გადაწყვეტილება №19872/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.09.2023
№ დოკუმენტი 19872/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19872/2/2023

04 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 5.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19872/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25274 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.02.2023 წლის №038-2 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.05.2023 წლის №11049 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 117 390 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 63 978

დღგ - 44 120

მოგების გადასახადი - 4 132

საშემოსავლო გადასახადი - 15 726

ჯარიმა - 39 605

საურავი - 13 807

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 11.03.2021 წლის №6583 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:

1. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხა (ადგილობრივი ჩასათვლელი დღგ) ჯამურად 296 927 ლარი. გადამხდელს 2021 წლის მარტსა და ივლისის თვეების დღგ-ს დეკლარაციებში არასწორად აქვს დეკლარირებული გადასახდელი და ბრუნვის კორექტირების დღგ. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 259 995 ლარი. შედეგად, შემცირდა ჩასათვლელი თანხა.

2. შემოწმების შედეგად, გადამხდელის საქმიანობიდან გამომდინარე, შესწავლილ იქნა გადამხდელის სატენდერო დოკუმენტაცია, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 2019, 2020 და 2021 წლების მიხედვით შეადგინა შესაბამისად, 416 955 ლარი, 982 760 ლარი 678 726 ლარი. სხვაობამ შეადგინა ჯამურად 50 580 ლარი. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 12.04.2022 წლის №9228 ბრძანება და №038-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25274 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შესახებ გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის თაობაზე გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25274 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 2023 წლის 17 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ - 2 270 ლარით, მათ შორის გადასახადი - 2 252 ლარი, ჯარიმა - 18 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 22 თებერვლის №3317 ბრძანება და №038-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.05.2023 წლის №11049 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25274 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ------- 2018 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიის მიერ, 2018 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული თანხის 2019 წლის იანვრის თვეში დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.05.2023 წლის №11049 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 1.01.2021 წლამდე პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1.01.2021 წლიდან პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ განმარტებაზე, სადაც მითითებულია, რომ ქ. ------- 2018 წლის 28 დეკემბერს შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტი (27,044.50 ლარი), რომელიც შემოწმების მიერ დაბეგრილია 2019 წლის იანვარში. 2019 წლის იანვარში დარიცხული დღგ-ის თანხა შესამცირებელია, ვინაიდან აღნიშნული მიღება-ჩაბარება ატვირთულია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე (საჯაროა, შემოწმების დროს ინფორმაცია/დოკუმენტაცია აუდიტის დეპარტამენტს მოპოვებული აქვს ამავე ვებგვერდზე), რომლითაც დასტურდება, რომ შესრულებული სამუშაოს დასაბეგრ პერიოდს წარმოადგენს 2018 წლის დეკემბრის თვე. გადაანგარიშების პროცესში ------- დამატებით დააზუსტა შესრულებული სამუშაოს დრო და წერილით (ცნობით) დაადასტურა რომ (შუალედური) სამუშაო განხორციელდა 2018 წლის დეკემბერში. აღნიშნული წერილი თან ერთვის საჩივრებს. ------- წერილის თანახმად, ------- 2.12.2018 წელს გაფორმებული №343 ხელშეკრულების ფარგლებში (ქალაქ -------, 2018 წლის 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს განვითარებული სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენითი სამუშაოები), 2018 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიამ შუალედურად შეასრულა 27 004,50 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაზედაც გაფორმებულია შესაბამისი მიღება-ჩაბარების (შუალედური) აქტი №1.

შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ ვინაიდან ------- წერილით დასტურდება, რომ 2018 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით საწარმოს შუალედურად შესრულებული აქვს 27 004,50 ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელზეც შედგენილია 2018 წლის 28 დეკემბრის მიღებაჩაბარების აქტი, აღნიშნული ოპერაციის 2019 წლის იანვრის თვეში დაბეგვრა არამართლზომიერია.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25274 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ------- 2018 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიის მიერ, 2018 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული თანხის 2019 წლის იანვრის თვეში დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები უნდა დაუქვემდებაროს შემცირებას.

რაც შეეხება ------- მიერ 2019 წლის 15 მაისსა და 21 ივნისს ჩარიცხული თანხების დღგით დაბეგვრას, შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ------- 2019 წლის მაისის თვეში გადასახადის გადამხდელს ჩაურიცხა 11 917.45 ლარი, რომელზეც არის ასევე მიღება-ჩაბარების აქტიც და შემოწმებით დღგ-ით დაიბეგრა ამავე თვეში. ხოლო ივნისში შემოწმებით დღგ-ით დაბეგრილი თანხა სრულად წარმოადგენს ამავე თვეში სხვა საწარმოსგან ჩარიცხულ თანხას, რომლის საფუძველია - შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი არგუმენტი/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნია, რომ განსახილველი საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ როდესაც ------- დაადგინა, რომ 2019 წლის მაისში ჩარიცხული თანხები იყო შეცდომით (წარმოდგენილია წერილი -------) ჩარიცხული, ითხოვა თანხის უკან გადარიცხვა. კომპანიას მაგ დროისათვის ანგარიშზე თანხა არ ჰქონდა (დგინდება ბანკის ამონაწერებით), რის გამოც ისესხა სხვა კომპანიისაგან, რომელმაც საბანკო გადარიცხვის საფუძველში შეცდომით მიუთითა „შესრულებული სამუშაოს ღირებულება“. აღნიშნული კომპანიისათვის სამუშაოები არ შეუსრულებია, არც შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტები არ აქვს გამოწერილი. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 20 ივნისს ნასესხები აქვს 11 917,45 ლარი და ზუსტად 11 917,45 დაბრუნებული აქვს -------. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება დამატებით დაბეგრილ თანხებს, რის გამოც ითხოვს სრულად შემცირდეს ამ პერიოდებზე დარიცხული დღგ-ის თანხა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებებით დგინდება, რომ შესამცირებელია დღგ-ით დასაბეგრი ბაზა, რის გამოც ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებებით შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25274 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შესახებ გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის თაობაზე გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25274 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 2023 წლის 17 თებერვლის დასკვნის მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, რომ შპს „-------“-სთვის მიღებულ ავანსზე გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ-------), რომელიც შემოწმებით განაშთულია 2021 წლის მარტისა და ივლისის თვეებზე, რომლიდანაც დღგ-ის თანხა 2 252 ლარი კიდევ არის გასანაშთი. აღნიშნული განაშთულია მომსახურების მიმღების მიერ 2022 წლის დეკემბერში. ამასთან, წარდგენილი მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული მომსახურება გაწეულია სრულად, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა დასაბეგრი ბრუნვის შემცირება, გადამხდელის მიერ სხვა დამატებითი მასალა/მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა რითაც შესაძლებელი გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

2. ამასთან, დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ სათანადო დოკუმენტაცია არ წარდგენილა, შესაბამისად ამ ნაწილში განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ - 2 270 ლარით, მათ შორის გადასახადი - 2 252 ლარი, ჯარიმა - 18 ლარი.

შემოსავლების სამსახურის 18.05.2023 წლის №11049 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25274 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ------- 2018 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიის მიერ, 2018 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული თანხის 2019 წლის იანვრის თვეში დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა, გასაზიარებელია შემოსავლების სამსახურის 18.05.2023 წლის №11049 ბრძანება და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 18.05.2023 წლის №11049 ბრძანებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.05.2023 წლის №11049 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.05.2023 წლის №11049 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ზემოაღნიშნულის, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა, გასაზიარებელია შემოსავლების სამსახურის 18.05.2023 წლის №11049 ბრძანება და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174; 175; 275; 158; 159; 163(1,2); 164(1); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160(ა); 161(1-ა);