გადაწყვეტილება №21027/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.02.2024
№ დოკუმენტი 21027/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21027/2/2023

27 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------------ი (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----------ის 10.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21027/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2.06.2023 წლის №19714/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2023 წლის №043-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 241 360 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 119 659

დღგ - 117 449

საშემოსავლო გადასახადი - 2 063

ქონების გადასახადი - 147

ჯარიმა - 62 238

საურავი - 59 463

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული ავტო-ნაწილებით და სხვადასხვა აქსესუარებით ვაჭრობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.11.2019 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება დიდი რაოდენობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი (2018 წლის მოგების დეკლარაციის მიხედვით 829 107 ლარი). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 31 მაისის №17592 და 2019 წლის 18 ნოემბრის №39968 ბრძანებების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ საინვენტარიზაციო კომისიისთვის წარდგენილი იქნა ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთის შესახებ, რომელმაც შეადგინა 882 686.24 ლარი. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის აღწერა, რომლის საბაზრო ღირებულებამ 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით შეადგინა 837 310 ლარი, ხოლო 2019 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით 414 060 ლარი (სარეალიზაციო ფასები განსაზღვრული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ).

გამომდინარე იქედან, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ქონდა კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ დგინდებოდა ფაქტობრივად აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება, ანალიზი ჩაუტარდა მეწარმის მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს. შემოწმების შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განისაზღვრა ბუღალტრული და ფაქტიური ნაშთი, რომელიც დაემთხვა ერთმანეთს და სხვაობა არ გამოვლენილა. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე გაირკვა, რომ შეძენილი საქონელი რეალიზებულია სხვადასხვა პერიოდში, თუმცა სრულად არ არის დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი ნაშთი მიჩნეული იქნა ბუღალტრულ ნაშთად, ხოლო თვითღირებულების განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა სხვა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი 126%-ის ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, შედეგად, გაიზარდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;

2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად, დადგინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებულ ხარჯებსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის. კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;

3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, შემოწმებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განისაზღვრა ბუღალტრული ნაშთი, რომელიც დაემთხვა ფაქტობრივ ნაშთს. ამდენად, ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტში დანაკლისი არ გამოვლენილა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2020 წლის №39771 ბრძანება და №043-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.04.2021 წლის №11924 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა/გამოკვლევა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა/გამოკვლევა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №11924 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 26 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 318 756 ლარით, აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2021 წლის №043-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.01.2022 წლის №2070 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 30.06.2022 წლის გადაწყვეტილებით (№16065/2/2022) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 30.06.2022 წლის გადაწყვეტილების (№16065/2/2022) აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2022 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას, მის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 23.09.2022 წლის №043-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 16.12.2022 წლის №18178/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 წლის გადაწყვეტილების შესრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას, რაზეც გამოიცა ამავე დეპარტამენტის 21.04.2023 წლის №043-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 2.06.2023 წლის №19714/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბჭომ მიიჩნია, რომ 16.12.2022 წლის №18178/2/2022 წლის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული, ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ხსენებული გადაწყვეტილების შესრულება.

საბჭოს 2.06.2023 წლის №19714/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 67 906 ლარით, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2023 წლის №043-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნას საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რაზეც წარმოადგენს არგუმენტირებულ პოზიციას, კერძოდ:

აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ ნაცვლად შემოწმების მიერ ადრე გამოყენებული ფასნამატისა, გამოყენებულ იქნა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი 34%-ის ოდენობით, რის საფუძველზეც შესრულდა გადაანგარიშება.

ვერ დაეთანხმება ზემოაღნიშნულ პოზიციას, ვინაიდან ფასნამატის გადაანგარიშება მოხდა არასწორ ნაშთზე დაყრდნობით, იგულისხმება, რომ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა მოხდა აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არასწორად, რაც იწვევს დასაბეგრი ბრუნვის ცვლილებას.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მოხდეს სწორი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა, რაზეც გავრცელდება ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით დადგენილი ფასნამატის მიყენება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოხდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე და 97–ე მუხლებზე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის ყურადღება უნდა მიექცეს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლს, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებითა და შედეგად მიღებული სამართლებრივი აქტით დაირღვა კომპანიის კანონიერი უფლება და კანონიერი ინტერესი.

მომჩივანი მოითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ივნისის №19714/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადისა და სანქციის (ჯარიმა-საურავი) სახით დარიცხული თანხების შემცირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ არაერთხელ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

ასევე დადგენილია, რომ საბჭოს 2.06.2023 წლის №19714/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 67 906 ლარით, ხოლო, ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაწილებით, სხვადასხვა აქსესუარებით, ავტომობილების ე.წ. „ცხვირების“ დაშლის შედეგად მიღებული ნაწილებით ვაჭრობა. შემოწმების აქტით, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი 46%. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი 34%-იანი ფასნამატის გავრცელებას (მეწარმის განმარტებით მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმეების აუდირებული ფასნამატები განსაზღვრულია 29%-დან 32%-მდე, რაც ამყარებს მის პოზიციას და მოთხოვნას ინვენტარიზაციის ფასნამატთან დაკავშირებით). საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 16 დეკემბრის №18178/2/2022 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 გადაწყვეტილების შესრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, სადაც საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გავლა, რაც ესოდენ არსებითია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების (საქონლის იდენტიფიცირებისათვის) დასადგენად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება). 2023 წლის 10 აპრილის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნული გარემოებების და საბჭოს 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემცირებას დაექვემდებარა, შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი 34%-იანი ფასნამატის გათვალისწინების შედეგად.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო დასკვნაში დაფიქსირებულ პოზიციას, ვინაიდან ფასნამატის გადაანგარიშება მოხდა არასწორ ნაშთზე და განმარტავს, რომ აღნიშნულში იგულისხმება, რომ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა მოხდა აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არასწორად, რაც იწვევს დასაბეგრი ბრუნვის ცვლილებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მოხდეს სწორი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა, რაზეც გავრცელდება ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით დადგენილი ფასნამატის მიყენება.

