გადაწყვეტილება № 27344/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.06.2026
№ დოკუმენტი 27344/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 27344/2/2026

16 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------15.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27344/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება და დაკისრებული სანქციების გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №007-82 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10779 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 150 814.33 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 89 530

ჯარიმა - 44 988

საურავი - 16 296.33

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობაა პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის წარმოება-რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2026 წლის №5015 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2023 წლის იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტ ტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულია სამი საკონტროლო-სალარო აპარატი, სს „----“ და სს „-----“ პოს-ტერმინალები შემდეგ მისამართზე: ------ მიმდებარედ. მომჩივნის საქმიანობა არ მოიცავს დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციებს.

შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები პოსტერმინალით და საკონტროლო-სალარო აპარატით ჯამურად შეადგენს 2 903 049 ლარს. შემოწმების შედეგებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა. მომჩივნის მიმართ გამოვლენილი იქნა საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის შემცირება. შესაბამისად, დაკორექტირდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით დაეკისრა სანქცია - ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის გამოიცა 2026 წლის 3 აპრილის №7746 ბრძანება და №007-82 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10779 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს მიმართული აქვს განცხადება საგადასახადო ორგანოსთვის თანხის გადანაწილების თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ განხილვაშია, ხოლო გასაჩივრების 30 დღიანი ვადა იწურება. გასაჩივრების ერთადერთ მიზეზს ის წარმოადგენს, რომ საბანკო ანგარიშებზე არ დაედოს საინკასო დავალება, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში კომპანია ვეღარ შეძლებს ფუნქციონირებას. ამასთან, ითხოვს დაკისრებული სანქციების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

დადგენილია, რომ შემოწმების მიერ განსაზღვრულ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობები. დადგინდა საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის შემცირება. შესაბამისად, დაკორექტირდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამდენად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

მომჩივანი განმარტავს, რომ მიმართული აქვს განცხადება საგადასახადო ორგანოსთვის თანხის გადანაწილების თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ განხილვაშია, ხოლო გასაჩივრების 30 დღიანი ვადა იწურება. გასაჩივრების ერთადერთ მიზეზს ის წარმოადგენს, რომ საბანკო ანგარიშებზე არ დაედოს საინკასო დავალება, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში კომპანია ვეღარ შეძლებს ფუნქციონირებას.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი ასევე, ითხოვს, დაკისრებული სანქციების გაუქმებას.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის პირველ ეტაპზე წარდგენილი საჩივრით მომჩივანი არ ითხოვდა დაკისრებული სანქციების გაუქმებას. მიუთითებდა, რომ მიმართული ჰქონდა განცხადება საგადასახადო ორგანოსთვის თანხის გადანაწილების თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ განხილვაშია, ხოლო გასაჩივრების 30 დღიანი ვადა იწურებოდა. გასაჩივრების ერთადერთ მიზეზს ის წარმოადგენდა, რომ საბანკო ანგარიშებზე არ დადებულიყო საინკასო დავალება, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში კომპანია ვეღარ შეძლებდა ფუნქციონირებას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10779 ბრძანებაში, საბჭოში წარმოდგენილი აღნიშნული სადავო საკითხი ასახული არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია საფუძველს იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება და დაკისრებული სანქციების გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის წარმოება-რეალიზაცია. შემოწმდა საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტ ტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები პოს-ტერმინალით და საკონტროლო-სალარო აპარატით ჯამურად შეადგენს 2 903 049 ლარს. შემოწმების შედეგებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა, შედეგად, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის შემცირება. შესაბამისად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია საფუძველს იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 158(1);159(1);163(1,2):164(1);168(1);