, სახეზეა არაა ბუნდოვანება, რის გამოც მოთხოვნა განჩინების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს“.

აღნიშნულთან დაკავშირებით საბჭო განმარტავს, რომ 10.05.2023 წლის განჩინებით (საქმე №2/2458- 22) დამტკიცდა შპს „-------------“ რეაბილიტაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც შემოსავლების სამსახურის მიმართ არსებული საგადასახადო დავალიანების 656 458.11 ლარიდან გადასახდელად გათვალისწინებულ იქნა 363 277.56 ლარი (ჯარიმა/საურავების გამოკლებით, რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის მე-11 ნაწილი), რომლის დაფარვის ვადა არის 5 წელი. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა შპს „--------------“ საგადასახადო დავალიანების (656 458.11 ლარი) გადავადებულ აღიარებულ ვალდებულებებში გადატანა (საურავის არდარიცხვის რეჟიმში). რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკი ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის მიმართ არსებული საგადასახადო დავალიანების 363 277.56 ლარის დაფარვას 5 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 9 230.29 ლარის ოდენობით, რომლის ასახვაც (დარიცხვა) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება სასამართლოს მიერ დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, შპს „-----------“ 5 წლის განმავლობაში გეგმით განსაზღვრული 363 277.56 ლარის გადახდის ვალდებულება აქვს. რაც შეეხება თანხას, რომლის გადახდაც სასამართლოს მიერ დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით არ არის გათვალისწინებული, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა რჩება გადავადებულ აღიარებულ ვალდებულებებში, რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკის დასრულებამდე, ვინაიდან „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი საგადასახადო ორგანოს არ ავალდებულებს აღნიშნული თანხის შემცირებას. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით არ არსებობს ჩამოწერის საფუძველი. ხოლო რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკის დასრულების შემდეგ აღნიშნული თანხა გადავა გადასახადის გადამხდელის აღრიცხვის ძირითად ბარათზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სასამართლოს კანონიერ ძალაშია შესული 10.05.2023 წლის განჩინება რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე, რომლითაც შპს „----------“ შემოსავლების სამსახურის მიმართ შედარების ბარათზე 9.05.2023 და 11.07.2024 წლის მდგომარეობით ასახული დავალიანება აქვს 363 277.56 ლარი. ასევე საგულისხმოა, რომ შპს „-------“ 27.03.2024 წელს მიმართა "-------" საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა განმარტებულიყო 10.05.2023 წლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, თუმცა 13.06.2024 წლის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა. განჩინებაში მიეთითა: „საქმის მასალებით დადგენილია, რომ 10.05.2023 წელს "-------" საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა შპს „----------“ რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც წარმოადგენს შპს „----------“ რეაბილიტაციის დასაბუთებას და კრედიტორული დავალიანებების დაფარვის 5 წლიან გეგმას. გეგმის მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურის წინაშე შესასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა 363 277.56 ლარით, საურავის და ჯარიმის გამოკლებით. გეგმაში მკაფიოდაა მითითებული, რომ შპს „---------“ არ გააჩნია ვალდებულება სსიპ შემოსავლების სამსახურის წინაშე, გადაიხადოს საურავები და ჯარიმები. შესაბამისად, სახეზეა არაა ბუნდოვანება, რის გამოც მოთხოვნა განჩინების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს“.

ამრიგად, დღესდღეობით სახეზეა სასამართლოს ორი კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ ზემოაღნიშნულ ფაქტს. შესაბამისად, გაურკვეველია სასამართლო განჩინებაზე უმაღლესი სხვა რა საკანონმდებლო საფუძველი უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს კომპანიის მოთხოვნა.

ასევე, ვინაიდან შპს „------------“ 2024 წლის იანვრის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით ყოველთვიურად იხდის 9 230.29 ლარს და გადახდილი აქვს 110 763.48 ლარი, დღესდღეობით შედარების აქტში ნაცვლად 614 541.45 ლარისა (შემოსავლების სამსახურს თავიდანვე რომ შეემცირებინა/დაეკორექტირებინა შედარების აქტი და გადავადებული აღიარებული ვალდებულების გრაფაში მიეთითებინა 363 277.56 ლარი) 31.12.2024 წლის მდგომარეობით უნდა იყოს 252 514.08 ლარი (363 277.56-110 763.48=252 514.08).

ამრიგად, უდავოა, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტები და დაკმაყოფილდეს შპს „------------“ მოთხოვნა, კერძოდ, დაკორექტირდეს შპს „---------“ დავალიანება და გადავადებული აღიარებული ვალდებულებების გრაფაში 31.12.2024 წლის მდგომარეობით ნაცვლად 614 541.45 ლარისა მიეთითოს 252 514.08 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის რეჟიმი სრულდება რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე.

