გადაწყვეტილება №21165/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.02.2024
№ დოკუმენტი 21165/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21165/2/2023

13 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 26.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21165/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10733 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.06.2023 წლის №006-270 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21514 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 235 914,54 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 118 389

დღგ - 22 947

მოგების გადასახადი - 95 442

ჯარიმა - 58 832

საურავი - 58 693,54

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 30.09.2020 წლის აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 24.10.2017 წლიდან 1.09.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2020 წლის №006-586 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.03.2021 წლის №6124 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 22.04.2021 წლის №12632/2/2021 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 9.03.2021 წლის №6124 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 15.10.2021 წლის №32650 ბრძანებით ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირების და გაანგარიშების პროცესში გასათვალისწინებელი მონაცემების საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა, ასევე, ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირების საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.10.2021 წლის №32650 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 4.02.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც გამოიწვევს აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას, აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აუდიტის დეპარტამენტის 4.02.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 10.02.2022 წლის №006-25 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.06.2022 წლის №15818 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 3.11.2022 წლის №17322/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 22.06.2022 წლის №15818 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 3.11.2022 წლის №17322/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 15.05.2023 წლის №10733 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ფულადი სახსრების ნაშთის ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირების საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10733 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების პროცესში გაანალიზებულ იქნა სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად: „საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შედეგად გამოანგარიშებული შემოსავალი არსებითად აღემატება საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით დაფიქსირებულ შემოსავალს. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნა-განმარტების წარდგენის შემთხვევაში, მისი განმარტების შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ შემოსავალსა და სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაფიქსირებულ შემოსავალს შორის დადებითი სხვაობის თანხა დაკვალიფიცირდება, როგორც შესაბამისი პერიოდის ბოლო გაცემული: ა) პროცენტიანი ან უპროცენტო სესხი; ბ) დივიდენდი; გ) ხელფასი“.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შემდგომ გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საჩივარში წარმოდგენილია გადამხდელის პოზიცია სალაროში არსებული ნაშთის კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული უნდა განხილულიყო დირექტორზე გაცემულ სესხად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სალაროს ნაშთის ხელფასის სახით განაცემის კვალიფიკაცია შეიცვალა დირექტორზე გაცემულ სესხად, შესაბამისად, შემცირდა გადასახადი 135 210 ლარი და ჯარიმა 67 605 ლარი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, ხოლო მოგების გადასახადში დაერიცხა გადასახადი 95 442 ლარი და ჯარიმა 47 721 ლარი.

მიმდინარე გადაანგარიშების შედეგად შემცირდა ასევე საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 16.06.2023 წლის №006-270 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21514 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ვინაიდან, საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებით ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით სალაროს ნაშთის ხელფასის სახით განაცემის კვალიფიკაცია შეიცვალა დირექტორზე გაცემულ სესხად, შესაბამისად, დაკორექტირდა დარიცხული თანხები. მიმდინარე გადაანგარიშების შედეგად შემცირდა ასევე საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 59 752 ლარით, მათ შორის, გადასახადი 39 768 ლარით, ჯარიმა 19 984 ლარით. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტისთვის არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიუღებელია აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გაანგარიშება ვინაიდან აღნიშნული საკითხი არ იყო გავლილი გადამხდელთან ერთად. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან შედგა სატელეფონო კომუნიკაცია, რომლის დროსაც გადასახადის გადამხდელის მხრიდან მიწოდებული იყო ინფორმაცია, რომ მიღებული ანგარიშ-ფაქტურებით გაწეული ხარჯი შეადგენს 127 802 ლარს, მიღებული სპეც ანგარიშ-ფაქტურებით გაწეული ხარჯები შეადგენს 33 504 ლარს, გაცემული დეკლარირებული ხელფასი შეადგენს 38 350 ლარს, მხოლოდ ამ ნაწილით დადგენილი დოკუმენტური ხარჯები შეადგენს 199 656 ლარს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილია, რომ გამოსაქვითმა დოკუმენტურმა ხარჯებმა შეადგინა 170 021 ლარი. - აღნიშნული ინფორმაცია ფიქსირდება შემოსავლების სამსახურის ბაზებში და ამის შესახებ დამატებით რაიმე ფორმით ინფორმაციის წარდგენა არ ჩაითვალა მიზანშეწონილად;