აუდიტის დეპარტამენტი 19.10.2023 წლის №105350-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში მომჩივნის არგუმენტებზე აღნიშნავს, რომ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებისა და ნაშთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ პოზიცია არ არის დაფიქსირებული არცერთ საჩივარში, ასევე არც სატელეფონო თუ, პირადი კომუნიკაციის დროს. გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული ავტომანქანის ნაწილებით, სხვადასხვა აქსესუარებით, ავტომობილების ნაწილების - ე.წ. „ცხვირების“ დაშლის შედეგად მიღებული ნაწილებით ვაჭრობა. შემოწმების მიერ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განსაზღვრულია პირველად საგადასახადო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის თვითღირებულება განსაზღვრულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, რომლის მონაცემების გათვალისწინებითაც (ფასნამატი 34%), 2023 წლის 2 აგვისტოს გადაანგარიშების დასკვნით დაკორექტირდა - შემცირდა შემოწმებით დარიცხული თანხები (გამოიცა 2023 წლის 10 აგვისტოს №043-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა). როგორც ზემოთ აღნიშნა, დავების განხილვის არცერთ ეტაპზე, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებისა და ნაშთის არასწორად განსაზღვრაზე, გადასახადის გადამხდელის მხრიდან პოზიცია არ ყოფილა დაფიქსირებული, ასევე არც სატელეფონო თუ პირადი კომუნიკაციის დროს. შესაბამისად, გადაანგარიშების დასკვნით ცვლილება მოხდა მხოლოდ ფასნამატის ნაწილში. 2023 წლის 10 ოქტომბრის საჩივარში არ არის დაფიქსირებული კონკრეტულად რას არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელი და რა იგულისხმება რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების არასწორად განსაზღვრაში.

ამგვარად, მომჩივანი მიუთითებს საკითზე და სადავოდ ხდის გარემოებებს (შესაბამისად არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს), რაც არ დაუვალებია საბჭოს აუდიტის დეპარტამენტისათვის და ვერ აისახებოდა სადავო დასკვნაში.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადაანგარიშება განხორციელდა, გამოყენებული იქნა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი, ანუ ის პირველი მოთხოვნა, რაც აუცილებელი იყო, ფასნამატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აღსრულდა და ამ მიდგომის გამოყენებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია. მაგრამ, პრეტენზია გააჩნია ნაშთან დაკავშირებით, რომელზეც გამოყენებული იქნა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი შემმოწმებლის მიერ. კერძოდ, არაერთხელ ქონდა მოთხოვნილი, რომ დადგენილიყო სწორი ნაშთი იმ დოკუმენტების გათვალისწინებით, რაც წარდგენილი იქნა მათ მიერ თავის დროზე (დაახლოებით 15 ტ. ჯართზეა საუბარი, რომელიც ჩამოწერილია და მას არ აქვს მიღებული მონაწილეობა გაანგარიშებულ ნაშთში) მაგრამ, შემოწმების მიერ არ მოხდა გათვალისწინება და მოთხოვნილი იქნა გაშიფვრა იმისა რა საქონელს მოიცადა წარდგენილი დოკუმენტაცია, რისი განხორციელებაც შეუძლებელია. ითხოვს საშუალო ღირებულების, კერძოდ 1 ტ. საქონელზე საშუალო ღირებულების გაანგარიშებას და მიღებული შედეგის ერთობლივ შემოსავალსა და ფასნამატის გაანგარიშებაში არ გათვალისწინებას, ანუ იმ შემოსავლის დადგენას რასაც ითხოვს.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საბჭოს ბოლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშდა კერძოდ იმ ნაწილში, რაზეც იყო საუბარი და იგი ეხებოდა ფასნამატს, რაც შეეხება ნაშთს, რამდენიმე გადაწყვეტილებაა საბჭოსი, ერთხელ იქნა დასმული საკითხი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე და რამდენადაც ახსოვს, ეს საკითხი საბჭოს მიერ არ დაკმაყოფილდა. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე არაერთხელ ქონდა კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან, მაგრამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ დაფიქსირებულა (არ წარუდგენია).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საბჭოს 30.06.2022 წლის №16065/2/2022 გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება). ხოლო, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 2.06.2023 წლის №19714/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, ამდენად არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2.06.2023 წლის №19714/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.11.2019 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2020 წლის №39771 ბრძანება და №043-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.04.2021 წლის №11924 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №11924 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 26 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა , აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2021 წლის №043-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.01.2022 წლის №2070 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 30.06.2022 წლის გადაწყვეტილებით (№16065/2/2022) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 30.06.2022 წლის გადაწყვეტილების (№16065/2/2022) აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2022 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას, მის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 23.09.2022 წლის №043-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 16.12.2022 წლის №18178/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 წლის გადაწყვეტილების შესრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას, რაზეც გამოიცა ამავე დეპარტამენტის 21.04.2023 წლის №043-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 2.06.2023 წლის №19714/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბჭომ მიიჩნია, რომ 16.12.2022 წლის №18178/2/2022 წლის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული, ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ხსენებული გადაწყვეტილების შესრულება.

საბჭოს 2.06.2023 წლის №19714/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა , დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2023 წლის №043-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 2.06.2023 წლის №19714/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, ამდენად არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5);