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი საწარმოების, ასევე იმ საწარმოების, რომელთა მიმართაც დამტკიცდება რეაბილიტაციის გეგმა, მონაცემების ასახვას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი, შემდეგი წესით:

ა) იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოტანილი განჩინება გამოქვეყნდება, ხორციელდება საწარმოს ძირითად ბარათზე განჩინების გამოტანის დღისათვის არსებული აღიარებული დავალიანების (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი) გამიჯვნა (შემცირება) მიმდინარე გადასახადებისგან;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის რეჟიმი შეწყდება, რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თარიღით პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თარიღისათვის მიმდინარე გადასახადებისგან გამიჯნული თანხ(ებ)ის დარიცხვა (აღდგენა);

გ) იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რეაბილიტაციის რეჟიმის კონვერსია გაკოტრების რეჟიმში, კონვერსიის თარიღით პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თარიღისათვის მიმდინარე გადასახადებისგან გამიჯნული თანხ(ებ)ის დარიცხვა (აღდგენა);

დ) იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება რეაბილიტაციის გეგმა, მისი დამტკიცების შემდგომ, რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების თარიღით, განხორციელდება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის საფუძველზე მიმდინარე გადასახადისაგან გამიჯნული თანხ(ებ)ის დარიცხვა (აღდგენა);

დ1 ) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდგომ, უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდება რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული აღიარებული დავალიანების (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი) გამიჯვნა (შემცირება) მიმდინარე გადასახადებისგან. რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის ვადის დადგომისას, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გრაფიკით გათვალისწინებული შესაბამისი თანხები აისახება ავტომატურად.

მომჩივანი განმარტავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაშია შესული 10.05.2023 წლის განჩინება რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე, რომლითაც კომპანიის შემოსავლების სამსახურის მიმართ დავალიანება აქვს 363 277.56 ლარი. შესაბამისად, გაურკვეველია სასამართლო განჩინებაზე უმაღლესი სხვა რა საკანონმდებლო საფუძველი უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს კომპანიის მოთხოვნა. ასევე, ვინაიდან კომპანია 2024 წლის იანვრის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით ყოველთვიურად იხდის 9 230.29 ლარს და გადახდილი აქვს 110 763.48 ლარი, დღესდღეობით შედარების აქტში ნაცვლად 614 541.45 ლარისა (შემოსავლების სამსახურს თავიდანვე რომ შეემცირებინა/დაეკორექტირებინა შედარების აქტი და გადავადებული აღიარებული ვალდებულების გრაფაში მიეთითებინა 363 277.56 ლარი) 31.12.2024 წლის მდგომარეობით უნდა იყოს 252 514.08 ლარი (363 277.56-110 763.48=252 514.08).

მომჩივნის არგუმენტზე მოპასუხე ორგანო 30.12.2024 წლის №"-------" წერილში მიუთითებს, რომ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე "-------"საქალაქო სასამართლოს 10.05.2023 წლის განჩინების (საქმე №2/2458-22) საფუძველზე გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითადი ბარათიდან საგადასახადო დავალიანება, 656 458.11 ლარის ოდენობით, გადატანილია გადავადებულ აღიარებულ ვალდებულებებში, "-------" საქალაქო სასამართლოს ხსენებული განჩინებით დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის თარიღით. რაც შეეხება, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე თანხების (363 277.56 ლარის) ასახვას (დარიცხვას), აღნიშნული ხორციელდება გეგმაში მითითებულ თვეებში, ყოველი თვის ბოლო რიცხვში, ყოველთვიური გადასახდელი თანხის 11.882%-ის ოდენობით, რომელშიც გათვალისწინებულია სარგებელი. კერძოდ, რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკის მიხედვით, კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურის მიმართ ყოველთვიური გადასახდელი თანხა შეადგენს 9 230.29 ლარს (77 682.97 * 11,882% = 9 230,29 ლარი, აქედან ძირი 6 986.11 ლარი (გადასახადი 5 706,72 ლარი, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი - 1 279.39 ლარი) + სარგებელი 2 244.18 ლარი). სარგებლის ასახვა ხდება საურავისთვის განკუთვნილ გრაფაში. ვინაიდან გეგმა ითვალისწინებს საშეღავათო პერიოდს, გრაფიკით განსაზღვრული თანხების დარიცხვა დაიწყო 2024 წლის იანვრის თვიდან. ამდენად, აღნიშნული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა საგადასახადო დავალიანების (656 458.11 ლარი) გადავადებულ აღიარებულ ვალდებულებებში გადატანა (საურავის არ დარიცხვის რეჟიმში). რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკი ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის მიმართ არსებული საგადასახადო დავალიანების 363 277.56 ლარის დაფარვას 5 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 9 230.29 ლარის ოდენობით, რომლის ასახვაც (დარიცხვა) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება სასამართლოს მიერ დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით. რაც შეეხება თანხას, რომლის გადახდაც სასამართლოს მიერ დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით არ არის გათვალისწინებული, რჩება გადავადებულ აღიარებულ ვალდებულებებში, რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკის დასრულებამდე, ვინაიდან „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი საგადასახადო ორგანოს არ ავალდებულებს აღნიშნული თანხის შემცირებას, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსით არ არსებობს ჩამოწერის საფუძველი. ხოლო რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკის დასრულების შემდეგ აღნიშნული თანხა გადავა გადასახადის გადამხდელის აღრიცხვის ძირითად ბარათზე.