- აღნიშნულთან საკითხებთან დაკავშირებით მოთხოვნილი იყო, რომ გადამხდელის მონაწილეობით მოხდეს საკითხის გავლა, მოხდეს დოკუმენტური ხარჯის მოცულობაზე შეჯერება (ვინაიდან იგი შედგება პირველადი დოკუმენტებისაგან), არადოკუმენტური ხარჯის დადგენისთვის გამოყენებულ იქნეს №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო, დაზუსტებული საკასო ხარჯების გათვალისწინებით მოხდეს სალაროს უძრავი ნაშთის განსაზღვრა პერიოდების მიხედვით და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს დასაბეგრი ბაზის ფორმირება როგორც მოგების გადასახადის, ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში;

- ასევე მოთხოვნილი იყო გადასახადის გადამხდელის უშუალო მონაწილეობით მომხდარიყო სალაროში არსებული ნაშთის კვალიფიკაციის შეცვლა, მოხდეს კაპიტალში შეტანილი თანხის გათვალისწინება გაანგარიშების პროცესში, სწორად იქნეს განსაზღვრული პერიოდების მიხედვით საკასო ხარჯი და მხოლოდ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება შემცირების გზით;

- ამასთანავე მოთხოვნილი იყო სალაროში არსებული ნაშთის შესწავლა განხორციელებულიყო შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში შესული ცვლილებების გათვალისწინებით; - მოთხოვნილი იყო გადასახადის გადამხდელის უშუალო მონაწილეობით საკითხის შესწავლა და კიდევ ერთხელ სწორად დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით საკითხის გადაანგარიშება. როდესაც აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების გამოცემის შემდგომ არ მომხდარა გადამხდელის მიერ დაკავშირება და თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება, ყველა საჩივრის ეტაპზე მოთხოვნილი იყო მონაწილეობა და პირიქით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა გადამხდელთან დაკავშირება დასკვნის მომზადების დროს.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10733 ბრძანებით დავალებული იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით ეხელმძღვანელა აუდიტის დეპარტამენტს, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს სალაროში დადგენილი ნაშთი განხილულ იქნეს: ა) პროცენტიანი ან უპროცენტო სესხის სახით; ბ) დივიდენდის სახით; გ) ხელფასის სახით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა თვითნებური გადაწყვეტილების მიღება, რომლის შედეგადაც არ გაითვალისწინა უპირველესად გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული ხარჯის დოკუმენტები არ წარდგენის მოტივით (არადა ეს ხარჯები არის დოკუმენტური ხარჯები, რომელიც ელექტრონულ პორტალზე ისედაც ჩანს: ანგარიშ-ფაქტურა, სპეც ანგარიშ-ფაქტურა და ხელფასი) და სალაროს ვირტუალური ნაშთი განიხილა პირდაპირ უპროცენტო სესხად, რითაც დაზარალდა გადამხდელის ინტერესები, კერძოდ:

- გადამხდელთან დაკავშირების შემთხვევაში მარტივად მოხდებოდა ხარჯების იდენტიფიცირება, რითაც მოხდებოდა სალაროს ვირტუალური ნაშთის შემცირება;

- შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით განსაზღვრულია, რომ გადამხდელის მოთხოვნით შესაძლებელია ვირტუალური ნაშთის ნაწილი დაკვალიფიცირებულიყო დივიდენდად, რაც საშუალებას მისცემდა გადამხდელს ჩაეთვალა 2008-2016 წლებში გადახდილი მოგების გადასახადი, რომელიც შეადგენს 53 732 ლარს;

- დანარჩენი თანხა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, განხილულიყო სესხად.

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულსამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მომჩივნის მონაწილეობით უნდა მოხდეს საკითხის შესწავლა, მოხდეს ზემოთ დაფიქსირებული პოზიციების შეჯერება შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება შემცირების გზით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მათ შორის საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დარიცხულ ჯარიმებთან დაკავშირებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, კომპანია უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10733 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირების საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების პროცესში გაანალიზებულ იქნა სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შემდგომ გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საჩივარში წარმოდგენილია გადამხდელის პოზიცია სალაროში არსებული ნაშთის კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული უნდა განხილულიყო დირექტორზე გაცემულ სესხად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სალაროს ნაშთის ხელფასის სახით განაცემის კვალიფიკაცია შეიცვალა დირექტორზე გაცემულ სესხად. გადაანგარიშების შედეგად შემცირდა ასევე საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი იქნა სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და გადაანგარიშებული იქნა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10733 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი. მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის 7 №10733 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10733 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 16.06.2023 წლის №006-270 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21514 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 982; 101; 154.