გადაწყვეტილება №25159/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.05.2025
№ დოკუმენტი 25159/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25159/2/2025

27 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 7.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №-----/2/2025).

 

დავის საგანი:

დაუბეგრავი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის №056-1 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 17.04.2025 წლის №7296 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 5 063,14 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 4 959 საურავი - 104,14

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შეისწავლა მომჩივნის 2025 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დოკუმენტები, რომელთა შორის ელ. ანგარიშ-ფაქტურები: ეა---------, ეა---------, ეა---------, ეა---------, ეა---------, ეა---------, ეა---------, ეა---------, ეა---------, იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“.

შესწავლილ იქნა მომჩივნის 2025 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, რომლის შედეგადაც დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა 4 959 ლარის დღგ-ის თანხა.

2025 წლის მარტში მომჩივნის წარმომადგენელთან რამდენჯერმე განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია. განემარტა, რომ საჭირო იყო დეკლარაციის დაზუსტება. გადასახადის გადამხდელმა დააზუსტა დეკლარაცია, მაგრამ არ დაბეგრა სრულად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი კვლავ დაუკავშირდა გადამხდელს, თუმცა განსაზღვრულ ვადაში მომჩივანს 2025 წლის იანვრის დღგ-ის დეკლარაცია აღარ დაუზუსტებია.

შედეგად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №002545 ბრძანებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ 4 959 ლარი, რაზეც წარედგინა 2025 წლის 31 მარტის №056-1 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.04.2025 წლის №7296 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ პუნქტებზე და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ შესწავლილ იქნა 2025 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დაზუსტებულ დეკლარაციაში დასაბეგრი ბრუნვა ასახული ჰქონდა არასრულად. გარდა დეკლარირებულისა, დღგ კიდევ დამატებით შეადგენდა 4 959 ლარს. მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მხრიდან მიუხედავად გადასახადის გადამხდელთან არაერთი კომუნიკაციისა, მომჩივნის მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული თანხის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ახორციელებს ინერტული მასალებით საბითუმო ვაჭრობას და სატვირთო მანქანებით გადაზიდვის მომსახურებას. კომპანიის მიერ რეგულარულად ხდება ანგარიშგების განხორციელება და განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრა, მიმდინარე წლის იანვრის თვის დეკლარაციაში არ იყო სრულად შეტანილი დასაბეგრი ოპერაციები ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ კომპანიის მიერ ხდება დეკლარაციების დაზუსტება და აღნიშნული ოპერაციების დაბეგვრა. მომჩივანი ითხოვს 31.03.2025 წლის №056-1 საგადასახადო მოთხოვნის (31.03.2025 წლის №002545 ბრძანება), გაუქმებას. ვინაიდან ნებაყოფლობით ხდება დეკლარაციების დაზუსტება და აღნიშნული ოპერაციების დაბეგვრა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

მომჩივანი მიიჩნევს, რომ მიმდინარე წლის იანვრის თვის დეკლარაციაში არ იყო სრულად შეტანილი დასაბეგრი ოპერაციები ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ კომპანიის მიერ ხდება დეკლარაციების დაზუსტება და აღნიშნული ოპერაციების დაბეგვრა. მომჩივანი ითხოვს 31.03.2025 წლის №056-1 საგადასახადო მოთხოვნის (31.03.2025 წლის №002545 ბრძანება) გაუქმებას.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომ მომჩივანს გამოუვლინდა 2025 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დაუბეგრავი დოკუმენტები. კერძოდ, ელ. ანგარიშ-ფაქტურები: ეა------, ეა------, ეა------, ეა------, ეა------, ეა------, ეა------,ეა------, ეა------, იდენტიფიცირებულია, როგორც დაუბეგრავი. 2025 წლის მარტში მომჩივანთან რამდენჯერმე განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია. განემარტა, რომ საჭირო იყო დეკლარაციის დაზუსტება. გადასახადის გადამხდელმა დააზუსტა დეკლარაცია, მაგრამ არ დაბეგრა სრულად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი კვლავ დაუკავშირდა გადამხდელს, თუმცა განსაზღვრულ ვადაში მომჩივანს 2025 წლის იანვრის დღგ-ის დეკლარაცია აღარ დაუზუსტებია, რაზეც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის №002545 ბრძანებით, დაერიცხა დღგ 4 959 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაუბეგრავი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შეისწავლა მომჩივნის 2025 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დოკუმენტები, რომელთა შორის ელ. ანგარიშ-ფაქტურები იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“.

შესწავლილ იქნა მომჩივნის 2025 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, რომლის შედეგადაც დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა 4 959 ლარის დღგ-ის თანხა.

2025 წლის მარტში მომჩივნის წარმომადგენელთან რამდენჯერმე განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია. განემარტა, რომ საჭირო იყო დეკლარაციის დაზუსტება. გადასახადის გადამხდელმა დააზუსტა დეკლარაცია, მაგრამ არ დაბეგრა სრულად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი კვლავ დაუკავშირდა გადამხდელს, თუმცა განსაზღვრულ ვადაში მომჩივანს 2025 წლის იანვრის დღგ-ის დეკლარაცია აღარ დაუზუსტებია.

შედეგად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №002545 ბრძანებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ 4 959 ლარი, რაზეც წარედგინა №056-1 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №7296 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(3); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“);