მომჩივანი წარმოადგენს "-------" საქალაქო სასამართლოს 13.06.2024 წლის (საქმე №2/2458-23) განჩინებას განმარტებაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც მოთხოვნილი იქნა "-------" საქალაქო სასამართლოს 10.05.2023 წლის განჩინების „რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ განმარტება და სადაც მითითებულია, რომ „საქმის მასალებით დადგენილია, რომ 10.05.2023 წელს "-------" საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა შპს „------- -ის “ რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც წარმოადგენს შპს „--------“ რეაბილიტაციის დასაბუთებას და კრედიტორული დავალიანებების დაფარვის 5 წლიან გეგმას. გეგმის მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურის წინაშე შესასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა 363 277.56 ლარით, საურავის და ჯარიმის გამოკლებით. გეგმაში მკაფიოდაა მითითებული, რომ შპს „---------“ არ გააჩნია ვალდებულება სსიპ შემოსავლების სამსახურის წინაშე, გადაიხადოს საურავები და ჯარიმები. შესაბამისად, სახეზეა არაა ბუნდოვანება, რის გამოც მოთხოვნა განჩინების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს“.

ამდენად, ზემოთ აღნიშნული გარემოებების, მხარეთა არგუმენტების და სასამართლოს განჩინებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება თანმიმდევრულია სასამართლოს მიერ დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკის, რომელიც ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის მიმართ არსებული საგადასახადო დავალიანების 363 277.56 ლარის დაფარვას 5 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 9 230.29 ლარის ოდენობით, რომლის ასახვაც (დარიცხვა) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება სასამართლოს მიერ დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე განახორციელა საგადასახადო დავალიანების (656 458.11 ლარი) გადავადებულ აღიარებულ ვალდებულებებში გადატანა (საურავის არ დარიცხვის რეჟიმში), ხოლო მომდევნო 5 წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას საზღვრავს რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით.

საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს დადგენილ შემდეგ გარემოებებზე:

- სასამართლოს განჩინებებზე დაყრდნობით საგადასახადო ორგანოს არ დავალებია საგადასახადო დავალიანების შემცირება/კორექტირება;

- „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი საგადასახადო ორგანოს არ ავალდებულებს აღნიშნული თანხის შემცირებას;

- საგადასახადო კოდექსით არ არის გათვალისწინებული განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების ჩამოწერის საფუძველი.

ამასთან, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ პროცესი (გრაფიკის შესრულება) მიმდინარეა და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიერ ჯეროვნად შესრულდეს დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმა, საბჭო თვლის, რომ ამ ეტაპზე თანხაზე (მისი ოდენობის განსაზღვრაზე), რომლის გადახდაც სასამართლოს მიერ დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით არ არის გათვალისწინებული და რომელიც რჩება გადავადებულ აღიარებულ ვალდებულებებში რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკის დასრულებამდე, გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე საგადასახადო ორგანოს ქმედება (საგადასახადო დავალიანების 656 458.11 წლის სრულად გადატანაზე) მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტები და დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა, კერძოდ, დაკორექტირდეს მომჩივანის დავალიანება და გადავადებული აღიარებული ვალდებულებების გრაფაში 31.12.2024 წლის მდგომარეობით ნაცვლად 614 541.45 ლარისა მიეთითოს 252 514.08 ლარი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა წერილით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს გადავადებული აღიარებული ვალდებულებების კორექტირების მოთხოვნით.

მომსახურების დეპარტამენტის წერილით გადამხდელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ეცნობა, რომ საქალაქო სასამართლოს განჩინებით დამტკიცდა მოჩივანის რეაბილიტაციის გეგმა, რომლის მიხედვით შემოსავლების სამსახურის მიმართ არსებული საგადასახადო დავალიანებიდან, 656 458.11 ლარიდან, გადასახდელად გათვალისწინებულ იქნა 363 277.56 ლარი, რომლის დაფარვის ვადა არის 5 წელი. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა მომჩივანის საგადასახადო დავალიანების გადავადებულ აღიარებულ ვალდებულებებში გადატანა .რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკი ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის მიმართ არსებული საგადასახადო დავალიანების 363 277.56 ლარის დაფარვას 5 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 9 230.29 ლარის ოდენობით, რომლის ასახვაც გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება სასამართლოს მიერ დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით. რაც შეეხება თანხას, რომლის გადახდაც სასამართლოს მიერ დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით არ არის გათვალისწინებული, რჩება გადავადებულ აღიარებულ ვალდებულებებში, რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკის დასრულებამდე, ვინაიდან „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი საგადასახადო ორგანოს არ ავალდებულებს აღნიშნული თანხის შემცირებას, ასევე სსკ-ით არ არსებობს ჩამოწერის საფუძველი, ხოლო რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკის დასრულების შემდეგ აღნიშნული თანხა გადავა გადამხდელის აღრიცხვის ძირითად ბარათზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე საგადასახადო ორგანოს ქმედება მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-11 პუნქტი.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლი.