ბრძანება N 3959
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3959
02.03.2023
შპს „----------” (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2022 წლის 8 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „----------” (ს/ნ ----------) №76124/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ოქტომბრის №045-11 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:
1.გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს დაჯავშნის ელექტრონული პლათფორმის მეშვეობით (სპეციალური ვებგვერდი) საქართველოს ტერიტორიაზე დასვენების სურვილის მქონე უცხოელი ტურისტებისთვის სასტუმროს დაჯავშნის მარტივი და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისის შეთავაზება, ასევე, კომპანია კლიენტებს სთავაზობს უძრავი ქონების მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სერვისებს. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრას. მიუთითებს, რომ აუდიტორებმა კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება განსაზღვრეს 2015 წლის მოგების გადასახადის წლიური მონაცემების თანხების არასწორი დაჯამებისა და დაანგარიშების საფუძველზე. განმარტავს, რომ ჯავშნის მთლიანი თანხიდან კომპანიის შემოსავლად ითვლება არა სასტუმროში განთავსების მთლიანი თანხა, არამედ სასტუმროს ღირებულების გარკვეული პროცენტი. მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების არანაირი საფუძველი შემოწმებას არ ჰქონია, რადგან გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს სრულად, ასევე სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით განსაზღვრული გარემოებები. მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების გამოცემის შემდეგ, კომპანიამ შემოწმებას წარუდგინა მთელი რიგი დოკუმენტები, რომლის მიხედვით შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ჟ’’ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი და საწარმოს მიერ ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება გაეთავისუფლებინა დღგსგან. აცხადებს, რომ შემოწმებას წარუდგინეს მთელი რიგი ინვოისები, რომლის მიხედვით მათ მიერ გაწეული მომსახურება ითვლება ტურისტული პაკეტის მიწოდებად. ითხოვს აღნიშნული თანხები ამოღებულ იქნეს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნებისთვის 100 000 ლარის დათვლის სათვალავიდან და ასევე აღნიშნული მომსახურება არ დაიბეგროს დღგ-ით.
2. მომჩივანი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის არასრულად შემცირებას. მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის ნაწილში დარიცხული თანხები სრულად შეუმცირდათ, ხოლო გადაანგარიშების შედეგად შემცირდა მხოლოდ 42 103 ლარი.
3. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ის ჩათვლები არ იქნა გათვალისწინებული მთელ რიგ სასტუმრო მომსახურებაზე, რომელიც საწარმომ შეიძინა და შემდეგ მიაწოდა, როგორც ტურისტული პაკეტი. აცხადებს, რომ არ არის გათვალისწინებული შპს „----------” შეძენილ მომსახურებაზე/საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხები. ასევე განმარტავს, რომ შემოწმების პერიოდში შეძენილი აქვთ რამდენიმე უძრავი ქონება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელზეც გადახდილია ავანსის თანხა და გამოეწერებათ ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა. ითხოვს საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდგომ გამოწერილი და შემოწმების პერიოდს მიკუთვნებული ავანსის საგადასახადო ანაგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის თანხების ჩათვლებში გათვალისწინებას.
4. არ ეთანხმება საწარმოს მიერ 2015 წლის განმავლობაში გაწეული ჯავშნის საკომისიოს თანხების 2016 წელს გადმოტანას და დღგ-ით 2016 წელში დაბეგვრას. მიუთითებს, რომ შემოწმებამ ჩათვალა, რომ საწარმოს მომსახურება გაწეულად ითვლება არა ტურისტების მიერ ჯავშნის გაკეთების მომენტში, არამედ მათი საქართველოში ჩამოსვლისა და სასტუმროში დაბინავების შემდეგ, რაც გადამხდელის აზრით არასწორი მიდგომაა. მიუთითებს, რომ მათი სისტემის მეშვეობით გაიწევა სასტუმროს დაჯავშნის მომსახურება და ეს მომსახურება გაწეულად ითვლება დაჯავშნისთანავე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №17773 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 დეკემბრის №045-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2020 წლის 22 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,, 1. შპს „----------” (ს/ნ ----------) 2020 წლის 22 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მიზნით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა განახორციელოს 2016 წლის პირველი იანვრიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოს შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შპს „----------” (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისაგან.
4. მე-4 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
5. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში:
ა) მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები/არგუმენტები (მათ შორის: ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული უძრავი ქონების შესაძენად განხორციელებული ოპერაციების ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სხვ.) და შესწავლის შედეგად კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
ბ) მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
6. საგადასახადო შემოწმების აქტით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილულ იქნეს ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
7. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №17773 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 13 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 125 283 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 62 765 ლარით და ჯარიმა 62 518 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 7 ოქტომბრის №045-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა განხორციელდა 2016 წლის პირველი იანვრიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან გამომდინარე, საიტზე დაჯავშნის მომენტის გათვალისწინებით. შედეგად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად დადგინდა 2017 წლის 21 იანვარი. აღნიშნული გარემოების გამო, გადაანგარიშების შედეგად, შემცირდა შემოწმებით დადგენილი საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. საწარმოს შემოსავლების გადაანგარიშების გამო შემოწმებით დადგენილთან შედარებით გაიზარდა 2016 წლის დასაბეგრი მოგება და მოგების გადასახადის თანხა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა შემოწმების აქტით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების/არგუმენტების შესწავლის შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დაცვით, გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ოდენობა, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგად არ გამოვლენილა რაიმე ახალი გარემოება. შესაბამისად, შემოწმების აქტით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახდის გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადაანგარიშების შედეგად, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა განხორციელდა 2016 წლის პირველი იანვრიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან გამომდინარე, საიტზე დაჯავშნის მომენტის გათვალისწინებით. შედეგად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად დადგინდა 2017 წლის 21 იანვარი. ასევე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა. დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან მიმართებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების/არგუმენტების შესწავლის შედეგად, გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ოდენობა, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------” (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრას.
2. მომჩივანი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის არასრულად შემცირებას.
3. გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდგომ გამოწერილი და შემოწმების პერიოდს მიკუთვნებული ავანსის საგადასახადო ანაგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის თანხების ჩათვლებში გათვალისწინებას. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ის ჩათვლები არ იქნა გათვალისწინებული მთელ რიგ სასტუმრო მომსახურებაზე
4. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ 2015 წლის განმავლობაში გაწეული ჯავშნის საკომისიოს თანხების 2016 წელს გადმოტანას და დღგ-ით 2016 წელში დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადაანგარიშების შედეგად, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა განხორციელდა 2016 წლის პირველი იანვრიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან გამომდინარე, საიტზე დაჯავშნის მომენტის გათვალისწინებით. შედეგად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად დადგინდა 2017 წლის 21 იანვარი. ასევე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა. დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან მიმართებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების/არგუმენტების შესწავლის შედეგად, გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ოდენობა, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 275; 282; 291